ბოლო თვეებში ბულგარეთის პრესა ხშირად წერს საქართველოსადმი მეგობრულად განწყობილ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე დავით კვარაცხელიაზე. მისი სახელი ჩემთვის ცნობილია ჯერ კიდევ სოხუმიდან - 1992-93 წლების ომამდე ის ბიზნესმენი იყო და აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.
მიმდინარე წელს დავითს მნიშვნელოვანი მიღწევები აქვს საკმაოდ წარმოსადგენ ტურნირებზე ბულგარეთში. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ ქ. ვარნაში მცხოვრები დ.კვარაცხელია მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ ევროპის თასის შესარჩევ ეტაპზე, რომელიც 6-7 სექტემბერს გაიმართება ქალაქ სლივენში (ბულგარეთი). ჩვენ ბატონ დავითს სკაიპით დავუკავშირდით.
ბატონო დავით, პრესისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ბევრმა იცის ბულგარეთში თქვენი წარმატებების შესახებ. მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ აღმოჩნდით ბულგარეთში და როგორ გახდით ავტომრბოლელი?
– მე 55 წლის ვარ, დავიბადე ზუგდიდში, მაგრამ მთელი ჩემი ბავშვობა სოხუმში გავატარე, სადაც ჩვენ გვქონდა საკუთარი სახლი. სკოლის დასრულების შემდეგ გადავედი საცხოვრებლად სოხუმში, ჩავირიცხე იქ საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, 1978 წელს დავქორწინდი სოხუმელ ლალი კუტალაძეზე. 1982 წელს დავამთავრე ზემოხსენებული ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი სპეციალობით “ინჟინერ-მექანიკოსი” და შემდეგ ვმუშაობდი სოხუმში, რკინიგზის სისტემაში. 1986 წელს დავიცავი სამეცნიერო ხარისხი (თბილისში) და გავხდი ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი. 1980-იანი წლების მიწურულს სოხუმის საფინანსო ბირჟის ერთერთი დამფუძნებელი ვიყავი, ვმონაწილეობდი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მოძრაობაში, ვიყავი საქართველოს ჰელსინკის კავშირის სოხუმის განყოფილების ერთერთი დამფუძნებელი…
ჭაბუკობაში ძალიან მხიბლავდა ყველაფერი რაც აკრძალული ან შეზღუდული იყო: ხშირად დავდიოდი ეკლესიაში სოხუმში, მიყვარდა იმ დროისათვის აკრძალული საზღვარგარეთული სიმღერები, ვკითხულობდი და ვავრცელებდი სამიზდატის გამოცემებს.
– ავტორბოლები ხომ არ ყოფილა მაშინ აკრძალული?
– აკრძალული არ ყოფილა, მაგრამ ყველაფერი ერთეული ადამიანების ენთუზიაზმზე იყო დამოკიდებული... მე ჭაბუკობიდან ავტორბოლით ვიყავი გატაცებული, ვმონაწილეობდი დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში გამართულ შეჯიბრებებში, რომლებიც იმართებოდა “დოსააფ”-ის ხაზით. მამაჩემი ვლადიმერ კვარაცხელია 1970-80-იან წლებში ზუგდიდის “დოსააფ”-ში მუშაობდა, ერთერთი ხელძღვანელი იყო. მისი სიყვარული ავტოსპორტისადმი მეც გადმომეცა. 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში ბიზნესში მიღწეული წარმატებების მიუხედავად, მე მაინც სერიოზული ავტორბოლების ორგანიზებით ვიყავი აღტკინებული. 