2010 წელი არასოდეს დაავიწყდება ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვეფხვის წელიწადში ერთი მატჩიც კი არ წააგო, რაც შარშან რომ ვინმეს ეთქვა, ალბათ, შეშლილად ჩათვლიდნენ.
თითქოს ჯადოსნური ჯოხი მოიტანაო, თემურ ქეცბაიას გათავკაცებამ “ჯვაროსნების” შედეგი 180 გრადუსით დაატრიალა. უბრალო მაგალითი - შარშან ნაკრებმა 10 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 2 ფრე და 8 წაგება “გაჩარხა”, 8:22 ბურთების შეფარდებით.
და წლეულს? 8 მატჩი, 3 მოგება, 5 ფრე, მარცხი არ გაგვაგონოთ... ბურთების შეფარდება – 7:4.
საქართველო და ხორვატია – ერთადერთი ევროპული ნაკრებები, რომლებსაც ვეფხვის წელიწადში თამაში არ წაუგიათ.
საქართველომ ევროპული ნაკრებებიდან ყველაზე ცოტა – 4 გოლი გაუშვა.
საქართველო ერთადერთი ნაკრებია ევროპაში, პირველ ტაიმში გოლი რომ არ გაუშვია.
რაც შეეხება უშუალოდ სლოვენიაში გამართულ მატჩს, “ჯვაროსნებმა” პირველად მოუგეს გასვლითი მატჩი ფიფა-ს რეიტინგში საუკეთესო 15-ეულში მყოფ გუნდს.
საქართველომ ისტორიაში მეოთხედ მოიგო მატჩი, რომელსაც აგებდა – 2005 წელს ყაზახეთთან 2:1 და იორდანიასთან 3:2 (ორივეჯერ გაიოზ დარსაძის მწვრთნელობისას), 2008 წელს უელსთან 2:1 (ექტორ კუპერის თავკაცობით) და ამჯერად, ქეცბაიამაც მიაღწია მსგავსს.
არ გვინდა, თვითკმაყოფილებას მივეცეთ, მაგრამ გავიხსენოთ, რა ხდებოდა შარშან ამ დროს – როცა ბულგარეთთან 35-ე წუთზე უკვე 0:5 აგებდა ნაკრები.
ილია ნანობაშვილი









