“კიოლნის” 67 წლის პრეზიდენტს ვოლფგანგ ოვერატს ფეხბურთის განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. იგი გასული საუკუნის 60-70-იანი წლების პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო შუახაზელია. ჰერ ვოლფგანგი იმ “დიდი გერმანული” ნაკრების სრულუფლებიანი წევრი გახლდათ, რომელმაც 1972 წელს ევროპის, ხოლო ორი წლის შემდეგ, საკუთარი ქვეყნის სტადიონებზე ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე ჩემპიონობა მოიპოვა. ამასთან, ოვერატი 1966 წელს ინგლისის მუნდიალის მოოქროვილი მედლის კავალერი გახდა, ხოლო 1970 წელს, მექსიკაში, მსოფლიოს პირველობის მესამეადგილოსანია (ურუგვაისთან გადამწყვეტ მატჩში, ერთადერთი გოლი სწორედ ოვერატის ანგარიშზეა). სანაკრებო დონეზე მან 81 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლის გატანა მოახერხა. ხანგრძლივი პროფესიული კარიერის განმავლობაში (1962-77), ვოლფგანგ ოვერატი ერთადერთი გუნდის, “კიოლნის” ერთგული გახლდათ. მან კიოლნელთა შორის სარეკორდო რაოდენობის - 765 მატჩი ჩაატარა და მიუხედავად იმისა, ამპლუით ნახევარმცველი რომ იყო, ოვერატის შედეგიანობის მაჩვენებელი წარჩინებულ გოლეადორთა უმრავლესობისთვისაც კი სანატრელია (287). მშობლიური კლუბის რიგებში, ვოლფგანგ ოვერატმა ბუნდესლიგის პირველი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა (ამ ტურნირმა სტარტი 1963 წლის შემოდგომაზე აიღო), ხოლო 1968 წელს, საკლუბო პარტნიორებთან ერთად, გერმანიის თასს დაეუფლა.
- “კიოლნის” სადღეისო მდგომარეობაზე რას გვეტყოდით? გუნდი გერმანიის სამგზის ჩემპიონია, თუმცა კარგა ხანია, გულშემატკივარი არ გაგიხარებიათ. 2000 წლიდან მოყოლებული, სამჯერ დატოვეთ პირველი ბუნდესლიგა, ბოლო ათწლეულში კი, საუკეთესო შედეგი მხოლოდ მეცხრე ადგილია...
- ყველა ზომას მივმართავთ საიმისოდ, რომ უახლოეს პერიოდში “კიოლნი” იმ პოზიციებს დავუბრუნოთ, რომელიც კლუბის სახელოვან ისტორიას ეკადრება.
- არ ცხრება საუბარი ლუკაშ პოდოლსკის გუნდიდან წასვლის თაობაზე. მისი პერსონით დაინტერესებას ერთდროულად რამდენიმე კლუბი გამოთქვამს...
- ლუკაში ჩვენი კაპიტანი და საერთოდაც, “კიოლნის” სახეა. მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ ერთი საბუნდესლიგო შეხვედრა გამოტოვა და 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მაქსიმუმს გავიღებთ იმისათვის, რომ პოდოლსკი კლუბში ხანგრძლივი პერიოდით დავიტოვოთ. აუცილებელია, რომ “კიოლნს” საქმე გასავარდნად არ ჰქონდეს, რადგანაც პოდოლსკის დონის ფეხბურთელს ეს არ შეეფერება. თუკი წარმატების მიღწევას მოვახერხებთ, მჯერა, ფეხბურთელი კარიერას ჩვენთან დაასრულებს.
- იმედია, თქვენი კლუბი დასახულ მიზანს მიაღწევს, ჩვენ კი დრო გარდასულ ტრიუმფულ დღეებზე საუბარს დავუთმოთ. უეჭველია, გერმანული ფეხბურთის ზეობის ხანის ერთ-ერთ აქტიურ შემოქმედს გასახსენებელი ბევრი გაქვთ. 1974 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვეთ. უპირველესად მაინც რომელმა ფაქტორმა განაპირობა ჰელმუტ შიონის ბუნდესნაკრების სამუნდიალო გამარჯვება?
- ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, თანაც, საკუთარ კედლებში გამოვდიოდით და მაყურებელთა აქტიური მხარდაჭერა გარანტირებული გვქონდა. ჩვენმა ქომაგებმა მეთორმეტე მოთამაშის ფუნქცია შეასრულეს.
- ჰოლანდიასთან ფინალური შეხვედრის პერიპეტიების გახსენებისას, გონებაში ყველაზე მეტად რა ჩაგებეჭდათ?
