ო, როგორი ბედნიერი ვიყავი 12 თებერვლის სუსხიან ღამეს, სენიორ ანტონიო. სქოთლენდის მწველი და ძვალ-რბილში გამტანი ქარებიც კი თითქოს სადღაც შორს დარჩა და ფიქრებით ჩემს ლამაზ ნეაპოლში დავბრუნდი. თითქოს, ისევ პატარა ბიჭი ვიყავი და ჭინჭრიან მდელოებზე მეც სხვებთან ერთად ვაგორებდი ბურთს. ეს თქვენ და თქვენმა დიდებულმა გუნდმა მაგრძნობინა, სენიორ კონტე და მე ამას არასოდეს დაგივიწყებთ.
გასული საუკუნის 50-იან წლებში, იტალიაში არსებულ გაჭირვებას ბრიტანეთში გამორიდებული ნეაპოლელი მოხუცის სიტყვები, შეიძლება, სასაცილოდაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ აქ, ამ კუნძილზე ისე ვიცხოვრე ნახევარ საუკუნეზე მეტი, რომ ჩემი იტალიელობა, მხოლოდ დაწოლის წინ თუ გამახსენდებოდა. მთელი წლები პიცერიაში მცხობელად ვიმუშავე, გარშემო სულ ჩემსავით იტალიელი ემიგრანტები მეხვია, მაგრამ ეროვნული თავმოყვარეობა, თითქოს სადღაც შორს, გულისგულში მქონდა სამუდამოდ გადამალული. მე მახსოვს ჩვენი ნაკრების ყველა დიდი გამარჯვება ჯერ კიდევ 1982 წლიდან მოყოლებული. მაგრამ, მაინც ვერ ვაღვიძებდი ჩემში იმ ბიჭს, რომელიც 12 წლამდე, ბატებს მწყემსავდა და ნაეპოლიტანურ კილოზე უქცევდა. თითქოს მრცხვენოდა კიდეც ამის. თვით დიდი ვიტორიო დესიკას შესანიშნავმა ფილმმა – “პური და შოკოლადი” - ვერ გააღვიძა ჩემში ნამდვილი იტალიელი. და ახლა, როდესაც უკვე მოხუცი და მოფანფალებული ვიჯექი ”სელტიკ პარკის” ტრიბუნაზე, მივხვდი, რომ იტალიელობა ღვთის საჩუქარია და ნამდვილი იტალიელი, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს თავის სამშობლოში!
“იუვენტუსის” სამივე გოლმა, შეიძლება ითქვას, რომ ჩემს გულზე გადაიარა. შორს, წარსულში დარჩა ის დრო, როდესაც ტრიბუნაზე მჯდარი, მეც სხვებთან ერთად ხმის ჩახლეჩვამდე ვყვიროდი და ფეხებს ვაბრახუნებდი. პიემონტელების ამ გამარჯვებით, მე მხოლოდ გულში, ჩემს მოხუც გულში ვიგრძენი დიდი, უზომო ბედნიერება, რომ მეც თქვენი ნაწილი ვარ. მეც თქვენიანი ვარ და სხვა, მილიონობით იტალიელთან ერთად, მეც მახატია გულზე ჩვენი ლამაზი სამფეროვანი დროშა! ეს თქვენ, მხოლოდ თქვენ მოახერხეთ სენორ ანტონიო და სიცოცხლის იმ წლების მანძილზე, რასაც მომავალში ღმერთი მაჩუქებს, ყოველთვის თქვენი მლოცველი ვიქნები.
შოტლანდიაში ცხოვრებამ ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მიმიყვანა. სქოთები მართლაც დიდებული ხალხია და ჩვენს დედამიწაზე იმ იშვიათი ერთაგანია, რომლებსაც დამარცხების აღიარება ღირსეულად და ვაჟკაცურად შეუძლიათ. მე აქ ბრიტანული გულშემატკივრობის დიად ტრადიციებს გავეცანი და არაერთხელ დავრწმუნდი, რომ შოტლანდიელი გულშემატკივარი, თავისი სამშობლოს პატრიოტს ნიშნავს. ნამდვილი პატრიოტი კი, აქ აუცილებლად გულშემატკივარია! უზომოდ შემიყვარდა ეს ქვეყანა, მაგრამ ამდენი წელია გლაზგოში ვცხოვრობ (ფაქტობრივად აქ გავიზარდე) და ვერაფრით ვერ ავირჩიე საგულშემატკივრო გუნდი. გაგიკვირდებათ და 70 წლის კაცს, საყვარელი საფეხბურთო კლუბი აქამდე არ მყოლია. არადა, ფეხბურთი, ჩემი ხელობის კაცის კვალობაზე, ყოველთვის მიყვარდა. “სელტიკი”, “რეინჯერსი”, “აბერდინი” და ინგლისური გუნდებიც მომწონდა, მაგრამ მათ შორის გულშემატკივრობის არჩევანის წინაშე, არასოდეს დავმდგარვარ.
და ახლა, როდესაც ანტონიო, ჩემო შვილო და უმცროსო მეგობარო, ჩემი თვალით ვიხილე “იუვე” - ჩვენი სიამაყე და ღირსება! ჩვენი იმედი და მომავალი! - ახლა უკვე ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი გაცემული. დღეიდან, მე ტურინის “იუვენტუსის” ტიფოზი ვარ. დიახ, ტიფოზი! და არა ფანი, ან ინჩასი! მე, 70 წლის ვინჩენცო სანტრე, ბედნიერი ვარ, რომ ტურინის “იუვენტუსს” ვგულშემატკვრობ!









