ჭიდაობა

16:47 | 8.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვინ ჩაერთვება სალიცენზიო მინი-მარათონში?

საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა - ზაზა თურმანიძემ და ბეგი დარჩიამ - გუნდის გაფართოებული შემადგენლობები დაასახელეს და სეზონის პირველ შეკრებაზე წაიყვანეს. დღეიდან 24 იანვრის ჩათვლით, ქართველი სპორტსმენები სომხეთის ქალაქ წახკაძორის ოლიმპიურ ბაზაზე, ერთობლივ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
ნაკრების თავკაცებმა სომხური განაცხადი გუნდის უმთავრესი კანდიდატებით დააკომპლექტეს. სწორედ წახკაძორის სიაში შეყვანილი სპორტსმენები იბრძოლებენ ლონდონის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიების მოსაპოვებლად. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს 7 წონითი კატეგორიიდან ოთხში აქვთ განაღდებული ოლიმპიადა. სალონდონო ნორმატივი მალხაზ ზარქუამ (60 კგ), დავით ხუციშვილმა (74 კგ), დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) და დავით მოძმანაშვილმა (120 კგ) შეასრულეს. ბერძენ-რომაელთაგან კი საწადელს მხოლოდ მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ) მიაღწია.
წლეულს, სალიცენზიო სეზონი 20 აპრილს გაიხსნება და სულ რაღაც 17 დღე გასტანს. დროის ამ მოკლე პერიოდში 3 საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ექვს-ექვსდღიანი ინტერვალით. 20-22 აპრილს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, 27-29 აპრილს – ჩინეთის ქალაქ ტაიაუნში, ხოლო 4-6 ივლისს - ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში. სოფიასა და ჰელსინკში ლიცენზიას თითოეული წონითი კატეგორიის ორ-ორი საუკეთესო მოჭიდავე მოიპოვებს, ტაიუანში კი სამ-სამი ლიცენზია გათამაშდება.
მჭიდრო გრაფიკის გათვალისწინებით, თურმანიძე და დარჩია, სავარაუდოდ პირველი ტურნირის შემდეგ, შემადგენლობას მნიშვნელოვნად გადაახალისებენ, მე-3 ტურნირზე კი, თითოეული წონითი კატეგორიის 2 უმთავრესი კანდიდატიდან უკეთეს ფორმაში მყოფს მისცემენ ოლიმპიურ შანსს. იმედია, თავისუფალ ჭიდაობაში სრული შემადგენლობის შესაკრავად ბოლო მომენტამდე ნერვიულობა არ გახდება საჭირო. ულიცენზიო წონებს გამოკვეთილი ლიდერები ჰყავთ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის (55 კგ), ოთარ თუშიშვილისა (66 კგ) და გიორგი გოგშელიძის (96 კგ) სახით. ამ სპორტსმენებისგან გულშემატკივარი არა მარტო ოლიმპიურ ლიცენზიას, მედლებს ელის და რა უნდა მოხდეს, რომ რომელიმემ ლონდონის საგზურის მოპოვება ვერ შეძლოს.
გაცილებით მძიმედაა საქმე ბერძნულ-რომაულში. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილიც კი შეგუებულია აზრს, რომ დარჩიას გუნდი სრული შემადგენლობის შეკვრას ვერ შეძლებს და პროგნოზების გაკეთებისას ხუთ ლიცენზიას წარმატებად მიიჩნევს. რაც შეეხებათ კანდიდატებს, უმსუბუქეს წონას - 55 კილოგრამს, ლაშა გოგიტაძის სახით, გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს და პირველყოვლისა მისი უნდა გვეიმედებოდეს. თუმცა, გოგიტაძის გარდა, სავარაუდოდ, შანსი საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ გოდერძი დავითაძესაც მიეცემა.
60 კილოგრამის შიდა კონკურენციაშიც ყველაფერი გარკვეულია. სალიცენზიო ბრძოლაში ევროპის მოქმედი ჩემპიონი რევაზ ლაშხი ჩაერთვება და თუ სწრაფადვე არ მიაღწია მიზანს, შესაძლოა, ერთი შანსი საქართველოს ჩემპიონ ირაკლი ჭოჭუას ან ფინალისტ ფირუზ წულუკიძესაც მიეცეს.
გოგიტაძისა და ლაშხის მსგავსად, მანუჩარ კვირკველიასაც (74 კგ) განაღდებული აქვს ნაკრების პირველნომრობა და სალიცენზიო ტურნირებისთვის ინდივიდუალური გრაფიკით მზადების გამო, მარტში ჩასატარებელ ევროპის ჩემპიონატსაც გამოტოვებს. კვირკველიას გარდა, ალბათ, რომელიმე სალიცენზიო ტურნირზე ზურაბ დათუნაშვილიც იჭიდავებს, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია.
84 კილოგრამში, სალიცენზიო ბრძოლაში ვლადიმერ გეგეშიძე და რევაზ ნადარეიშვილი ჩაერთვებიან, 96-ში – სოსო ჯაბიძის გარდა, სავარაუდოდ, არჩევანი საქართველოს პირველობის რომელიმე პრიზიორზე გაკეთდება. შეგახსენებთ, ვერცხლის მედალს ამირან ზარნაძე დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები ირაკლი ქაჯაია და გივი მორჩილაძე გახდნენ. აქვე რამაზ ნოზაძეც ვახსენოთ, რომელსაც მართალია ტრავმიანობის თუ სხვა პირადი მიზეზების გამო ბევრი გაუცდა, მაგრამ თუ მოსამზადებელ პროცესს სრულყოფილად გაივლის, გამორიცხული არაა, ოლიმპიური შანსიც მიეცეს.
მძიმე წონაში, ამ ეტაპზე, ნაკრების ლიდერი გურამ ფერსელიძეა, ხოლო კანდიდატები რევაზ ჭელიძე და ძმები - სერგო და შოთა გოგისვანიძეები.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.093514