გულშემატკივრის სვეტი

11:18 | 10.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ვოლფგანგ შტარკის საუბარი საკუთარ თავთან

-    ალბათ გაიგებდით, ჰერ ვოლფგანგ, ლევან კობიაშვილს დისკვალიფიკაცია მოუხდია და ფეხბურთის თამაშს ისევ აპირებს...
-    მე რატომ მეუბნებით ამას? ისევ მადანაშაულებთ რამეში?
-    რას ბრძანებთ ჩემო ბატონო... ამოდენა უეფას მსაჯს როგორ გაკადრებთ ამას. მაგრამ, ცოტა სინდისის ქენჯნას თუ გრძნობთ – ეს მაინტერესებს...
-    ანუ, გამოდის, რომ მაინც მე მადანაშაულებთ მაგ კაცის დისკვალიფიკაციაში...
-    მე არა. გულშემატკივრები ფიქრობენ ასე. მომიტევეთ და დიუსელდორფის “ფორტუნას” ზოგიერთ ფეხბურთელსაც კი მიაჩნია, რომ ლევანს ხელი არ დაურტყამს თქვენთვის.
-    რა გამიჭირეთ საქმე მაგ ქართველით. მაგისი გჯერათ და ჩემი არა?!
-    თქვენ წარმოიდგინეთ რომ ასეა... უფრო მეტიც... გერმანიაში ხალხი ამბობს, კობიაშვილს დისკვალიფიკაცია სულ ტყუილად მისცეს, რადგან ვოლფგანგ შტარკის ავტორიტეტს ვერ “გადაახტნენო.”
-    ავტორიტეტი მე დაუმსახურებლად არ მომიპოვებია. უეფა მსაჯებს შემთხვევით არ გამოარჩევს. უნდა იცოდეთ ეს მარტივი ამბავი.
-    შემთხვევით რომ არაფერი ხდება, ეს ამბავი კი ვიცით ჰერ ვოლფგანგ, მაგრამ, მაინცა და მაინც იმასაც ნუ იტყვით, რომ ევროპაში ცნობილი მსაჯობა აუცილებლად ამ მსაჯის სანდოობას ნიშნავს...
-    რას გულისხმობთ?
-    სულ მარტივ რამეს ვგულისხმობ... არაერთ ცნობილ და პატივდებულ მსაჯს დაუშვია უპატიებელი შეცდომა და ამისათვის ისინი ხშირად არც კი დასჯილან. ფეხბურთელები კი ხან ირონიული ღიმილის გამოც კი გაგიძევებიათ მინდვრიდან. თან ისიც კარგად იცოდით, ლევან კობიაშვილი რომ ქართველია. მის უკან არც ინგლისი დგას და არც ბრაზილია, ძლიერი და შეძლებული ქვყნის ძალა და ავტორიტეტი რომ იცავდეს. თან ქართველები გერმანიაში – ეს ძველი და არცთუ საამო თემაა...
-    ბოლოს და ბოლოს, ეგებ მითხრათ რა გინდათ ჩემგან? ბოდიში უნდა მოვუხადო კობიაშვილს?
-    მე ეს არ მითქვამს. მაგრამ, ვეტერან ფეხბურთელს მთელი შვიდი თვე მხოლოდ საკუთარი ახირებისა და შეუვალობის გამო რომ დატანჯავ, წესით გულში ცოტა მაინც უნდა გქონდეს სინდისის ქენჯნა. მაგრამ, როგორც ჩანს, სულ ტყუილად ვსაუბრობთ ამაზე. უკვე იმის მეშინია, მეც დისკვალიფიკაცია არ მომცე.
-    ბოლოს და ბოლოს, ვინ არის ეს კობიაშვილი, მის გამო სახელს რომ მიტეხ?
-    თავის ქვეყანაში ის კაცია, ჩვენთან ოლივერ კანი რომ იყო კარიერის მიწურულს.
-    ეგ როგორ გავიგო?
-    ქართული ფეხბურთის თილისმაა. ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრებში 100 მატჩზე მეტი ჩაატარა. იცი ეს რას ნიშნავს საქართველოსნაირი ქვეყნისათვის?
-    შენი ლაპარაკიდან ისე გამოდის, რომ არც ერთ ავტორიტეტულ ფეხბურთელს არ უნდა მივცეთ დისკვალიფიკაცია, რაც არ უნდა დააშავოს...
-    გერმანიაში მსაჯად დაბერდი კაცი და წესით ჩემგან არაფერი უნდა გესწავლებოდეს ვინ ვინ არის... აი ახლა ვოლფგანგ ჩემო, გულზე ხელი დაიდე და მითხარი, ხომ ბევრჯერ გიმსაჯია მატჩები, სადაც კობიაშვილიც იღებდა მონაწილეობას?
-    დავუშვათ კი. მერე?
-    მერე ის, რომ კობიაშვილი უხეში და ”ჭკუანაღრძობი” ფეხბურთელი არასოდეს ყოფილა და ”ფორტუნა“-”ჰერტას“ მატჩის მერე საკუთარ შეცდომებზე ოდნავ მაინც რომ დაფიქრებულიყავი, კობიაშვილის დისკვალიფიკაციას ასე გააფთრებით არ მოსთხოვდი გერმანელ დისციპლინარებს.
-    თავად ვინ ბრძანდები – ეს მაინც მითხარი, მორალს რომ მიკითხავ ამ დილაადრიან...
-    საკუთარ შინაგან ხმასაც ვერ ცნობთ ჰერ ვოლფგანგ?
-    იმის თქმა გინდათ, რომ გავგიჟდი და ახლა საკუთარ მეორე “მეს” ვესაუბრები?
-    როგორც გინდა ისე ჩათვალე. მე ჩემი მითქვამს და დანარჩენი შენ იცი...

ლევან სეფისკვერაძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093618