პოლონეთსა და უკრაინაში 2 წლის შემდეგ გასამართი ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის გარშემო, ბოლო დროს მრავალი გაურკვევლობა წარმოიშვა. ევროპული სპორტული გამოცემები სულ უფრო ხშირად წერენ იმის შესახებ, რომ უკრაინული მხარე, უეფასადმი მიცემულ პირობებს ძალიან ცუდად და წელათრევით ასრულებს, რის გამოისობითაც, უეფას ფრანგი პრეზიდენტი უკრაინელებს უკვე ორჯერ დაემუქრა – თუ სტადიონებისა და სასტუმროების შენებას არ დააჩქარებთ, ჩემპიონატის მასპინძლის სტატუსს დაემშვიდობეთო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პლატინის მუქარა მხოლოდ უკრაინელების “გამოფხიზლებას” ემსახურება და ევროპის მმართველი საფეხბურთო ორგანიზაცია, უკრაინელებს ასე მარტივად არ გასწირავს, თუმცა ეს შემთხვევა, საბოლოო ჯამში უეფასათვის ერთგვარი ჭკუის სასწავლებელი აუცილებლად გახდება და მომავალში, მასპინძელი ქვეყნების შერჩევისას, მოთხოვნებში ბევრად უფრო მკაცრი იქნება.
ზოგადი საუბარი რომ არ გამოგვივიდეს, გეტყვით, რომ კიევის ცენტრალური სტადიონისა და ლვოვის სტადიონის მშენებლობები ძალიან გაიწელა. ამის მიზეზად, უკრაინის ახალი მთავრობა ძველი ხელისუფლების მიერ სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებთან დადებულ არარენტაბელურ ხელშეკრულებებს ასახელებს და ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიების მიერ სამუშაოების შესრულების ვადები დროში ზუსტად არ იყო გაწერილი. გარდა ამისა, შეფერხდა ახალი სასტუმროების მშენებლობაც, რაც ესოდენ აუცილებელია გულშემატკივრებისა და საფეხბურთო დელეგაციების მისაღებად და დასაბინავებლად.
უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა (რომელმაც 2 თვეში უკვე მოასწრო ყველა სტრატეგიული ობიექტის რუსებისათვის გადაცემა), ბევრი ფიქრის გარეშე, უკრაინულ სამშენებლო კომპანიებს კონტრაქტი შეუჩერა და ჭეშმარიტად პუტინისეულად “გადაწყვიტა” პრობლემა. ადგა და, ეს სამუშაოები რუსულ კომპანიებს ერთი ხელის მოსმით გადაულოცა. გარდა იმისა, რომ რუსული სამშენებლო კომპანიები პირდაპირ ექვემდებარებიან რუსეთის ხელისუფლებას და მათი მითითების გარეშე აგურსაც კი არ დაადებენ აგურზე, უკრაინელები, ანუ ჩემპიონატის მასპინძლები ფაქტობრივად უფუნქციოდ დარჩენენ და ძველი ქართული ანდაზასავით აეწყო საქმე. “სახელი ჩემი და სახრავი სხვისაო...” ე.ი. რა გამოვიდა? ჩემპიონატი უკრაინაში იმართება, მაგრამ ამით რუსები სარგებლობენ. მოგება უკრაინის სახელმწიფოს უნდა მიეღო, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ უკრაინელები ამ გრანდიოზული ტურნირიდან ვერაფერს გამორჩებიან, მაშინ როდესაც, ისედაც ძლიერი და წელგამართული რუსული სამშენებლო კომპანიები, კიდევ უფრო დიდ ფულს იშოვნიან.
მარტივი პარალელი რომ გავავლოთ, წარმოიდგინეთ, მოხდა სასწაული და საქართველოს მისცეს მსგავსი ტიპის დიდი ტურნირის მასპინძლობის უფლება. ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა აჟიოტაჟი ატყდება ჩვენს ქვეყანაში. გულშემატკივრები რომ გაიხარებენ, ეს ბუნებრივია და ალბათ, საშვილიშვილოდაც იამაყებენ ამით. მაგრამ, არანაკლებ გაიხარებენ ის ადამიანები, რომლებსაც მშენებლობა ეხერხებათ. მაშინ, როდესაც საქართველოდან ხალხი სხვა ქვეყნებში მშენებლობებზე სამუშაოდ მიდის, განა, უბრალო ამბავი იქნება ის, რომ აქაური, ადგილზევე იშოვნის გრძელვადიან და მაღალანაზღაურებად სამუშაოს?.. ჰოდა, ამ სიხარულში როდსაც ვიქნებით, ალბათ, ხვდებით რამხელა შოკი იქნება, როდესაც გავიგებთ, რომ სამშენებლო სამუშაოებს ქართველები კი არა, ჩვენი მეზობელი რომელიმე ქვეყნის, თუნდაც იგივე რუსეთის კომპანიები აწარმოებენ და რომელიმე რიგითი უმუშევარი ჭიათურელი ხელოსანი კაცი, ხარაჩოზე მდგომ მავან ვლადივოსტოკელს, ვაშლის ჩამოვარდნაზე მეოცნებე შაქარასავით მიაჩერდევბა. აქვს კი, ასეთ პირობებში ჩემპიონატის შენს ქვეყანაში ჩატარებას რაიმე აზრი და ფასი?
თავიდანვე გამოვთქვი იმედი, რომ უეფა უკრაინელებს საბოლოო ჯამში არ გასწირავს და მასპინძლობას არ ჩამოართმევს. ეს, არა მხოლოდ უკრაინელებისათვის, ქართველი გულშემატკივრებისთვისაც დიდი ტრაგედია იქნება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც იქნა, საქართველოსთან ტერიტორიულად ასე ახლოს და გამარტივებული სავიზო რეჟიმის მქონე ქვეყანაში იმართება დიდი მუნდიალი და რიგით ქართველ ქომაგებს მიეცათ შანსი, რომ შედარებით ნაკლები ხარჯების გაწევით დაესწრონ ევროპის ჩემპიონატს.
ბევრი ქართველი და მათ შორის თქვენი მონა მორჩილიც, აქედანვე ემზადება პოლონეთში თუ ვერა, უკრაინაში მაინც წასასვლესად. თუმცა, იმ კაცისგან, რომელმაც თავის ქვეყნის მოქალაქეები ხახამშრალი დატოვა და რუსებზე უფრო ზრუნავს, ნამდვილად არ გამიკვირდება, რომ ქართველებს სწორედ ევროპის ჩემპიონატის წინ გაუმკაცროს მიმოსვლა. გაუჭირდება, თუ რა?
ლევან სეფისკვერაძე