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში დაწყებულმა ომმა სრულებით შეცვალა ჩემი და ასიათასობით ადამიანის გეგმები. ომის პირველ თვეებში ჩემ მეგობრებთან ერთად სოხუმის მაცხოვრებელთა სურსათით უზრუნველყოფაზე ვმუშაობდი, ვეხმარებოდით ყველა სოხუმელს, მიუხედავად ეროვნებისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და ასაკისა. გაგრაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების (1992 წლის ოქტომბრის დასაწყისი) და სოხუმისათვის რეალური საშიშროების გამოაშკარავების შემდეგ მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით საქართველოს შეიარაღებული ძალების სოხუმის ბრიგადის მესამე ბატალიონი, რომელიც სხვა ქვედანაყოფების მხარდამხარ იმყოფებოდა ფრონტის ხაზზე და უზრუნველყოფდა სოხუმის დაცვას. 1993 წლის ივლისის ბოლოს ომში გამოცხადებული ზავის დროს მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი გავემგზავრეთ ბულგარეთში ჩვენს დიდი ხნის ბულგარელი მეგობრებთან, რომლებსაც სსრკ-ში მათი ცხოვრების პერიოდიდან ვიცნობდით. სოხუმელები ვიმედოვნებდით, რომ ზავის პერიოდში პოლიტიკოსები მოახერხებდნენ კომპრომისების მიღწევას და მშვიდობის დამყარებას. დროებით გავემგზავრეთ ბულგარეთში იმისათვის, რომ ბიზნესი გვეკეთებინა და იქიდან დავხმარებოდით სოხუმს აღდგენასა და განვითარებაში. 1993 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში კი ომი და სოხუმზე შეტევებიც განახლდა. ჩემი მეუღლე ლალი კუტალაძე და ქალიშვილები ეკა და სოფიკო (მაშინ ისინი 13 და 6 წლისანი იყვნენ) სოხუმში იმყოფებოდნენ, ქალაქის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე ისინი თვითმფრინავით გამოფრინდნენ თბილისში. 1993 წლის ბოლოს მათ შეძლეს ჩემთან ბულგარეთში ჩამოსვლა. მაშინ, ყველას ვისაც აფხაზეთის ომი ქონდა გამოვლილი და მთელ მსოფლიოში იყო გაფანტული, მატერიალურად ძალიან უჭირდა. ამიტომ ბულგარეთში ცხოვრების პირველი წლები დავხარჯე იმაზე, რომ ადაპტაციის ურთულესი პერიოდი გადამელახა, საკუთარი ადგილი მეპოვა ცხოვრებაში. ბიზნესს მივყავი ხელი, თუმცა ავტორბოლებზე ფიქრი არ მშორდებოდა. 1995 წელს ბულგარელ როკერებს დავუმეგობრდი, რომლებმაც მოგვიანებით ადგილობრივ ავტომრბოლელებთან დამაახლოვეს. მე არ მქონდა სარბოლო მანქანის შეძენის ფინანსური შესაძლებლობა, ამიტომ ახალ მეგობრებთან ერთად ვაწყობდი არაოფიციალურ რბოლებს ღამის საათებში. მალე გამიცნეს როგორც სარბოლო მანქანების ტექნიკური კონსულტანტი, შემდგომ კი მანქანების დაქირავება და შეჯიბრებებში მონაწილეობა დავიწყე.
– საქართველოს მოქალაქე იყავით, ბულგარეთში ავტორბოლებში როგორც უცხოელი ისე მონაწილეობდით?
– დიახ, როგორც საქართველოს მოქალაქემ და ავტომრბოლელმა მივიღე შესაბამისი ლიცენზია და ხანდახან ვმონაწილეობდი შეჯიბრებებში, თუმცა 2014 წლამდე რაიმე განსაკუთრებული წარმატება არ მქონია: არ მქონდა სოლიდური მანქანის შეძენის შესაძლებლობა და სხვა პირობებიც წარმატების მისაღწევად. მაგრამ უფალმა და მეგობრებმა მომცეს შანსი და მეც გამოვიყენეს ეს: 2005 წელს ჩემმა მეგობრებმა ავტომრბოლელთა კლუბის ხელმძღვანელობა შემომთავაზეს, 2006 წელს კი ცნობილი ბულგარელი ავტომრბოლელის ტიხომირ სტრატიევის ტექნიკური კონსულტატი გავხდი, მასთან ორი წელი ვიმუშავე და ის პირველად გახდა ბულგარეთის ჩემპიონი და აღმოსავლეთ ევროპის თასის გამარჯვებული A-6 კლასში. შემდეგ კი უკვე ჩემს გარეშე ტიხომირი სამჯერ გახდა ბულგარეთის და ერთხელ აღმოსავლეთ ევროპის თასის ჩემპიონი. ტიხომირთან თანამშრომლობის შემდეგ რამდენჯერმე ვიყავი ბულგარეთის საავტომობილო ფედერაციის კონსულტანტი, 2010-11 წლებში რამდენიმე ქართველ მრბოლელსაც ვუწევდი კონსულტაციებს. . . .
