“იმედგაცრუებულნი ვართ, რომ წავაგეთ. საწყისი 20 წუთი ძლიერად ჩავატარეთ, მაგრამ ორი თამაშია გოლის გატანის რეალურ შანსებს ვერ ვიყენებთ. თუ არ გაიტან ვერ მოიგებ. გერმანელებმა კარგად ითამაშეს დაცვაში, სადაც სივრცეები შეგვიზღუდეს. მოედნის ცენტრში გვაჯობეს. მეორე ტაიმში შევეცადეთ სიტუაცია გამოგვესწორებინა და მოედანზე ჰუნტელაართან ერთად ვან დერ ვაარტი შევიყვანე. რობენს თამაში არ გამოუვიდა. ჩვენს კარში გატანილი ორივე გოლის დროს მცველები შეცდნენ. გერმანია კარგი გუნდია. შემოქმედებითი თამაში შეუძლია და შეგვიძლია ტურნირის ფავორიტად ჩავთვალოთ. თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ჯგუფიდან გასვლის ერთი შანსი დაგვრჩა და ვიდრე ის არსებობს უნდა ვიბრძოლოთ. თუ პორტუგალიას ორი ბურთის სხვაობით დავამარცხებთ, მაშინ მომდევნო ეტაპზე გავალთ. ჩვენ ეს შეგვიძლია” – განაცხადა გერმანიასთან წაგებული (1:2) მატჩის შემდეგ, ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბერტ ვან მარვიიკმა.
ჰოლანდიელები პროფესიონალები არიან და ჯგუფიდან გასვლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ, მაგრამ ასეთი თამაშით რაც გერმანიასთან აჩვენეს, ცოტა ძნელი სავარაუდოა 1/4-ფინალში რომ მოხვდნენ. თუ არ ჩავთვლით საწყის 20 წუთს, როდესაც ვან პერსიმ ორჯერ გოლის გატანის რეალური შანსი გაუშვა ხელიდან, დარჩენილი დროის მანძილზე გერმანელები თამაშს სრულად აკონტროლებდნენ. ორი უმაღლესი დონის გუნდის დაპირისპირებაში ბუნდესნაკრების “ვარსკვლავებმა” დაჯაბნეს ჰოლანდიელი ოპონენტები და მატჩის საბოლოო შედეგიც დიდ წილად ამან განაპირობა. მოედნის ცენტრში შვაინშტაიგერის, ხედირასა და ოზილის სამეულმა აშკარად აჯობა ვან ბომელის, დე იონგისა და სნეიდერის ტრიოს. შვაინშტაიგერმა გარდა იმისა, რომ გასაქანი არ მისცა სნეიდერს, ორი საგოლე პასიც მიითვალა.
“ხედირასთან და იოზილთან ერთად კარგად ითამაშა შვაინშტაიგერმა. მან სნეიდერს თამაშის საშუალება არ მისცა. ის კარგ ფორმაშია და 90 წუთის განმავლობაში სრული დატვირთვით თამაში შეუძლია” – განაცხადა ლიოვმა მატჩის მერე.
დაცვაში გერმანელებმა მეტოქის შემტევ ტრიოს მოქმედების არეალი შეუზღუდეს და ჰოლანდიელები ჩვეულებისმამებრ მწვავედ ვეღარ უტევდნენ. არიენ რობენს გერმანელთა თავკაცმა ფილიპ ლამი მიამაგრა, რომელმაც ჰოლანდიელ გარემარბს ფეხი არ “გაანძრევინა”. ისე ვინ თუ არა, როგორც ლამმა იცის რობენის ძლიერი და სუსტი მხარეები. პრეს-ლოჟიდან კარგად ჩანდა თუ როგორ ამოჰყვებოდა ხოლმე ლამი მეტოქეს, როდესც ის ბურთის მისაღებად საკუთარ ნახევარზე იხევდა. რობენმა რამდენიმეჯერ ფლანგიც გაუცვალა აფელაის, მაგრამ შეტევის მარცხენა ფლანგზე ბოატენგს ვერაფერი დააკლო. ასეთი ინერტული რობენი ალბათ დიდი ხანია ბევრს არ უნახავს და ამიტომ, შეცვალა კიდეც ვან მარვიიკმა.
საერთოდ, ჰოლანდიელთა შუა ხაზმა ძალიან სუსტად ითამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ, ვან ბომელი და აფელაი მოედანზე აღარ გასულან. მთელი თამაშის განმავლობაში სტადიონიდან კარგად ჩანდა, თუ როგორ ეძებდა ვან მარვიიკი მისთვის სასურველ ტაქტიკურ მონახაზს და ბოლოს ვან პერსის ცენტრში ჰუნტელაარი შეუწყვილა, მარცხენა ფლანგზე სნეიდერმა გადაინაცვლა, ხოლო მარჯვენაზე რობენი თამაშობდა. თითქოს ამ ცვლილებამ შედეგი გამოიღო და ვან პერსიმ, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთხელ დაუსხლტა ჰუმელსს, გოლიც გაიტანა, მაგრამ ეს იყო და ეს.
