ადამიანი კარგა ხანია მიეჩვია საზოგადო და გაბატონებული აზრის ტყვეობაში ცხოვრებას. ეს შეხედულებები, თანდათან, ერთგვარ დოგმატურ კლიშეებად ჩამოყალიბდა და მათი ეჭვქვეშ დაყენება, ხშირად ლამის უზნეობადაც კი ითვლება. მაგალითად, ევროპაში ყველამ იცის, რომ ღვინის სამშობლო საფრანგეთია, პირველი საზღვაო ხომალდი ფინიკიელებმა მოიგონეს, თამბაქო ამერიკელი ინდიელების აღმოჩენილია და ფეხბურთის სამშობლო კი ინგლისია. ხშირად არავის აინტერესებს ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც ამ შეხედულებებს თავდაყირა აყენებენ და უძნელესი საქმეა, “პინო რენუარზე” შეყვარებული ევროპელი დაარწმუნო, რომ ღვინის სამშობლო გალაღებული და საკუთარი პროდუქციის კარგად დამრეკლამებელი საფრანგეთი კი არა, შესაძლებელია, საქართველო იყოს. ამას, სხვა თუ არაფერი, ჩვენს ქვეყანაში აღმოჩენილი ადრეული ფეოდალური ეპოქის ქვევრები და საწნახელებიც ადასტურებენ.
იგივე შეიძლება ითქვას ფეხბურთზე, რომლის სამშობლოდაც, ერთხმად, ბრიტანეთის კუნძული სახელდება. ინგლისური ფეხბურთის მრავალი ქომაგისთვის, ხშირ შემთხვევაში შეურაწმყოფელიც კია იმაში ეჭვის შეტანა, რომ ფეხბურთი ინგლისში და მხოლოდ ინგლისში შეიქმნა. არადა, ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის ჩინურ გრავიურებზე ნათლად ვხედავთ ყვითელმოსასხმაიან წვრილთვალება ჯეელებს, რომლებიც მრგვალ საგანს ფეხების მირტყმა-მორტყმით დასდევენ და ცდილობენ, 2 ბამბუკის ძელს შორის ჩამდგარ კაცს გადააცილონ. და არა მხოლოდ გრავიურებსა და ნახატებზე. ძველ ჩინურ ხელნაწერებში ასახულია დაბალი ფენისათვის ესოდენ საყვარელი თამაში, რომლის სახელიც, ქართულად ითარგმნება როგორც “ძლიერი ფეხები”. ამ თამაშშის წესები, რა თქმა უნდა, ძალიან აღრეული და დაუბალანსებელი იყო, მაგრამ ხელნაწერებიდან ის კი ნათლად ირკვევა, რომ თამაშს 2 გუნდი თამაშობდა, რომლებიც ცხოველის ტყავისაგან შეკერილი მრგვალი საგნის ერთმანეთისათვის წართმევას ფეხებით ცდილობენ და გამარჯვებული ის გუნდი ხდებოდა, ვინც უფრო მალე მიიტანდა ამ საგანს მონიშნულ ადგილზე.
