გულშემატკივრის სვეტი

10:20 | 22.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვერონი და მე

“განა მე არ ვიცი კაცო, სხვებს უფრო ჯან-ღონიანად უთრევიათ ბურთიცა და მცველებიცა, მაგრამ, აგერ უკვე 54 წლისა შავსრულდი, ავიც ბევრი მინახამს და კარგიც. თქვენა რა? მარტო ტელევიზორსა ხართ მიჩერებული და ტელევიზორის მიღმა ღრიალებთ და ბზუიხართ აფრიკელებივითა. მე კიდევა, ყიფიანის თამაშიც სტადიონზე მინახამს და სტრელცოვისაცა. ეგ კი არა, ხიდიატულინი და ზავაროვი არ მინახამს რო?! მაგრამა, ხომ გეუბნები რა, ვერონი რომ არის, ეგრე არავინ მამწონებია და ალბათ, არც მამეწონება.
20 წელია, ამ ტრაილერის “რულს” ვატრიალებ და ჩემი კაბინის პატარა ტელევიზორში რაც რამე ფეხბურთია, არ გამამიტოვებია არც ერთი. ხან თუ ჩვენს არხებზე არ აჩვენებენ, ტოტალიზატორებში და ეგეთ მამაძაღლობებშიც ბევრჯერ შავსულვარ ფეხბურთის სანახავადა. არ ვიცოდი მარადონას ვერონი რომ უნდა წაეყვანა ჩემპიონატზე და არც ველოდი კაცო. პატარა კი აღარ არის ეგ ვერანა, უკვე 40 წელს მიუკაკუნებს საცაა, მაგრამ იგეთი ჯანიანი და გულიანია, ემაგ ჯიგრითა ბარე ორ ჩემპიონატს კიდევ გადააგორებს.
მე რომ ჯეელი ვიყო და წარმავიდგინოთ რომა, ვერონის “პროტივ” გუნდში ვთამაშობ. ჰოდა, გამოვედით მინდორზე და ვუყურებ. ვუყურებ და მიყურებს, ვუყურებ და მიყურებს. ხომ იცით, როგორ “რაზბოინიკივით” იცქირება. ჰოდა, ჩათვალეთ რომა, იმ თამაშში ვერაფერსაც ვერ ვიზამდი და წავაგებდი კიდეცა. გინდა შიში დაარქვით და გინდა ჟიმჟიმი. მე ჩემი მითქვამს და ეგაა. თქვენა რა, ეგეთი კაცის წინააღმდეგ ადვილად ითამაშებდით? ისემც რა გითხრათ.
აი, ამერიკაში, ჩვენი ჩემპიონთა ლიგისნაირი ტურნირი რომაა, ხო იცით? ლიბერტიეს თასიო თუ ეგეთი რაღაცა ჰქვიან. ემაგას ვუყურებდი შარშან ხოლმე ტოტალიზატორში ხშირადა. მოვიდოდი რეისიდან დაღლილი, დავაყენებდი მანქანას “სტაიანკაზე”, გადავივლებდი თავზე წყალსა, ჩავიხედავდი ჩემს ფეხბურთების კალენდარში, ვნახამდი, თუ ვერონის გუნდი თამაშობდა, მივდიოდი ტოტალიზატორში და ვიყავი ერთ ამბავში. ეგენი ღამის თამაშები იყო. ხო იცით, როგორც არის. იქ რო დღეა, აქა ღამეა და შუაღამეს ვინ მეტყოდა, “მოდი ვასილა, ფეხბურთებს გაყურებინებო”. მეორე დღესა კი, რუსების “კანალებზე” განმეორებით აჩვენებდნენ ხოლმე.
