საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ერთთვიანი იაპონურ-კორეული შეკრებებიდან თბილისში სამიოდ დღის წინ დაბრუნდა. 30 მარტს გუნდი გერმანიაში შეიკრიბება. 8 აპრილიდან კი 10 დღით მონღოლეთში დაბანაკდება. უცხოური შეკრებების შემდეგ პეტერ ზაიზენბახერი შეგირდებს ჩელიაბინსკში იახლებს, ევროპის ჩემპიონატზე (26-28 აპრილი). სალიცენზიო მარათონის დასკვნითი ტურნირისა და ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისზე “მსოფლიო სპორტი” ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს, ვარლამ ლიპარტელიანს ესაუბრა.
- ბოლო თვეებში ინტენსიურად გიწევთ ტურნირებსა და შეკრებებში მონაწილეობა. გადატვირთულმა რეჟიმმა ხომ არ დაგღალათ?
- ოლიმპიური წელია და მართლაც განსაკუთრებულ რეჟიმში ვემზადებით, მაგრამ გადაღლის მომენტი ამ ეტაპზე არ არსებობს. ფიზიკურადაც კარგად ვარ და ტექნიკა-ტაქტიკაზეც მიზანმიმართულად ვმუშაობ. სარეიტინგო ტურნირებზე ნაჩვენები საერთო შედეგით კმაყოფილი ვარ, თუმცა შიგადაშიგ იყო ხარვეზები და ახლა მთავარი მიზანი ამ ხარვეზების გამოსწორებაა.
- იაპონური და კორეული შეკრებით კმაყოფილი დარჩით?
- ძალიან სასარგებლო იყო, ამაში ნაკრების სხვა წევრებიც დამეთანხმებიან. იაპონიაში საფრანგეთის, ჰოლანდიის, გერმანიის, შვეიცარიის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის ნაკრებებთან ერთად ვვარჯიშობდით. მასპინძლები სულაც სამი შემადგენლობით იყვნენ და ჩემი წონის სამ გამორჩეულ ძიუდოისტთან: დაიკი და მასაში ნიშიამებთან და ტაკაში ონოსთან ყოველდღიურად მქონდა შეხება. ამ სამეულზე წინ მსოფლიოს რეიტინგში მხოლოდ ჯარჯი ზვიადაურია. 100 კილოგრამი წონითი კატეგორიის ვარსკვლავებთან, ტაკამასა ანაისთან და ჰენკ ხროლთანაც ხშირად ვჭიდაობდი. კორეაში სპარინგ პარტნიორებად დაე-ნამ სონგი და კიუ-ვონ ლი მყავდნენ. ვფიქრობ, ეს ვარჯიშები სამომავლოდ სასიკეთოდ უნდა წამადგეს.
- ნაკრების სხვა წევრებიც კმაყოფილები არიან. ამბობენ, გუნდში შიდა სიტუაცია უფრო მშვიდია, ვიდრე ადრე იყო და სამუშაო პროცესიც გაცილებით სასიამოვნო გახადაო...
- მართლა ასეა. მთავარმა მწვრთნელმა აბსოლუტურად შეცვალა სპორტსმენებისადმი მიდგომა. თუ აქამდე ტრავმირებულ ძიუდოისტებსაც კატეგორიულად აძალებდა სრული დატვირთვით ვარჯიშს, ახლა გაცილებით ლმობიერი გახდა. ჩვენს შეხედულებას მეტ პატივს სცემს. შესაბამისად, ყველანაირი დაძაბულობა მოიხსნა და მოვალეობის მოხდის მიზნითაც აღარავინ ვარჯიშობს.
- აზიური შეკრებისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვებაზე თვითონ გიწევდათ ზრუნვა და ძირითადად მშრალ საკვებს იღებდით.
- ამ მხრივ მართლაც იყო პრობლემა. არა მარტო ქართველებისთვის, კიდევ რამდენიმე ქვეყნის დელეგაციისთვისაც. ცხოვრების ხარჯებში კვება არ შედიოდა და დილა-საღამოს ხან მზა საჭმელს ვყიდულობდით, ხან თავად ვამზადებდით, შუადღით კი უნივერსიტეტის სასადილოში ვსადილობდით.
- ევროპის ჩემპიონატამდე ნაკრებმა კიდევ ორი შეკრება უნდა გაიაროს და ორივე უცხოეთში. ბევრი სპეციალისტი ფიქრობს, რომ ქვეყნიდან ქვეყანაში ასეთი ხშირი ფრენა გუნდის წევრთათვის სასარგებლო ვერ იქნება. ეთანხმებით?
- შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ როგორც ვიცი, სხვა ქვეყნის ნაკრებებიც მსგავს რეჟიმში ემზადებიან. ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, უკეთესი იქნებოდა, შეკრებებს საქართველოში ვუმასპინძლოთ, მაგრამ ეს დღესდღეობით ნაკლებად რეალურია.
- ბოლო შეკრებაზე მუხლი იტკინეთ და ბოლომდე ვერ დაიტვირთეთ. ამჟამად როგორ ხართ?
- საგანგაშო არაფერი ყოფილა. ვარჯიშისას მსუბუქი ტრავმა მივიღე და მხოლოდ ერთი დღით ვერ შევედი ტატამზე. სამაგიეროდ ის დღე ფიზიკურ ვარჯიშს დავუთმე.
- ძირითადი ყურადღება როგორ ვარჯიშებს დაეთმო?
- ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე კომპონენტზე იყო გამახვილებული ყურადღება. თანაბრად ვიტვირთებოდით როგორც შტანგაზე ვარჯიშით, ისე ტატამზე. გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვები უკვე ისტორიას ჩაბარდა. კარგი იყო, თავიდანვე ასე ყოფილიყო.
- ბევრი თვლის, რომ სწორედ ზედმეტმა ფიზიკურმა დატვირთვამ იმოქმედა ცუდად თქვენს ჭიდაობაზე...
- ასეცაა. თუმცა ამჯერად ეს პრობლემა აღარ არსებობს. ჯერ კიდევ იაპონურ შეკრებაზე გამგზავრების წინ ვისაუბრე მთავარ მწვრთნელთან და შევთანხმდით, რომ შტანგაზე მხოლოდ ზომიერად ვივარჯიშებდი.
- ევროპის ჩემპიონატამდე თვეზე ნაკლები რჩება. ტურნირს საუკეთესო ფორმაში ხვდებით?
- ვეცდები ასე იყოს, თუმცა პეტერ ზაიზენბახერის მიერ შემუშავებული მოსამზადებელი გეგმა არა ევროპირველობაზე, არამედ ოლიმპიურ თამაშებზეა გათვლილი. არც მალავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე შედეგზე ნაკლებად ფიქრობს. მთავარია, ლონდონში ფორმის პიკზე მყოფი გუნდი ჩავიყვანოო.
- მაინც ვის მიიჩნევთ ჩელიაბინსკში მთავარ კონკურენტებად?
- პირველყოვლისა ჯარჯი ზვიადაურს, რუსებს – დენისოვს და ვოპროსოვს, აზერბაიჯანელ მამადოვს და შვედ ნიმანს. ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლამდე სულ ცოტა მაკლდება და შევეცდები ამჯერად ტიტულის მოსაპოვებლად ყოველმხრივ მზად ვიყო.
ოთარ მაღლაკელიძე