მე თვითონ კი არ მქონდა შესატყვისი სარბოლო მანქანა. ფორმა რომ შემენარჩუნებინა ვვარჯიშობდი “რენო კლიო სპორტ” მოდელის მანქანით და ვმონაწილეობდი პატარა ტურნირებში. 2013 წელს გადავწყვიტე ბულგარეთის მოქალაქეობის მიღება (მანამდე საქართველოს მოქალაქედ ვრჩებოდი), რამაც ტურნირებში მონაწილეობის საწევროს დანახარჯის მნიშვნელოვნად შემცირების შესაძლებლობა მომცა. გადავწყვიტე საკუთარი სპორტული მანქანა “რენო კილო სპორტი” გამეყიდა, რომელიც თავისი სტანდარტებით არანაირად შეესაბამებოდა სერიოზული რბოლის მოთხოვნებს. ჩემი მანქანა ცნობილმა მოტომრბოლელმა ზდრავკო მინევმა შეიძინა, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ძალები ავტორბოლებში მოესინჯა. დასაწყისში მე ვიყავი მისი ტექნიკური კონსულტანტი, შემდეგ კი მან შემომთავაზა ავტორბოლებზე შტურმანი ვყოფილიყავი, თვით ზდრავკო კი პილოტი. ზდრავკომ ჩემგან შეძენილი მანქანა გადააკეთა და სრულად სარბოლოდ აქცია. ისე, რომ სათანადოდ ვარჯიშიც კი ვერ მოვასწარით, ა.წ. 27 აპრილს ზდრავო (პილოტი) და მე (შტურმანი) ვარნაში გამართულ ბულგარეთის ჩემპიონატის “რალი სპრინტის” (ტრასის სიგრძე 54 კმ მონაკვეთი, ტრასის საერტო სიგრძე 78 კმ) ბრინჯაოს პრიზიორები გავხდით. ჩვენ მივიღეთ მედლები ღჩ – 3 კლასში. ამავე ჩემპიონატზე A-6 კლასში პირველი ადგილი ტიხომირ სტრატიევმა დაიკავა, ეს ის ტიხომირია, რომელთანაც უწინ ვმუშაობდი ტექნიკურ კონსულტანტად.
– ამ წარმატების შემდეგ ბულგარეთის პრესა აჭრელდა თქვენს შესახებ სტატიებით, თქვენ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდით! ამბობენ, რომ ერთერთი შემდეგი ასეთი წარმატება თქვენს 55 წლის იუბილესაც დაემთხვაო?
– ხომ გეუბნებით, უფალმა, მეგობრებმა და დიდმა შრომამ შემაძლებინა გარკვეული წარმატებების მოპოვება. მე და ზდრავკო მინევმა მაისში მესამე ადგილი მოვიპოვეთ RC – 3 კლასში ბულგარეთის ჩემპიონატზე “ტვერდიცა-ელენას რალზე”, საშეჯიბრო ტრასის სიგრძე იყო 105 კმ, ხოლო საერთო სიგრძე 265 კმ. ზდრავკო პილოტი და მე – შტურმანი ვიყავით, მაგრამ შეჯიბრის პირობების თანახმად ჩვენ შეგვეძლო შეგვეცვალა პილოტის და შტურმანის პოზიციები და გამოვიყენეთ კიდეც ეს საშუალება.
რაც შეეხება შემდეგ წარმატებას, ეს ჩემი დაბადების დღის წინა დღეს - 2 აგვისტოს მოხდა. მე, როგორც პილოტი, მარტო გამოვდიოდი ბულგარეთის ჩემპიონატზე “რახოვეცის რალზე” აღმართის დაძლევაზე, საშეჯიბრი ტრასა 58 კმ-ს შეადგენდა. ეს ურთულესი ტურნირია, რადგან ეს ციცაბო აღმართზე ასვლაა. მე ამ ტურნირზე RC – 3 კლასში მეორე ადგილი დავიკავე და ჩემს თავს ასე მივულოცე იუბილე. სხვათაშორის, 2 აგვისტოს შეჯიბრებაზე ჩემთან ბულგარეთში ჩამოვიდა ჩემი აფხაზი მეგობარი სოხუმიდან, რომელიც ჩემი წარმატების მოწმე გახდა. . .
