რვა გუნდი და რვა მატჩი დარჩა მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე. კულმინაცია იწყება და ნერვიულობა, მაჯისცემაც იზრდება. მართალია, მუნდიალმა ბევრი სენსაცია, ბევრი უხეში შეცდომა (მსაჯებს ვგულისხმობთ) და ბევრიც უფერული მატჩი გვანახა, მაგრამ ცუდი მსოფლიოს ჩემპიონატი არ არსებობს და არ შეიძლება, გულგრილად უყურო ამხელა ზეიმს.
როგორია ეს მუნდიალი ვლადიმერ გუცაევის თვალით? “მსოფლიო სპორტი” თბილისის “დინამოს” ყოფილ ვარსკვლავს და ამჟამად საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა და საინტერესო საუბარიც გამოვიდა. გუცაევი სამხრეთული, ტექნიკური ფეხბურთის მოყვარულია და ფავორიტად ბრაზილიას თვლის.
- 56 მატჩი გაიმართა და თქვენეული საერთო შეფასება როგორია? რა ტენდენციები მოგწონთ ამ ჩემპიონატზე და რა – არა?
- კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ, რაც არ უნდა ხელისშემშლელი ფაქტორები იყოს, ფეხბურთში ტექნიკა და ინდივიდუალიზმი მაინც ყველაზე მაღლა დგას. ამის ნათელი მაგალითია საუკეთესო რვა გუნდში ოთხი სამხრეთამერიკული ნაკრების გასვლა. რატომ? იმიტომ, რომ მათ მეტი ფანტაზია და ტექნიკა აქვთ, ასევე ჰყავთ ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები. ბურთთან ურთიერთობაში აფრიკული ნაკრებებიც არ არიან მწყრლად, მაგრამ ისინი აზროვნებით და ტაქტიკური განსწავლულობით დაბალ საფეხურზე დგანან. ამიტომაცაა, ჯგუფიდან მხოლოდ ერთი აფრიკული გუნდი გავიდა. დანარჩენებს თითქმის შანსიც არ ჰქონიათ.
- თქვენ ვის გულშემატკივრობთ?
- განსაკუთრებულად არავის ფანი არ ვარ, მაგრამ ყოველთვის მომწონდა და მომწონს ბრაზილიური ფეხბურთი. ისინი სულ სხვა სიბრტყეზე დგანან. მაგალითად, შვეიცარიის ნაკრებს უნდა ასწავლო და “დაუღეჭო”, რომ სწორად ითამაშოს. ბრაზილიას კი, ფეხბურთში არაფრის სწავლა არ სჭირდება, ყველაფერი მშვენივრად იციან.
- მთავარ ფავორიტადაც ბრაზილიას მიიჩნევთ?
- კატეგორიული ვერ ვიქნები და ვერ ვიტყვი, ჩემპიონი მაინცდამაინც ბრაზილია გახდება-მეთქი. უფრო ბრაზილიას გამოვარჩევ, მეორე ადგილზე კი არგენტინას დავაყენებ.
- არ ფიქრობთ, რომ თითქოს გაიოლდა დაცვაში თამაში და გოლის არგაშვება? რამდენიმე ასეთი მატჩი უკვე იყო: ალჟირმა ინგლისს არ გაატანინა, შვეიცარიამ სულაც ესპანეთთან შეინახა კარი მშრალად, ბრაზილია მთელი თამაში უტევდა და მხოლოდ ორჯერ გაუტანა ჩრდილოეთ კორეას...
- დიახ, ასეა. სწორედ ამიტომ არიან ვარსკვლავები, რომ ეს დაცვითი ჯებირები გადალახონ. ტრაფარეტული გუნდები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან, მაგრამ რაც არ უნდა ძლიერი დაცვა ჰყავდეს, ან რაც არ უნდა ჩაიკეტონ, უნდა გაუტანო. იტალიამ ეს ახალ ზელანდიასთან ვერ მოახერხა, ინგლისმა კი – ალჟირთან. იმიტომ, რომ არ ჰყავდათ ფეხბურთელები, რომლებიც რაიმე განსაკუთრებულს მოიგონებდნენ.
- ინგლისს არ ჰყავდა?
- უეინ რუნი ფორმიდან იყო ამოვარდნილი. ფაქტია, ინგლისის ნაკრებში არ გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა ლიდერობას. იტალიას კი მძლავრი ფეხბურთელების დეფიციტი აქვს. ეგ კი არა, პერსპექტივაშიც კი არავინ ჩანს იტალიელი, რომელზეც იტყვი, მომავალში დიდ ფეხბურთს ითამაშებსო. აქ, მაინცდამაინც რობერტო ბაჯოს კლასზე არაა ლაპარაკი – უბრალოდ, ბაჯოსთან მიახლოებულიც რომ გახდეს, ამის პერსპექტივაც კი არავის ეტყობა. ამის მიზეზი, სერია ა-ში ლეგიონერების მომრავლებაა.
- მუნდიალზე, ყველაზე მეტად, რომელი ფეხბურთელები მოგწონთ და ვის თვლით საუკეთესოდ?
- სხვებზე ერთი თავით მაღლა დგასო, ვერცერთ ფეხბურთელზე ვერ ვამბობ. ისე კი, არგენტინელებში მაინც გამორჩეულია ლეო მესი, კარგად თამაშობს გონსალო იგუაინი, ესპანელი დავიდ ვილიაც ბრწყინვალეა. ამას დაუმატეთ ლამის მთელი ბრაზილიის ნაკრები – დუნგას გუნდში, ყველანი ძალიან მაგრები არიან.
- და ბოლოს, ამ მუნდიალზე რომელი ფეხბურთელი ჰგავს ვლადიმერ გუცაევს?
- სამწუხაროდ, გარემარბები იშვიათობა გახდა. მესიზე ვერ იტყვი, გარემარბიაო. ალბათ, ჰოლანდიელი არიენ რობენი... სხვა ნაკრებებშიც იქნებიან გარემარბები, მაგრამ მაღალი დონე ვერავის შევატყვე.
ილია ნანობაშვილი







