საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა მარცხენა მცველმა ვილი სანიოლიმ, რომელმაც ტრავმის გამო საფეხბურთო კარიერა 2008 წელს, დაასრულა, 19 მაისს, მიუნხენში, “ალიანს არენაზე” გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩთან დაკავშირებით, Twitter-ზე დასმულ კითხვებს უპასუხა.
35 წლის ყოფილ ფეხბურთელთან, ინტერვიუ უეფას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
- რას ეტყვით “ბაიერნის” ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ?
- ნუ აიტკიებენ თავს მოედანზე ზედმეტი ფიქრით, უბრალოდ, გავიდნენ და ითამაშონ ნამდვილი ფეხბურთი. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ “ბაიერნს” შეუძლია ლამაზი თამაში, მაგრამ ისტორიას მხოლოდ გამარჯვებულის სახელი შერჩება და არა დამარცხებულის.
- რა მოხდება მიუნხენში, თუკი შაბათს “ბაიერნი” გაიმარჯვებს?
- ეს გააბედნიერებს მიუნხენს და “ბაიერნის” გულშემატკივრებს, მათი ცხოვრება იდეალური გახდება. საშინაო ფინალში, უბრალოდ ვალდებული ხარ, რომ გაიმარჯვო.
- თქვენ ძალიან ძლიერი მარჯვენა მცველი იყავით. სადღეისოდ ვის გამოარჩევდით ამ პოზიციაზე?
- მსოფლიოში მრავლად არიან ძლიერი მარჯვენა მცველები. მოხიბლული ვარ ხავიერ ძანეტით, რომელიც 38 წლისაა და ისე დაჰქრის, თითქოს 20 წლის ბიჭი იყოს. მისით მუდამ მოხიბლული ვიყავი. რა თქმა უნდა, დანი ალვეშიც ექსტრა-კლასის მოთამაშეა.
- დაასახელეთ სამი საუკეთესო ნახევარმცველი, რომელთა წინააღმდეგაც თქვენ თამაში ყველაზე მეტად გიჭირდათ.
- ძალიან რთული იყო რობერტო კარლოსის წინააღმდეგ თამაში, რადგან ის ძალიან ტექნიკური და უსაზღვროდ სწრაფი იყო. მას შეეძლო მთელი 90 წუთი გაუჩერებლივ ერბინა. ასეთივე იყო ბიქსენტ ლიზარაზუ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესო მარცხენა მცველი იყო.
- თქვენი კარიერის რომელი პერიოდი მიგაჩნიათ ყველაზე გამორჩეულად?
- ასეთი ორი იყო. ეს იყო “ბაიერნთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება 2001 წელს და 2006 წელს ბერლინში, საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობა.
- რატომ ვერ თამაშობს “ბაიერნი” ბუნდესლიგაში ისევე კარგად, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე?
- იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ითამაშო, დიდი ძალა გჭირდება. მიმდინარე სეზონში “ბაიერნს” შეზღუდული შემადგენლობა ჰყავდა და მწვრთნელისთვის რთული იყო არჩევანის გაკეთება. შესაძლოა, მომავალში ფეხბურთელები მრავლად იყვნენ, მაგრამ აუცილებელია, რომ მათი დონე ჩემპიონთა ლიგის და ბუნდესლიგის დონეს შეესაბამებოდეს.
- როგორ ფიქრობთ, შეძლებს “ბაიერნი” ფერნანდო ტორესისა და დიდიე დროგბას შეჩერებას?
- რა თქმა უნდა, რადგან მოედანზე იქნებიან კონტენტო, რომელმაც ორი წლის წინანდელ ნახევარფინალში თავი კარგად წარმოაჩინა და ტიმოშჩუკი - ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი, ისევე, როგორც ლამი და ბოატენგი.
- როგორია თქვენი პროგნოზი?
- როგორც გულშემატკივარი გეტყვით, რომ “ბაიერნი” მოიგებს. ის უბრალოდ ვალდებულია თასი მოიგოს!
მოამზადა ზურა ქსოვრელმა