გეუნები რა, ეგ იყო რაც იყო. მანამდეც მიყვარდა ვერონი და სულ იმას გავიძახოდი, მაგაზე რომ არ აწყობენ არგენტინელები თამაშს იმითვინაც ყავთ უვაცო ფარასავით გაფანტული გუნდი მეთქი, მაგრამ აი იმ ტურნირზე კიდევ უფრო შამიყვარდა ეს ვერონი. ახლა წარმაიდგინე რა, არგენტინელები პერუელების გუნდსა ხვდებიან. თამაშია იგეთი რა, ორივეს მოგება რომ უნდათ, მაგრამ კარებამდე მისვლის ილაჯი რო არც ერთსა აქვთ. ჰოდა, დაათრევენ ეს მამაძაღლები ბურთს აუტიდან აუტზე და იგრე საშინლად დაზოზინებენ, გაგიჟდები რა... ჰოდა, ვიფიქრე, ისედაც ამდენი საქმე მაქვს, ერთი ამათი პატრონის დედაც ვატირე, ამ თამაშის ცქერას, წავალ, არტურას მანქანაში ზეთს მაინც გამავაცვლევინებ მეთქი... უცებ დავინახე, მწვრთნელს ვერონი გამოჰყამს მოედანზე. ბევრი დრო არცაა დარჩენილი თამაშის დამთავრებამდე. მეთქი, ვერონის გამო მოვედი და ამაი როგორ არ ვუყურო მეთქი. გამოვიდა და იმან დაატრიალა ქარიშხალი და გრიგალი თუ დაატრიალა.
რა მუხლი აქვს ამ კაცსა ეგეთი, რომ ვინც კი “მაიკაზე” ჩამაეკიდა, ბუზებივით იფერთხამდა ტანიდან. ერთი გოლი თვითონ გაიტანა, ერთიც თავისიანს გაატანინა. ამაზე მეტი რაღა უნდა ექნა კაცო? ვერონია, ღმერთი ხომ არაა... თქვენა გგონიათ არგენტინის ნაკრებს ვემხრობი? არა შვილოსა! არგენტინაზე მეტად, ყოველთვის იტალიის გუნდი მამწონდა და ახლაც მაგათ “ვბალეშჩიკობ”. მაგრამა, მარტო გუნდების ცქერა და ბღავილი ხო არ არის კაცო ფეხბურთი და იმისი მარილი?
ვერონი ყველა ფეხბურთელზე მეტად მიყვარს და ახლა ხომ ამბობთ – ბებერიაო... მიდით აბა, გამაიყვათ გინდა ბრაზილიელი, გინდა ინგლისელი და გინდა თქვენი ნაქები ესპანელი მცველები და თავდამსხმელები. თუ რომელიმემ ხუანას აჯობონ, გავიქცევი და “პივასაც” აქავ ჩამოვდგამ და კაი თევზიც ჩემზე იყოს. თქვენც ხო აქა ხართ და მეცა?! მე სიტყვა მითქვამს და არ შამსრულებლისაცა!”
ეს საოცარი სიტყვები, 54 წლის კახელ  ტრაილერის მძღოლს - ვასო ძიას ეკუთვნის. გახურებული მსოფლიოს ჩემპიონატია და მინდოდა, ამ კაცის შესანიშნავი მონოლოგისათვის წანამძღვარი წინასწარ გამეკეთებინა, რომ არ დაბნეულიყავით ჩემო კეთილო მკითხველებო, მაგრამ ბოლოს მეც ვასილა ძიასავით, ხელი აშარულად ავიქნიე და ვიფიქრე, ეგეთ მარგალიტივით სიტყვებს რა ახსნა და განმარტებები უნდა მეთქი.
ერთს კი ნამდვილად გეტყვით: დიდი, უდიდესი და კიდევ იმაზე დიდი სურვილი მექნება, რომ საქართველოში არასოდეს დალეულიყოს ვასილა ძიასნაირი გულშემატკივრები. ადამიანები, რომლებიც ჭეშარიტად სუნთქავენ და ცხოვრობენ ფეხბურთით. ფეხბურთი ხომ სწორედ ასეთი ადამიანებისათვის არსებობს!  

ლევან სეფისკვერაძე

 

0.163179