შარშან ზაფხულში, მადრიდის “რეალიდან” მილანის “ინტერში” 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადასული ვესლი სნეიდერი ალბათ, ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ მის კარიერაში მომავალი წელი ასეთი წარმატებული იქნებოდა. 26 წლის ჰოლანდიელმა მილანურ კლუბში 41 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, ხოლო თანაგუნდელებთან ერთად იტალიის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. სნეიდერს დეკემბერში გასამართ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე საკუთარი კოლექციის კიდევ ერთი ტიტულით გამდიდრების შანსი აქვს. გარდა ამისა, მან სანაკრებო დონეზე არანაკლებ წარმატებით ითამაშა და 32-წლიანი პაუზის მერე, ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლებს დაეუფლა. ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში ნახევარმცველი არ მალავს, რომ 2014 წელს ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე გამარჯვების სურვილით იწვის.
- თქვენთვის “ჯადოსნურ” წელიწადში ყველაზე საუკეთესო მომენტი რა იყო?
- ბუნებრივია, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება, როდესაც “ბაიერნი” დავამარცხეთ. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ალტერნატიული ვარიანტი არც განიხილება.
- თქვენი მეუღლე იოლანტა ამის გაგებით ძალიან გახარებული არ იქნება...
- მოდით, თავიდანვე გავავლოთ გამყოფი ხაზი – პირადი ცხოვრება სულ სხვაა, ჩემი ქორწილი ფანტასტიკური მოვლენაა, მაგრამ საფეხბურთო მიღწევები ეს რაღაც განსაკუთრებულია. ამიტომ, მადრიდული ღამე, უდავოდ, ჩემს კარიერაში ნომერ პირველი მოვლენაა. ფინალისკენ მიმავალ გზაზე ხომ ჩვენ ისეთი კლუბები დავამარცხეთ, როგორიც “ჩელსი” და “ბარსელონაა”, რაც უბრალოდ საუცხოო მოვლენაა.
- ვიდრე 2009 წლის ზაფხულში “ინტერში” გადახვიდოდით, თუ გქონდათ წარმოდგენილი, როგორ მოიპოვებდით ამ ჯილდოს “სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში?
- მადრიდის “რეალში” თითოეული ლაპარაკობდა შინაურ კედლებში ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შესაძლებლობაზე. ეს აზრი ფეხბურთელთა გონებაში გამჯდარი იყო. როდესაც “ინტერში” გადავედი, არც მიოცნებია, რომ კლუბში გატარებულ პირველსავე სეზონში ასეთ სერიოზულ ჯილდოს მოვიპოვებდი. თუმცა, თავს ზემოთ თასი რომ ავწიე, რაღაც განსაკუთრებული ვიგრძენი - თითქოს საკუთარ სახლში ვიმყოფებოდი. მაშინ, მადლობა გადავუხადე “ინტერის” პრეზიდენტს მასიმო მორატის და მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს, რადგან მათ ჩემი ირწმუნეს და შანსი მომცეს. “ინტერში” საკუთარი პოტენციალის რეალიზება და ისეთი ტიტულის მოგება მოვახერხე, რომელმაც ჩემი წარსული გამარჯვებები დაჩრდილა.
- ცხადია, განსკუთრებით იხსენებთ სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარ გამოსვლას, როდესაც უმრავლეს მატჩებში უმაღლესი კლასის ფეხბურთი აჩვენეთ...
- ბრაზილიასთან და ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ, ესპანელთა წინააღმდეგ ფინალი ჩვენთვის უდიდესი გამოცდილება იყო. თუმცა, ბუნებრივია, შედეგით იმედგაცრუებულნი დავრჩით. ჩვენ საუცხოო არენაზე ვთამაშობდით, ერთი ნაბიჯი გვაკლდა, რომ ჩემპიონის ტიტული მთელი მსოფლიოს და ჰოლანდიის ნაკრების გულშემატკივართა თვალწინ მოგვეგო. იმიტომ წავაგეთ, რომ მეტოქედ გვყავდა გუნდი, რომელიც ალბათ, ჩვენზე ძლიერი იყო. ესპანელთა შემადგენლობაში წარმოუდგენლად ნიჭიერი მოთამაშეები იყვნენ, თუმცა მათ მატჩის ბოლო წუთებამდე ვუმკლავდებოდით. არ ვნანობ, რომ დავმარცხდით, მაგრამ ახლა 2014 წლის მუნდიალზე გამარჯვების დაუოკებელი სურვილი მაქვს. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ და შანსი მაქვს, რომ ყველაფერი გამოვასწორო.
- ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს პირველობა ვერ მოიგეთ, მაგრამ “ინტერთან” ერთად შანსი გაქვთ 2010 წლის საკლუბო ჩემპიონატზე გაიმარჯვოთ. ეს ტურნირი თქვენში რა გრძნობებს იწვევს?
- ამ ორი ტურნირის შედარება არ შეიძლება. ივნისსა და ივლისში ტურნირზე სრულად ვითამაშე, ხოლო მატჩების უმრავლესობა მოკლე დროის განამვლობაში უნდა ჩაგვეტარებინა. ახლა, შესაძლოა, მხოლოდ ორი შეხვედრა გავმართოთ. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება ევროპაში წარმატებული გამოსვლის შედეგად მივიღეთ, ხოლო ეს ასპარეზობა სხვადასხვა კონტინენტების კლუბებისთვის ძალების მოსინჯვის კარგი შესაძლებლობაა.
- ფიზიკური მდგომარეობის თვალსაზრისით თავს როგორ გრძნობთ? პრობლემებმა ჩაიარა?
- დაღლილი ვარ, რადგან ძალიან ბევრი მატჩი ჩავატარე. საკმარისად არ დამისვენია და დრო არ მეყო, რომ სათანადო კონდიციებში ვყოფილიყავი. თუმცა, ეს თავისებური ფასია, რომელსაც ამ წელს მიღებული დადებითი ემოციებისთვის ვიხდით. თუ ყველაფერი კარგად იქნება, წელს “ინტერთან” ერთად ხუთ ჯილდოს მოვიგებ და ამასთან ერთად, ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დავიკავე. ეს მიღწევა მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
- არაბეთის გაერთიანებული საემიროების თაობაზე რა იცით? მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ხომ სწორედ იქ გაიმართება?
- საემიროებში, “ინტერთან” ერთად, გასულ სეზონში ზამთრის პაუზის დროს ვიმყოფებოდი. 12 თვის მერე იქ დაბრუნებით კმაყოფილი ვიქნები, მითუმეტეს, ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე. დარწმუნებული ვარ, სტადიონები გაივსება, ხოლო ფეხბურთის ფანები გახარებული იქნებიან. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ბევრი რამის ნახვა ვერ მოვასწარი, რადგან პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრება ექსკურსიებისთვის ბევრ დროს არ გიტოვებს. თუმცა, გპირდებით, რომ მომავალში დანაკარგს ავინაზღაურებ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