ინგლისური ფეხბურთის ძველ და ლამაზ ტრადიციებში ეჭვის შეტანას არამც და არამც არ ვაპირებ, მაგრამ ჩინელებსაც რომ თავი დავანებოთ, სად გავექცევით რომაელი ლეგიონერების საყვარელ თამაშ “კალჩიოს?”. “კალჩიო”, განსაკუთრებით პოპულარული, რომის დიდი იმპერატორის, ავგუსტუსის დროს გახდა. ლეგიონერები წინასწარ მონიშნული სწორი მინდვრის თავში და ბოლოში კუთხეაწეულ ღია კარვებს დგამდნენ. შემდეგ ზუსტად თანაბარი რაოდენობის ორი გუნდი (თუმცა, ბუნებრივია, მოთამაშეთა საერთო რაოდენობა განსაზღვრული არ იყო) ერთმანეთს ფეხით ბურთის წართმევაში ეპაექრებოდა და თუ მოწინააღმდეგის ნახევარზე მდგარ ღია კარავში რომელიმე გუნდი ბურთს (რომელიც ასევე ცხოველის ტყავისაგან იკერებოდა) შეაგდებდა, გამარჯვებაც მას რჩებოდა. თამაში მხოლოდ 1 ბურთის გატანამდე იყო, თუმცა ეს, როგორც ჩანს, არც ისე ადვილი საქმე გახლდათ, რადგან მინდორზე მოთამაშეთა რაოდენობა, ხანდახან, 100 კაცსაც კი აღწევდა და 50 მოწინააღმდეგის გამკლავება რომაელ ჯარისკაცებს კი არა, დღეს ბრწყინვალე ფორმაში მყოფ “ბარსელონასაც” კი გაუჭირდება. იტალიელები ფეხბურთს დღესაც “კალჩიოს” უწოდებენ და ეს, სხვა ყველაფერთან ერთად, იმის ხაზგასმაცაა, რომ ფეხბურთის სამშობლოობაზე პრეტენზია, რომის იმპერიის შთამომავლებსაც გააჩნიათ.
ინგლისელი ფეხბურთის ისტორიის თანამედროვე მკვლევარები, მათი თანამემამულე ფანებისაგან განსხვავებით, ასე შეუვალნი არ არიან და ყოველთვის ერიდებიან იმის დამაჯერებელ მტკიცებას, რომ ფეხბურთის სამშობლოდ, მხოლოდ ინგლისი უნდა ჩაითვალოს, თუმცა შეუძლებელია, უგულებელყო მათი ფაქტებით განმტკიცებული შეხედულება, როდესაც ამბობენ, რომ მათთვის (ანუ ინგლისელთათვის), ნაკლებად მნიშვნელოვანია ათასწლეულის წინ სად და რომელი შეიხი, ლეგიონერი თუ მდაბიო როგორი ფორმის ბურთს დააგორებდა. უფრო მნიშვნელოვანია ფეხბურთის წესების შექმნა და ამ თამაშის ერთგვარ ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევა. ეს ყველაფერი კი, უდავოდ, ინგლისელებმა გააკეთეს და სწორედ ბრიტანელთა დამსახურებაა ის, რომ დღეს, ფეხბურთს მკაცრად გაწერილი, ნათელი და გონივრულად მოფიქრებული წესები გააჩნია, რომელიც პერიოდულად, მცირედით კი კორექტირდება ხოლმე, მაგრამ თუნდაც ის, რომ მინდორზე ერთ გუნდს მხოლოდ 11 კაცი უნდა დაურბოდეს, ფეხბურთელებს ხელით თამაში უნდა ეკრძალებოდეთ, მოწინააღმდეგესთან უხეში თამაში უნდა ისჯებოდეს და სხვა... ინგლისელთა წესრიგისმოყვარე და ნათელი გონების ნაყოფია.
მომავალში, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გამწვავდება კამათი იმაზე, თუ დასახელებული სამიდან, რომელი ქვეყანა და ერი უნდა ვცნოთ საბოლოო ჯამში ფეხბურთის სამშობლოდ და ყველა მოკამათე მხარეს თავისი არგუმენტებიც გამოულევლად ექნება, მაგრამ მთავარია, რომ ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს რაიმე სახის ეთნიკურ დისკრიმინაციაში.
საბოლოოდ, მაინც ცხადია, რომ ფეხბურთი ის ფენომენია, რომელიც ერთი, კონკრეტული ერის საკუთრება არასოდეს ყოფილა და ასეთი ვერც ვერასდროს გახდება. ფეხბურთი ყველა ხალხს თანაბრად ეკუთვნის და თუკი, ვთქვათ, ფეხბურთის სამშობლოდ არგენტინა, ან ბრაზილია არ სახელდება, ამით, მარადონასა და რონალდოს დიდებას მისხალიც კი არასოდეს მოჰკლებია.
ლევან სეფრისკვერაძე