ყველა ამ სამ ჩემპიონატზე გამოვდიოდი “რენო კილო სპორტის” მანქანით, მასზე არის ბულგარეთისა და საქართველოს დროშები - მნიშვნელოვანი და აუცილებელი ატრიბუტი, ხოლო მანქანის ორივე გვერდზე ლამაზად დატანილია წარწერა “GEORGIA, SOKHUMI”. ეს წარწერა ზდრავკოსთან შეთანხმებით გავაკეთე, მან კარგად იცის - ყველა ჩემი წარმატება სოხუმს და სოხუმელებს ეძღვნებათ, რომლებიც მთელ მსოფლიოში არიან გაფანტულები. ამ წარწერის გაკეთების იდეა გამიჩნდა თებერვალში, სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის დროს ოლიმპიური სტადიონის ტრიბუნაზე აღმართული ბანერის “GEORGIA, SOKHUMI” ნახვისას. . .
– ახლა ახალი, უფრო მაღალი დონის ტურნირისთვის ემზადებით, რა შანსები გაქვთ?
– 6-7 სექტემბერს ბულგარეთის ქალაქ სლივენში გაიმართება აღმოსავლეთ ევროპის თასის შესარჩევი ეტაპი. მე და ზდრავკომ აგვისტოში გავაგზავნეთ განაცხადი ამ ტურნირში მონაწილეობაზე და დასტურიც მივიღეთ, ზდრავკო პილოტი იქნება, მე - შტურმანი. საშეჯიბრო ტრასის სიგრძე 195 კმ, ტრასის საერთო სიგრძე კი 562 კმ. სლივენში ეს ტურნირი გაიმართება საერთაშორისო საავტომობილო სპორტის ფედერაციის (FIA) ეგიდით. რალი სლივენში წარმოადგენს ერთერთ რთულ შეჯიბრს აღმოსავლეთ ევროპის თასზე. რაიმე განსაკუთრებული წარმატების ილუზია არ მაქვს ამ წარმომადგენლობით ტურნირზე, ეს ჩემი დებიუტია ევროპის ასეთი მაღალი დონის შეჯიბრებებზე. მერე კი ვნახოთ. . . ამ შეჯიბრზე გამოვდივარ, როგორც ბულგარეთის მოქალაქე, მაგრამ მთელი სპორტული სამყარო მიცნობს როგორც ქართველს და ქართველ ავტომრბოლელს ზედმეტსახელით “დავიდონე” (1997 წლიდან ავტო- და მოტომრბოლელები მე “დავიდონეს” მეძახიან).
ვისარგებლებ შემთხვევით, და მსურს გულთბილი მოკითხვები გადავცე ჩემ კოლეგებს საქართველოში – შალვა ოგბაიძეს, ზაზა კოკაიას, ზაზა ჭიჭინაძეს, აჩიკო ბიძინაშვილს, ვიქტორ ბაგრამოვს, ასევე საქართველოს იმ წარმომადგენლებს, რომლებიც 2002 და 2003 წლებში მონაწილეობდნენ რალში სლივენში: 2002 წელს იქ გამოდიოდნენ ვიქტორ თოდაძე (ვიქტორ ბაგრამოვთან ერთად), 2003 წელს – გოგა არჯევანიძე და გიგი ღამბარაშვილი, ზაზა ზოზიაშვილი და ზაზა იაშვილი.
– ბულგარეთის პრესის ცნობით, თქვენი შვილიშვილი დავიდ გეორგიევი ბულგარეთის ასაკობრივად ყველაზე პატარა პილოტი გახდა. თქვენ ავარჯიშებთ მას?
– მე სამი შვილიშვილი მყავს – ორი ბიჭი და ერთი გოგო. ჩემი ქალიშვილი ეკა, ბულგარელ ავტომობილისტის ვალენტინე გეორგიევის ცოლია, მათი ვაჟი დავითი 6 წლისაა. მას 4 წლის ასაკიდან ვავარჯიშებ და დავითი მონაწილეობს ბულგარეთის საბავშვო ტურნირებში. არ ვიცი ვინ იქნება ის პროფესიით, დრო გვიჩვენებს! თუ კი შვილიშვილი მოისურვებს გახდეს ავტომრბოლელი, მე მზად ვარ მისი ტექნიკური კონსულტანტი და მწვრთნელი ვიყო.
თენგიზ პაჭკორია, სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის
P.S.
ბულგარულ პრესაში გამოქვეყნებული რამდენიმე მასალა
1)
2)
3)







