თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, მომდევნო სეზონიდან, ბრემენის “ვერდერის” თავკაცი ჰოლგერ სტანისლავსკი იქნება. Sportbild-ის ცნობით, ბრემენელებმა 43 წლის სპეციალისტთან შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და ახლა მცირე ფორმალობებიღაა დარჩენილი.
ამგვარად, ტომას შააფის 14-წლიანი მწვრთნელობის შემდეგ, “ვერდერს” ახალი თავკაცი ეყოლება. “მუსიკოსების” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, შააფმა “ვეზერშტადიონზე” თავისი თავი უკვე ამოწურა და დროა, გუნდი ახალმა სპეციალისტმა ჩაიბაროს.
ცნობისათვის, სტანისლავსკის უკანასკნელი კლუბი “კიოლნი” გახლდათ, რომელიც 19 მაისს, “ინგოლშტადთან” მატჩის შემდეგ, თავისი ნებით დატოვა. გერმანული პრესის ინფორმაციით, მან ეს გადაწყვეტილება “ვერდერის” წინადადების გამო მიიღო.