თბილისის “დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა, რომელიც ამჟამად ვლადიკავკაზის “ალანიას” სპორტული დირექტორია, ჟურნალისტ თენგიზ პაჭკორიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ლივერპულის” კარში გატანილი გოლისთვის გულშემატკივარმა 2000 მანეთი აჩუქა.
ეს ინტერვიუ გამოცემა “სპორტ-ექსპრესში” დაიბეჭდა.
- თითქოს ყველაფერი გუშინ იყო: 1971 წელს “დინამოში” დებიუტი 19 წლის ასაკში გქონდათ. გულშემატკივრები აღფრთოვანებულები იყვნენ ახალგაზრდა დინამოელის ორიგინალური ვარცხნილობით, არაჩვეულებრივი ფინტებითა და სოლო-გარღვევებით. მეტოქეებს შოკში აგდებდით. მახსოვს, ერთხელ “არარატის” მოთამაშეებმა, რომ ვერ გაგაჩერეს, მაისური შემოგახიეს...
- დიახ, იყო ასეთი ეპიზოდი. “არარატის” ფეხბურთელებმა არ იცოდნენ, როგორ გამმკლავებოდნენ, რადგან ღიად უხეშობა და “მოცელვა” არ სურდათ, როგორც ამას სხვა კლუბების ზოგიერთი ფეხბურთელი აკეთებდა. ამიტომ, ერთ-ერთ ეპიზოდში “არარატის” ძალიან გამოცდილმა მცველმა ნორიკ მესროპიანმა, იმით გულდაწყვეტილმა, რომ “ვიღაც ბიჭმა” გვერდი აუარა და კარისკენ გაიჭრა, ორივე ხელი მაისურში ჩამავლო. მაისური გაიხა, ხოლო სტადიონი ეპიზოდის სილამაზისგან “აფეთქდა”, მსაჯმა კი, “არარატის” ფეხბურთელს ყვითელი ბარათი მისცა: მაშინ ამისთვის არ აძევებდნენ. ერთხელ, ერევნელების მცველი ალექსანდრ კოვალენკო კისერზე ჩამომეკიდა. მე მათზე არ ვბრაზობდი, რადგან ჩემი შეჩერება უნდოდათ, თუმცა ამისთვის ფეხებში ძლიერად არ მირტყამდნენ.
- საბჭოთა კავშირის ახალგზარდულ და პირველ ნაკრებებში თამაშობდით, თბილისის “დინამოს” ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყავით გუნდისთვის “ოქროს პერიოდში” - 1976-1981 წლებში, ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიგეთ. ბავშვობაში ასეთ ბრწყინვალე კარიერაზე ოცნებობდით?
- მამაჩემი გაბრო (პასპორტის მიხედვით გაბრიელი) ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო და ეს მეც გადმომეცა. ბავშობიდან ნაძალადევში ბურთს დავდევდი და ტექნიკას ვხვეწდი. ჩემი რაიონის გუნდთან ერთად “ტყავის ბურთის” რესპუბლიკურ ტურნირზე გავიმარჯვე და საუკეთესო თავდამსხმელად დამასახელეს. წლებთან ერთად, თამაშის უნარი და ცოდნა მომემატა, “დინამოს” მწვრთნელ-სელექციონერებმა შემამჩნიეს და 18 წლის ასაკში საქართველოს და საბჭოთა კავშირის უსაყვარლესი გუნდის ფეხბურთელი გავხდით. ალბათ, გახსოვთ, რომ საბჭოთა კავშირში დინამოელებს “ქართველ ბრაზილიელებს” ეძახდნენ, რადგან არა მხოლოდ ქულებისთვის, არამედ, ლამაზად, იმროვიზირებულად და სიამოვნებით თამაშობდნენ. ასე იყო 60-იანი წლებიდან, როდესაც მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, შოთა იამანიძე, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ბორის სიჭინავა, გიორგი სიჭინავა, კახი ასათიანი და სხვა უდიდესი ოსტატები ბრწყინავდნენ.
- “დინამოში” თაობათა ცვლის პერიოდში მიხვედით, როდესაც მომავალი დიდი გუნდის ბირთვის ფორმირება მიმდინარეობდა. როგორ მიგიღეს გუნდში, გამოცდილი ფეხბურთელების მხრიდან ახალბედების დაჩაგვრას ადგილი არ ჰქონდა?
