ვლადიმერ ბოისას კალათბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის წარდგენა არ სჭირდება. ორმაგი მოქალაქეობის (საქართველო და სლოვენია) მქონე ბოისა მეუღლესა და ორ შვილთან (გოგო-ბიჭი) ერთად სლოვენიაში ცხოვრობს. იგი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე გამოცდილი, სტაჟიანი კალათბურთელია და ამჟამად საბერძნეთის ერთ-ერთ ძლიერ კლუბ “პანიონიოსის” რიგებში ირიცხება. ბერძნული პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვოვას პოზიციაზე მოთამაშე ნიკოს ბარლოსის გამოჯანმრთელების შედეგ, ბოისამ “პანიონიოსი” დატოვა.
აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით, “მსოფლიო სპორტი” ვლადიმერ ბოისას დაუკავშირდა.
- რამდენად შეეფერება სიმართლეს ბერძნული საინფორმაციო სააგენტოების მიერ თქვენს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია? “პანიონიოსის” წევრი მართლა აღარ ხართ?
- ბერძნულ სააგენტოებს ვეთანხმები, რომ “პანიონიოსის” ხელმძღვანელობამ მართლაც ტრავმირებული ნიკოს ბარლოსოს შემცვლელად ამიყვანა. რაც შეეხება გუნდის დატოვებას, ეს სიმართლეს არ შეეფერება, ისევ “პანონიოსთან” ერთად ვვარჯიშობ, რადგან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე მაქვს გაფორმებული.
- კლუბის ხელმძღვანელობა თუ აპირებს თქვენთან გაფორმებული საკონტრაქტო პირობების შესრულებას?
- “პანიონიოსის” მთავარ მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხება კლუბის პრეზიდენტს, მას არ სურს, საკონტრაქტო პირობები ბოლომდე შეასრულოს და უნდა, ბარლოსის გამოჯანმრთელების შემდეგ გუნდი ვადაზე ადრე დავტოვო.
- თქვენ თუ ეთანხმებით კლუბის პრეზიდენტის სურვილს?
- რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. სეზონის დასრულებამდე ორი თვე დარჩა და პრეზიდენტი ვალდებულია, დარჩენილი ხელფასი გადამიხადოს.
- თქვენ რა პირობებს სთავაზობთ ბერძნებს?
- მინიმუმ ერთი თვის ხელფასი მაინც უნდა გადამიხადონ.
- თუ ვერ მორიგდით?
- მაშინ ჩემს უფლებებს ჩემი მენეჯერი, იტალიელი ქალბატონი მირა პოლიო დაიცავს და თუ საჭირო გახდა, ფიბაშიც ვიჩივლებთ.
- თქვენ როგორ გუნდში გსურთ კარიერის გაგრძელება?
- მირჩევნია, ცოტა დრო მქონდეს, 4-5 ქულა გავაკეთო, ოღონდ ნორმალურ გუნდში ვითამაშო.
- გადმოცემით გეცოდინებათ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი საკმაოდ გაძლიერდა, სადაც ამერიკელ და სამხრეთის სლავ ლეგიონერებთან ერთად, ეროვნულ ნაკრებში თქვენი თანაგუნდელები – გიორგი გამყრელიძე და თქვენი ძმა ანატოლი თამაშობენ. მალე მათ გიორგი ცინცაძეც შეუერთდება. თქვენც რომ შემოგთავაზონ საქართველოში თამაში, დათანხმდებოდით?
- თქვენს გარდა ამ წინადადებით არავის მოუმართავს. მოუფიქრებლად ვერაფერს გეტყვით. ნორმალური შემოთავაზების შემთხვევაში, ამ ეტაპზე მინიმუმ სეზონის ბოლომდე თამაშს დავთანხმდებოდი.
- რას გვეტყვით ევრობასკეტ-2013-ის შესარჩევი ტურნირის D ჯგუფზე, სადაც საქართველო ბოსნიის, ლატვიის, ჰოლანდიისა და რუმინეთის ნაკრებ გუნდებთან ერთად მოხვდა? ძნელი იქნება ფინალური ტურნირის საგზურის მოპოვება?
- რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საგზურისთვის ბრძოლა შეიძლება. სახლში მოგება არ უნდა გაგვიჭირდეს. გასვლაზე ყველა შეხვედრის მოგება ძნელი იქნება.
- “ჯვაროსნების” ყველაზე გამოცდილი წევრი ხართ, თქვენმა ასაკმა 30 წელს უკვე გადააბიჯა. აქტიურ სპორტში დარჩენას რამდენი წელი აპირებთ?
- მინიმუმ 2-3 წელი მინდა ვითამაშო.
- თქვენ ქართველ სპორტსმენთა იმ იშვიათ კატეგორიას განეკუთვნებით, რომელთაც უმაღლესი განათლება არ აქვს. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ, რა გაქვთ დაგეგმილი?
- ისევ კალათბურთში დავრჩები და მენეჯერად ვიმუშავებ.
- შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ თქვენ და თქვენს სლოვენიელ მეუღლეს, რომელიც ხელბურთელია, ქალ-ვაჟი გყავთ – ნაია და ლიანი. თქვენი შვილებიც მშობლების კვალს გაჰყვებიან?
- ლიანმა ფეხბურთი აირჩია, ხოლო ნაიამ ჩემი მშობლების პროფესიაზე, ფრენბურთზე გააკეთა არჩევანი.
როლანდ ლაბუჩიძე









