სტატიები

10:25 | 6.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვინ ვის...

ამ უიქენდზე ევროპის ხუთ წამყვან ლიგაში დაუნდობელი ჯახი გაიმართება. ერთმანეთს ისეთი გუნდები ხვდებიან, რომლებიც რომ იტყვიან მამასისხლად არიან გადაკიდებულნი. ასეთი დაპირისპირებების დროს მნიშვნელობა არ აქვს სატურნირო ცხრილში რომელ ადგილზე იმყოფება ესა თუ ის გუნდი, ყველა ბოლომდე იბრძვის და ცდილობს, რომ მეტოქეს მინიმუმ ქულები დააკარგინოს. მსგავსი შეხვედრები ბუქმეიქერთა ყურადღების ცენტრშიც ექცევა და როგორც წესი, მასზე ფსონის დადება მოთამაშისთვისაც მომგებიანია.
ინგლისის პრემიერლიგაში უმთავრესი თამაში ხვალ, ლივერპულში შედგება. “ლივერპული” საკუთარ “ენფილდზე” ლონდონის “ჩელსის” დაუხვდება და თუ მასპინძლები იქ მოგებით საჩემპიონო რბოლაში დაბრუნების იმედად არიან, სტუმრებს ლიდერის პოზიციის გამყარებისა ეიმედებათ. შუა კვირაში, ევროთასებზე ორივე ამ გუნდმა გამარჯვება მოიპოვა და თანაც ისე, რომ მაინცდამაინც არ უწვალიათ. მწვრთნელებს გონებაში პრემიერლიგის ეს უმთავრესი დაპირისპირება უტრიალებდათ. მიმდინარე გათამაშებაში “ჩელსი” უფრო სოლიდურად გამოიყურება და მიუხედავად იმისა, რომ თამაში “ენფილდზე” იმართება, ფავორიტადაც ის მიიჩნევა, თუმცა, ბოლო დროს სიჩქარეები “ლივერპულმაც” აკრიფა. გუნდები ამ თამაშს პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან. ერთადერთი დანაკლისი ლონდონელებისთვის ლამპარდის არყოფნაა. ბუქმეიქერები “ლივერპულის” მოგებას 26%-ით აფასებენ, ფრეს 28-ით, ჩელსის გამარჯვებას კი 46 პროცენტით.
საფრანგეთში ურთიერთობას ორი დიდი ქალაქის დიდი გუნდი გაარკვევს - პარიზში პსჟ “მარსელს” მასპინძლობს. მარსელელებმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში სანაპიროზე თავსდამტყდარი კოკისპირული წვიმის შედეგად დაისვენეს, შუა კვირაში კი, ჟილინაში ხეირიანად წაივარჯიშეს. ერთადერთი დანაკლისი სტუმრებისთვის ის იქნება, რომ საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით, მარსელელ გულშემატკივრებს “პარკ დე პრენსზე” მისვლა და თამაშის ცოცხლად ყურება აუკრძალეს. “მარსელს” ახალბედები კარგად შეერწყნენ და გუნდს აღმავლობის პერიოდი უდგას, მაგრამ არც პსჟ გამოიყურება ცუდად. ამ გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ნენეა, რომელმაც გუნდის შეტევებს მეტი სიმწვავე შემატე. ვარაუდობენ, რომ თამაში შედეგიანი ფრით დასრულდება, პსჟ-ს მოგება 36-ით, “მარსელის” 33-ით, ხოლო ფრე 31 პროცენტით ფასდება.
ესპანეთში უმთავრესი მოვლენა მადრიდული დერბია - “რეალი” “ატლეტიკოს” მასპინძლობს. მიმდინარე სეზონში “სამეფო კლუბს” თამაში არ წაუგია. ჩემპიონთა ლიგაზე მოურინიომ უძლიერესი შემადგენლობა ათამაშა და მილანში სასურველ შედეგს მიაღწია, თუმცა, შედეგიანი ფრე იოლი მისაღწევი არ იყო და გუნდმა დიდი ენერგია დახარჯა. “ატლეტიკომ” მომავალი მეტოქე ბოლოს 1999 წელს დაამარცხა, მას შემდეგ კი წაქცეული “რეალი” აღარ უნახავს. ეს მთელი 17 თამაშია და სტუმრები უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას ეცდებიან, მაგრამ ამის მცდელობა ფორლანისა და გოდინის გარეშე მოუწევთ. ბუქმეიქერების პროგნოზით გამარჯვება 71 პროცენტით “რეალს” დარჩება, “ატლეტიკოს” მოგებაზე მხოლოდ 11 პროცენტია, ფრეზე კი 17.
ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშების დაწყებამდე, “შტუტგარტი” და “ვერდერი” ჩემპიონობის პრეტენდენტებად ითვლებოდნენ, მაგრამ ისე მოხდა, რომ “შტუტგარტმა” არადამაკმაყოფილებელი შედეგებისთვის მთავარი მწვრთნელი უკვე გამოცვალა და უძლიერესთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, ხოლო “ვერდერი” სატურნირო ცხრილის შუაშია, გერმანიის თასის გათამაშებას უკვე გამოეთიშა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი აქვს. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, კონკრეტულად ეს თამაში, ძველი მტრობიდან გამომდინარე საინტერესო უნდა გამოდგეს. “შტუტგარტს” შეტევაში პრობლემა შეექმნება, რადგანაც ტრავმების გამო პოგრებნიაკი და მარიკა გამოაკლდებათ, “ვერდერი” კი ფრიცს და ნალდოს მოისაკლისებს. პროგნოზი შედეგიანი ფრეა. ბუქმეიქერები ფრეს 28 პროცენტად აფასებენ, მასპინძლების მოგებას 38-ით, ხოლო სტუმრებისას 34 პროცენტით.
უიქენდის კიდევ ერთი დერბი იტალიაში შედგება - რომის “ლაციო” “რომას” მასპინძლობს. ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს ქარიზმატულ დერბის “ლაციო” სრულ მზადყოფნაში ხვდება. გუნდი დერბის დიდებული განწყობით ხვდება, სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე საკმარისი მარაგით იმყოფება, შინაარსიან ფეხბურთს აჩვენებს და მოთამაშეები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავს. “რომაზე” იგივეს თქმა არ შეიძლება, რადგანაც გუნდი არასტაბილურ თამაშს აჩვენებს როგორც შიდა ასპარეზზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე. ამასთან, წითელი ბარათის გამო დერბის ტოვებს რომელთა მთავარი ვარსკვლავო ტოტი, რომელიც გუნდის უდავო ლიდერია. მაგრამ “მგლებს” “არწივების” წინააღმდეგ თავიანთი “მეთაურის” გარეშე მოუწევთ გასვლა და ვეღარაფერს შეცვლიან. “ლაციოს” მოგება 38 პროცენტით ფასდება, “რომასი” 34-ით, ხოლო ფრე 28 პროცენტით.
პროგნოზებია ერთია, მაგრამ ყველაფერი უშუალოდ მოედანზე, კონკრეტული სიტუაციებით წყდება. ერთი რამ ფაქტია - ამ დაპირისპირებებში დანდობა არ იქნება.

ზურა ქსოვრელი

 


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094918