- რას ამბობთ, რა ჩაგვრა?! მაშინ “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი მურთაზ ხურცილავა იყო, ხოლო გუნდში ნაკრების სხვა ფეხბურთელები სლავა მეტრეველი, კახი ასათიანი, რევაზ ძოძუაშვილი და გივი ნოდია თამაშობდნენ. მანუჩარ მაჩაიძეს უკვე ჰქონდა ადგილი სასტარტოში დამკვიდრებული და აღმავლობას იწყებდა დავით ყიფიანი. მოკლედ, იყო ხალხი, ვისგანაც სწავლა შემეძლო.
- სტაჟიანი გულშემატკივრები იხსენებენ, რომ 1981 წელს მიწვევა მადრიდის “რეალისგან” მიიღეთ...
- მადრიდში ჩატარებული ტურნირის შემდეგ, ნოდარ ახალკაცმა დამიძახა და მითხრა, რომ “რეალს” ჩემი ხილვა საკუთარ რიგებში სურს, რისთვისაც მზადაა, ტრანსფერისთვის ნებისმიერი თანხა გადაიხადოს, რომელსაც კონტრაქტში მივუთითებთ. მე გავშეშდი... თუმცა, მაშინვე გავიაზრე, რომ ესპანეთში არავინ გამიშვებდა, რადგან თუ “რეალის” წინადადებას დავთანხმდებოდი, ჩემს ნათესავებსა და ახლობლებს, კლუბის ხელმძღვანელობას პრობლემები შეექმნებოდა, შესაძლოა. “სამშობლოს მოღალატედაც” გამოვეცხადებინე.
ნოდარ ფარსადანოვიჩმა მითხრა: “ვოვა, მოიფიქრე, “რეალს” უარი როგორ ვუთხრათ”. მადრიდული კლუბის წარმომადგენლებს მადლობა გადავუხადე და განვუცხადე, რომ “დინამოდან” წასვლა და თბილისიდან გამგზავრება, კლუბის, ქალაქისა და გულშემატკივრების სიყვარულის გამო არ შემიძლია. თავაზიანი უარის ეს მიზეზები “რეალის” წარმომადგენლებმა პატივისცემით მიიღეს. თუმცა, ჩემი სიტყვებს აზრს, რომ ყველაფერთან ერთად თბილისში ყველა პირობა მაქვს, მათ შორის ავტომანქანა “ვოლგა”, რომლის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, ვერ მიხვდნენ. ესპანელები დიდი ხნის განმავლობაში არკვევდნენ, ასეთი რა ავტომანქანაა, რომლის გამო გუცაევს თბილისიდან წასვლა არ სურს. შემდეგ, ახალკაცს ჩემს მაგივრად ორი ძლიერი ფეხბურთელი, სანტილიანა და ხუანიტო შესთავაზეს. თუმცა, ჩვენ იძულებულნი ვიყავით, ყველა ვარიანტზე უარი გვეთქვა. მადრიდელებს გაუკვირდათ, მაგრამ მეტად ეს თემა აღარ წამოუწევიათ.
ესპანელები უფრო მეტად მაშინ გაოცდნენ, როდესაც 1982 წელს, საბჭოთა კავშირის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე დავით ყიფიანის გარეშე ჩავიდა. მაშინ, ნაკრებში თბილისის “დინამოს” ოთხი ფეხბურთელი: ალექსანდრე ჩივაძე (გუნდის კაპიტანი), თენგიზ სულაქველიძე, რამაზ შენგელია და ვიტალი დარასელია თამაშობდა. თუმცა, კონსტანტინ ბესკოვმა და ვალერი ლობანოვსკიმ (ნაკრების მწვრთნელთა ტრიუმვირატის მესამე წევრი ნოდარ ახალკაცი საქმეში არ ერეოდა) ჩემპიონატზე არც დავით ყიფიანი, რომელიც გამოკითხვების შედეგად, 1982 წლის დასაწყისში მსოფლიოს ხუთ წამყვან ფეხბურთელს შორის შედიოდა, და არც მე არ წამიყვანეს.
როდესაც ნაკრები მადრიდში ჩაფრინდა, ესპანელმა ჟურნალისტებმა ბესკოვს ჰკითხეს: “რატომ არ არიან ყიფიანი და გუცაევი, რომლებიც ევროტურნირებზე თამაშიდან საუცხოოდ გვახსოვს?” როგორც ამბობენ, ბესკოვმა ეს ყველაფერი რაღაც ტაქტიკური მოსაზრებებით ახსნა. ესპანელმა ჟურნალისტებმა კი გაიფიქრეს, ვინაიდან ყიფიანი და გუცაევი არ არიან, ე.ი. საბჭოთა ნაკრებს უფრო ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. დავითი შოკში იყო, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა. მას შემდეგ, რაც ტურნირამდე 2 თვით ადრე, 1982 წლის აპრილში, მას შეატყობინეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ წავიდოდა, ყიფიანი ფეხბურთიდან საერთოდ წავიდა. ის 31 წლის იყო და კიდევ 4 წელიწადი ცდა არარეალური გახლდათ. მე 29-ის ვიყავი და თამაშს ვაგრძელებდი, მაგრამ ამ დარტყმისგან გონს დიდი ხანი ვერ მოვდიოდი.