- სამშობლოში ჩატარებული მსოფლიოს პირველობის გადამწყვეტ მატჩზე საუბრამდე, 1966 და 1970 წლების მუნდიალებზე მოგახსენებთ. არასდროს დამავიწყდება მექსიკაში იტალიასთან გამართული ნახევარფინალური ორთაბრძოლა. ეს სიტყვა შემთხვევით არ მიხსენებია. მაყურებელს თვალწარმტაცი თამაშის გარდა, ნამდვილი “საფეხბურთო ბატალიაც” შევთავაზეთ. ფეხბურთში ჩემი ყველაზე დიდი იმედგცრუება კი, ინგლისის მუნდიალს უკავშირდება. “უემბლის” ფინალის მესამე გაშვებულმა გოლმა შოკში ჩამაგდო - ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს. 1974 წლის პირველობას რაც შეეხება, მართალია, მთელი ცხოვრების ოცნება ავისრულე და მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, მაგრამ საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არ დავრჩენილვარ. იმ დროისთვის უკვე 30 წელს გადაცილებული გახლდით და “ფორმის პიკი” გავლილი მქონდა. თანაც, მანამდე ორი წლით ადრე ჩატარებულ ევროპის პირველობაზე გიუნტერ ნეტცერმა ბრწყინვალედ ითამაშა და ვერც კი წარმოვიდგენდი, ჰელმუტ შიონი მუნდიალზე მას ძირითადი შემადგენლობიდან თუ გამოიყვანდა, სათადარიგოებში დასვამდა, მე კი ყველა მატჩში მომიწევდა მინდორზე გასვლა. უშუალოდ ფინალს რაც შეეხება, იმდენად ვიყავი ჩართული თამაშში, რომ ტაბლოს ინგლისელი არბიტრის, ტეილორის საფინალო სასტვენის შემდეგღა ავხედე და მივხვდი - ჩემპიონები ვართ! ნაკრებს მართლაცდა ამაღლებულ ნოტზე დავშორდი.
- როგორ გგონიათ, ამჟამად, მინდორზე სათამაშოდ რომ გადიოდეთ, უფრო მეტ სიამოვნებას მიიღებთ, ვიდრე 35-40 წლის წინ?
- ერთი რამ უდავოა, ბევრად უფრო დიდი ჯამაგირი მექნებოდა (იცინის). უწინდელთან შედარებით, თანამედროვე ფეხბურთი გაცილებით ძალისმიერია და ხანდახან წააწყდებით თვალსაზრისს, ვოლფგანგ ოვერატი ჯანიან ბიჭებთან კონკურენციას ვერ გაუძლებდაო. ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. ღმერთმა ჩემთვის საფეხბურთო ნიჭის დანათლება არ დაიშურა, ეს კი მოთამაშისთვის უმთავრესია. გაითვალისწინეთ ისიც, რომ იღბლიანი ადამიანი ვარ. არ მგონია, დღეს რომელიმე ვარსკვლავზე ნაკლები ფეხბურთი მეთამაშა. ცხოვრებაში კი, თანამედროვე პრინციპებთან ადაპტირება ცოტა მიჭირს. ჩემ ბავშვობაში ხომ სხვაგვარ იდეალებს ემსახურებოდნენ და დღევანდელი ახალგაზრდებისგან განსხვავებით, აღზრდაც სხვანაირი მივიღე.
- ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ფეხბურთი დიდად შეიცვალა?
- ჯერ კიდევ ჩემი მოთამაშეობისას გვეჩვენებოდა, რომ ჟურნალ-გაზეთები ზედმეტად ინტერესდებოდნენ ფეხბურთელთა პირადი ცხოვრებით, თუმცა, თანამედროვე სპორტსმენები ამ მხრივ ჩვენზე გაცილებით უარეს დღეში არიან. საფეხბურთო ვარსკვლავებისადმი მასმედიის და საზოგადოების ფართო ფენების ცხოველი ინტერესის გამოვლენა სავსებით ბუნებრივია – ფეხბურთი ხომ სპორტის “მეფეა” და საუკეთესო სანახაობა.
- ტექნიკურ-ტაქტიკური ასპექტით წინსვლა თუ იგრძნობა?
- ამჟამად, გუნდები ტაქტიკურად უფრო მრავალფეროვნად თამაშობენ და მინდორზე მათ მოქმედებაში მეტი უნივერსალიზაციაც თვალნათლივ შეინიშნება. მატჩები სწრაფ ტემპში მიმდინარეობს, თუმცა, ვთვლი, რომ ჩემ დროს მეტი რაოდენობის ტექნიკური და შემოქმედი ფეხბურთელი გადიოდა მინდორზე საასპარეზოდ. სადღეისოდ კი, ასეთი ფეხბურთელების სიმცირეა. გიუნტერ ნეტცერის, ფრანც ბეკენბაუერის, პელეს, ჯანი რივერას, ბობი ჩარლტონის დარ ფიგურებს ახლა ვერ ვხედავ. ხომ წარმოგიდგენიათ, ამ ვარსკვლავებს დღევანდელი მოთხოვნებით რომ ევარჯიშათ, რამდენად მობილურები იქნებოდნენ, ოსტატობის მხრივ კი, მათ თამაშს იოტისოდენა ხინჯსაც კი ვერ უპოვიდით.
- გერმანიის 1954 წლის საფეხბურთო ნაკრებში ყველა ფეხბურთელი ერთმანეთის მეგობრად ითვლებოდა, 70-იან წლებში კი, ბევრი იწერებოდა იმის თაობაზე, რომ თქვენ და გიუნტერ ნეტცერი ბუნდესნაკრებში ფლეიმეიკერის პოზიციას “ვერ იყოფდით” და ამის გამო ლამის მტრებადაც კი მოეკიდეთ ერთურთს...
- მინდორზე ჩვენ მტრები კი არა, კონკურენტები ვიყავით, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი, გასაყოფი რა უნდა გვქონოდა? გიუნტერთან ცუდი დამოკიდებულება არასდროს მქონია და შეძლებისდაგვარად ერთმანეთს დღესაც ვეხმაურებით. 1954, 1974 და 1990 წლებში გერმანელები მსოფლიოს ჩემპიონები უპირველესად იმიტომ გავხდით, გუნდის ინტერესიდან გამომდინარე, პირადი ინტერესის გვერდზე გაწევა რომ შეგვეძლო.
გოჩა კაჭარავა









