გულშემატკივრის სვეტი

11:40 | 29.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ვირკალათბურთი – ქართული სპორტის მომავალი

წყალბურთიც გაგვიგია, მოტობურთიც, და ცხენბურთიც... მაგრამ, ვირებით კალათბურთის თამაში აშკარად ცოტა სხვა რამეა. ალბათ უკვე ნახეთ, ჩვენს პორტალზე რამდენიმე დღის წინ დადებული სახალისო ვიდეო - http://worldsport.ge/Video.aspx?section=4&video=1233, სადაც ჩანს, როგორ თამაშობენ ამერიკელი ჯეელები კალათბურთს ვირებით და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მოხერხებულ კაცსაც კი გაუჭირდება კალათბურთის დარბაზში ვირის მართვა, ამერიკელები რისი ამერიკელები იქნებიან, ასეთ ”წინააღმდეგობებს” რომ შეუშინდნენ. ვირი, ჩვენი არ იყოს, ამერიკელებსა და ევროპელებსაც ძალიან  უყვართ. ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობების დროს ვირების გამოჩენილი გმირობანიც რომ არ ვახსენოთ, მთელი ამერიკის სამოქალაქო ომის მანძილზე ვირებმა (და ჯორებმა) დაატკიცეს, რომ მათთან გამძლეობასა და ამტანიანობაში ვერც ერთი ცხოველი ვერ მოვა და მე თუ მკითხავთ, სწორედ ვირების კისერზე გადაიარა იმ ომმა. და ჩვენთან? მეორე მსოფლიო ომის დროს, კავკასიის უღელტეხილების დაცვისას, სვანეთში სწორედ ვირებმა ათრიეს ადამიანებიცა და საბრძოლო ტექნიკაც. მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში ვირმა მაინც ვერ მოიცილა სატირულ-ირონიული იმიჯი და როდესაც კახეთის გზებზე მოსიარულე ურმებში შებმულ ვირებს ვხედავთ, რატომღაც ყველანი სულ სხვაგვარ, ერთგვარ ლირიკულ განწყობაზე ვდგებით ხოლმე.

როდესაც ვირებით მოთამაშე კალათბურთელების ვიდეო ნახეთ, გამოტყდით, რომ პირველად თვალწინ სწორედ კახეთი და კახური ვირები დაგიდგათ. ეს ბუნებრივიცაა... თუკი ამერიკას ბევრ სფეროში (მათ შორის სპორტშიც) ჩამოვრჩებით, მათთან ვირკალათბურთში ნამდვილად არ ვიქნებით უშანსოდ. ვირები არა გვყავს თუ, ვირზე ამხედრებას ვერ შევძლებთ? უპირველეს ყოვლისა, ოთხი რამაა ამ კუთხით გასაკეთებელი: 1. უნდა მივწეროთ ამერიკის ვირკალათბურთელთა ფედერაციას (თუკი საერთოდ არსებობს მსგავსი ორგანიზაცია) და ვირკალათბურთის მსოფლიო ლიგის ჩამოყალიბება უნდა შევთავაზოთ. ამ ლიგაში, რასაკვირველია, თავიდან ამერიკელები და ჩვენ ვიქნებით, შემდეგ კი სხვა ქვეყნებიც შემოგვიერთდებიან. 2. ასაშენებელია სპეციალური ვირკალათბურთის დარბაზები, სადაც დარბაზებთან ახლოს ვირებისათვის მოეწყობა დასასვენებელი და სასადილო თავლები. არ იქნება ურიგო, თუკი ვირებისათვის გამაჯანსაღებელი სპა-ცენტრების მოწყობასაც დავიწყებთ. 3. უნდა დავიაროთ მთელი საქართველო (განსაკუთრებით კი კახეთი) და სპეციალური შერჩევის წესით, ავარჩიოთ ვირკალათბურთში გამოსადეგი ვირები. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თუკი შერჩევა არ მოხდა, ყველას თავისი ვირი ჰგონია განსაკუთრებული და მაგარი და აბა, რომელი ვირის პატრონი აიტანს თავისი ვირის უსამართლოდ დაჩაგვრას? ობიექტური ექსპერტები კი, კონკურსში მონაწილე ვირებს შეუმოწმებენ ფეხისა და კისრის კუნთებს, კბილებს და ჩლიქებს. თუ კარგად დააკვირდებით, ამერიკულ ვირებს ვირკალათბურთის დროს ჩლიქებზე ნალები არ უკეთიათ (მტერს დაადგას ვირმა ფეხზე ნალიანი ჩლიქი) და ვირების შერჩევისას, დაუნალავ ვირებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. 4. განსაკუთრებულად ფაქიზად და დაკვირვებით ვირების მხედრები უნდა აირჩეს. საქართველოში და განსაკუთრებით კახეთში, ღვინო ბევრს უყვარს. ღვინის სიყვარული კი, ღიპის სიდიდის პირდაპირპროპორციულია. ღიპიანი ჯეელი ვირკალათბურთს, რასაკვირველია, ისე კარგად ვერ ითამაშებს, როგორც უღიპო და ტანკენარი. არადა, ხომ შეიძლება, რომ სწორედ ღიპიანსა და ჩაკურატებულს ჰყავდეს ყველაზე ძლიერი და მუხლმაგარი ვირი? მერე იქნება კი თანახმა ვირის პატრონი, იმაზე, რომ მის ვირს სხვა მოაჯდეს ზურგზე და გააჭენოს? აი, სწორედ ამ დროს გვჭირდება გამოცდილი ფსიქოლოგების ჩართვა, რომლებიც ვირების ღიპიან პატრონებს დაარწმუნებენ, რომ მათი ვირი, უპირველეს ყოვლისა, სამშობლოს ეკუთვნის და მხოლოდ ამის შემდეგ პატრონს. რა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ვირის ისეთი პატრონებიც, რომლებიც ცოცხალი თავით არ დათანხმდებიან ვირის დათმობას. ასეთების ფოტოსურათები და სახელი-გვარი დიდი ასოებით უნდა დაიბეჭდოს სპეციალურ პოსტერებზე და ვირკალათბურთის დარბაზებში გამოიკრას წარწერით: ”მსოფლიო ვირკალათბურთის მტრები!” და მაშინ ხომ მაინც მოედებათ სირცხვილის ალმური, როდესაც მვა-ს (მსოფლიოს ვირკალათბურთის ასოციაცია) სუპერფინალის დროს, ჩიკაგოსა და ვეჯინის გუნდების შეხვედრისას, ვირკალათბურთის დარბაზის ”სირცხვილის კედელზე” გამოკრულ საკუთარ ფოტოსურათს დაინახავენ...  
ვირი რა საჭირო და კარგი ცხოველიცაა, ეს ქართველებმა სხვებზე ნაკლებად ნამდვილად არ ვიცით. ასე რომ, დროა ვიმოქმედოთ და არც ისე შორს იქნება ის დრო, როდესაც სოფელ კურდღელაურში ვირკალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. სოხუმში გამართულ დომინოში მსოფლიოს ჩემპიონატს ხომ მაინც აჯობებს...
 
ლევან სეფისკვერაძე   
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097753