- 1986 წელს, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, მწვრთნელად საქართველოში მუშაობდით, შემდეგ კვიპროსზე, მოგვიანებით ისევ საქართველოში დაბრუნდით და ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებებს წვრთნიდით. ასევე, “სპარტაკ-ალანიას” გუნდის უფროსი იყავით, რომელიც 1995 წელს რუსეთის ჩემპიონი გახდა. ამჟამად, კვლავ ვლადიკავკაზში მუშაობთ...
- მიმდინარე წლის ოქტომბერში, ჩემმა მეგობარმა ვალერი გაზაევმა “ალანიას” სპორტული დირექტორის თანამდებობა შემომთავაზა. მიმდინარე სეზონში გუნდის მიზანი პრემიერლიგაში დამკვიდრებაა, ხოლო მომდევნოში – ევროთასებზე თამაშის უფლების მოპოვება. ვნახოთ, რა გამოვა.
- 1979 წლის 3 ოქტომბერს, თბილისელებმა შინ ლეგენდარული “ლივერპული” 3:0 დაამარცხეს და სამიდან ერთი გოლი თქვენ გაიტანეთ, ხოლო ინგლისელები ჩემპიონთა თასს გამოეთიშნენ. ერთ-ერთი ინტერვიუში თქვით, რომ “ლივერპულის” კარში გატანილი გოლისთვის ერთ-ერთი თბილისელი გულშემატკივარი 1000 მანეთს პრემიას შეგპირდათ, რაც იმ დროისთვის დიდი ფული იყო.
- 1000 კი არა, ამ გოლისთვის მან 2000 მანეთი მაჩუქა. ინგლისში პირველი მატჩი 1:2 წავაგეთ, ხოლო შემდეგ ეტაპზე გასასვლელად თბილისში მინიმუმ 1:0 უნდა მოგვეგო. მატჩამდე იმ გულშემატკივარმა მითხრა: “ლივერპულს” გაუტან და 2000-ს გაჩუქებ”. ეს ჩემი დიდი ხნის თაყვანისმცემელი აწ გარდაცვლილი ლერი კირვალიძე იყო. საპასუხო თამაშამდე, ნაკლებად თუ ვინმეს სჯეროდა, რომ “ლივერპულს” დავამარცებდით, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის, ის ჯილდოს შემპირდა.
- შემდეგ ამის გამო ინანა?
- თავად ლერიმ ასეთი რამ მომიყვა. როდესაც ჯერ ინგლისელებს დავასწარი, შემდეგ, რამაზ შენგელიას და გოლი გავიტანე, თავდაპირველად მას გაუხარდა, ხოლო მერე გვერდით მსხდომს ჰკითხა: “ეს გუცაევია?” მას დაუდასტურეს და გაშეშდა... საქმე ხომ დიდ თანხას ეხებოდა. მაშინ “დინამოს” საუკეთესო ფეხბურთელები 360 მანეთს იღებდნენ, რაც კარგი ხელფასი იყო, ხოლო ამ შემთხვევაში ერთი გოლისთვის 2000 მანეთი, ნახევარი წლის ხელფასის ტოლი თანხა იყო. ლერი ტრიბუნიდან ორი წუთის განმავლობაში ქოქოლას მაყრიდა. მის გვერდით მსხდომნი ვერაფრით მიხვდნენ, ხასიათი რატომ გაუფუჭდა. მატჩის მერე, ცხადია, ლერიმ შეპირებული თანხა მომცა. თუმცა, მეტად მას აღარ დავნიძლავებივარ, რადგან შემეცოდა. მაშინ შენგელია გამიბრაზდა, რადგან დავასწარი, მაგრამ როდესაც ავუხსენი, რაში იყო საქმე, დიდხანს იცინა. თუმცა, იმ პერიოდში ჩემთვის მთავარი ფული კი არა, არამედ ის ფაქტი იყო, რომ ფეხბურთელები ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა. ხალხი ქუჩაში გვცნობდა და სითბოს გულწრფელად გვჩუქნიდა. ეს კი, ნებისმიერ პრემიაზე მნიშვნელოვანია.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









