სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთმა ფავორიტმა ესპანეთის ნაკრებმა ტურნირზე საუკეთესო შეხვედრა პორტუგალიასთან მერვედფინალში ჩაატარა. “ფურია როხა” დამაჯერებლად გავიდა 8 საუკეთესო ნაკრებთა შორის, თუმცა, სპეციალისტთა და გულშემატკივართა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ვისენტე დელ ბოსკეს “სელექსიონს” კიდევ უფრო მაღალ დონეზე თამაში ხელეწიფება. ესპანელთა ულვაშა დამრიგებელი მერვედფინალში გუნდის თამაშით კმაყოფილი დარჩა, რასაც მისი ინტერვიუ ადასტურებს.
- უპირველესად რის ხარჯზე შეძელით პორტუგალიელთა წინააღმდეგობის გატეხვა?
- პრაქტიკულად მთელი 90 წუთის განმავლობაში მატჩის სადავეები ხელთ გვეპყრა. ეს განსაკუთრებით შესვენების შემდეგ გამოიკვეთა. ჩვენი ფეხბურთელები თავს კომფორტულად გრძნობდნენ, უპირატესობასაც ფლობდნენ და დარწმუნებული ვიყავი, გოლს რომ გავიტანდით. ამასთან ბიჭებს მაქსიმალური ყურადღებით თამაშს ვთხოვდი – მსოფლიოს ჩემპიონატის ფლეი ოფში ერთადერთმა დაუფიქრებელმა სვლამ და შეცდომამ სიტუაციის უარესობისკენ მკვეთრად შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს. მთლიანობაში “ფურია როხამ” კარგად ითამაშა, მეორე ტაიმში ზეწოლა გააძლიერა, საგოლე მომენტებიც მოხშირდა საიმედოდ მოთამაშე ედუარდოს კართან (პორტუგალიელთა მეკარეს კეირუშის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერეს - რედ), რაც საბოლოოდ დავიდ ვილიას გადამწყვეტი დარტყმით დაგვირგვინდა.
- თქვენი გუნდიდან რომელ ფეხბურთელებსა და ხაზს გამოჰყოფდით?
- ჩვენი წინასამატჩო ჩანაფიქრი შემდეგი გახლდათ – პორტუგალიელთა მარჯვენა ფლანგი მაქსიმალურად უნდა შეგვეზღუდა და შეძლებისდაგვარად დავიდ ვილია მეტოქის მცველთან ერთი-ერთზე დაგვეტოვებინა. ასეთ დროს “ბარსელონას” ფორვარდს ვიზავის ჯობნა და საგოლე ჩხვლეტის განხორციელება შეუძლია. დაკისრებულ ამოცანას ბიჭებმა თავი მშვენივრად გაართვეს. განსაკუთრებით კი ის მოთამაშეები მსურს გამოვყო, რომელთაც ჟურნალისტები მატჩისშემდგომ საგაზეთო მიმოხილვებში შედარებით ნაკლებ ყურადღებას უთმობთ. სერხიო ბუსკეტსი, სერხიო რამოსი, ხოან კაპდევილია ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ.
- ფერნანდო ლორენტეს საქმეში ჩართვამ აშკარად გაგიმართლათ...
- ლორენტე ძალიან კარგად გამოიყურება ვარჯიშებზე. ფერნანდო განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომლიც, სწორად გამოყენების შემთხვევაში, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს თავსატეხს გაუჩენს. ჩვენ გვჭირდება მოთამაშე, ვინც ბურთს დიდხანს “დაიჭერს” და “ათრევს”, ამასთან ლორენტე ბრწყინვალედ თამაშობს თავითაც. ეს კი პორტუგალიელებთან დაპირისპირებისას ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია – კარლუშ კეირუშის გუნდში ხომ 6 მაღალი ფეხბურთელია. ლორენტეს კარგი თამაში კი უფრო მისი დამსახურებაა, ვიდრე ჩემს მიერ თუნდაც დროულად განხორციელებული ცვლილებისა.
- მეოთხედფინალში სასტარტო შემადგენლობაში ლორენტეს გამოჩენას ხომ არ უნდა ველოდეთ?
- თუკი ფერნანდო ტორესს ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, პარაგვაისთან მეოთხედფინალში პირველი წუთიდან ის ითამაშებს.
- პარაგვაისთან დაპირისპირებაში ესპანეთის ნაკრები გამოკვეთილ ფავორიტად ითვლება...
- ყველაზე დიდი შეცდომა და უპასუხისმგებლობა იქნება, თუკი თავს უკვე ნახევარფინალში დავიგულებთ. სათანადო განწყობისა და კონცენტრაციის გარეშე პარაგვაელთა ძლევა ნებისმიერი ნაკრებისთვის წარმოუდგენელია.
გოჩა კაჭარავა