როგორც დანიასთან, ასევე, გერმანიასთან მატჩის წინ ვან მარვიიკს რამდენიმეჯერ ჰკითხეს, ითამაშებდა თუ არა იორის მატიისენი. მართლაც, გერმანელების წინააღმდეგ მან ვლაარის მაგივრად დაცვის ცენტრში მატიისენი დააყენა, მაგრამ ამით ნამდვილად ვერ იხეირა. პირველი გოლის დროს სწორედ მატიისენი და ჰეიტინგა “ჩავარდნენ”, რითაც გომესმა საუცხოოდ ისარგებლა. გერმანელი ფორვარდი საჯარიმოში კარგად გაიხსნა, ერთი მოძრაობით ბურთიც მოირგო და ანგარიში გახსნა. მართალია, მას ხშირად აკრიტიკებენ, რომ ბევრ საგოლე მომენტს აფუჭებს, მაგრამ მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გომესი მართლაც მაღალ დონეზე თამაშობს. ამის დასტურია, რომ გერმანელებიდან გოლები ჯერჯერობით მას გააქვს და ორ მატჩში მეტოქეთა კარი უკვე სამჯერ აიღო. მეორე გოლის დროსაც გომესი კარგად დაუსხლტა ვილიამსს და მახვილი კუთხიდან დაარტყა – ისე სტეკელენბურგს მართებდა გუნდის გადარჩენა.
გერმანია-ჰოლანდიიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ გომესი დაასახელეს და ტურნირის ოფიციალური სპონსორის “კარლსბერგის” მიერ დაწესებული პრიზი საპრესკონფერენციო დარბაზში მას ლეგენდარულმა დანიელმა ფეხბურთელმა ალან სიმონსენმა გადასცა.
“ძალიან დაძაბული და რთული თამაში იყო. დასახული ამოცანა შევასრულეთ და 1/4-ფინალში გავედით. მიხარია, რომ ყველაფერი ასე კარგად გამოვიდა. ბასტიანმა ფანტასტიკური პასები მომცა. მომავალი თამაშის მოგებაც გვინდა” – თქვა გომესმა.
განვლილ მატჩში იოაჰიმ ლიოვმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია და ვან მარვიიკს პირადი დუელი მოუგო. მან კარგად უწყის ჰოლანდიის შემტევი პოტენციალის შესახებ და ამიტომ, მეტოქეს სივრცე მაქსიმალურად შეუზღუდა. საბოლოოდ, ამან თავისი შედეგი გამოიღო.
“ჩვენ უკვე 1/4-ფინალში ვართ. რთული თამაში იყო. ძალიან ცხელოდა და მოძრაობა ჭირდა. დაცვაში ძლიერად ვითამაშეთ. ჰოლანდია ცდილობდა თავის სტილში შეეტია, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცით. ვან პერსის გოლის შემდეგ, მეტოქეს უკვე აღარ ჰქონდა ძალა, რომ თამაში შემოეტრიელებინა. მეორე ტაიმში კიდევ ერთი გოლის გატანა შეგვეძლო. დანიასთან შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, მაგრამ ჯერ არ ვიცი, რომელ ფეხბურთელებს შევცვლი. არ ვფიქრობ, რომ ბევრ ცვლილებას მოვახდენ” – განაცხადა პრესკონფერენციაზე ლიოვმა.
ლიოვი გერმანელი კი არის, მაგრამ ძალიან ემოციურია. თითოეულ ეპიზოდს ემოციურად აღიქვამს და სათადარიგოთა სკამიდან მოედნის კიდემდე არაერთხელ მიირბინა. პირველ ტაიმში, როდესაც მისი გუნდი 2:0 იგებდა, აუტის მომწოდებელ ბიჭს უკნიდან “მიეპარა” და იღლიიდან ბურთი გააგდებინა, თან გულიანად გაიცინა თავის ხუმრობაზე. კარგ ხასიათზე ყოფნის მიზეზი კი ჰქონდა.
ხშირად კადრში არ ხვდება ისეთი ეპიზოდები, რასაც უშუალოდ ტრიბუნიდან დააფიქსირებ. მაგალითად, პირველ ტაიმში, როდესაც რობენმა ბადშტუბერთან საჰაერო ორთაბრძოლის დროს თავი დაიზიანა და ექიმები წამლობდნენ, დირკ კიუიტმა თანაგუნდელს წყალი მიურბენინა. იგივე, მათს ჰუმელსმა, რომ “გაარღვია” ჰოლანდიელთა დაცვა და ორი ცდით გოლი ვერ გაიტანა, მატიისენმა და ვან დერ ვაარტმა კინაღამ ერთმანეთი “დაჭამეს”. თამაშის მერე, სნეიდერმა ხელები თავში შემოირტყა და თანაგუნდელების დასაწყნარებელი გახდა. ყველაზე ემოციურად ის გამოხატავდა მარცხით გამოწვეულ ტკივილს.
დაბოლოს გეტყვით, რომ ჰოლანდია-გერმანიის დაპირისპირებას 37750 გულშემატკივარი დაესწრო. ადგილობრივი დიქტორმა გამოაცხადა, რომ მატჩზე დასაწრები ყველა ბილეთი გაყიდული იყო.
ლაშა თაბაგარი, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი ხარკოვიდან
ავტორის ფოტოები









