ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგა” მეორე გუნდი აღმოჩნდა, რომელთან ერთადაც, გიორგი ნავალოვსკიმ რუსეთის პრემიერლიგის საგზური მოიპოვა. მართალია, ის კლუბში ჩემპიონატის მეორე წრეში გამოჩნდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება არ გასჭირვებია და სხვა ქართველ ფეხბურთელებთან ერთად, ვოლგისპირელთა პირველი დივიზიონიდან რუსული ფეხბურთის ელიტაში პირველად მოხვედრაში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ნავალოვსკის, რომელიც მოედანზე ბრძოლისუნარიანობით ყოველთვის გამოირჩეოდა, ადგილობრივმა ქომაგებმა მეტსახელად “გატუზოც” კი შეარქვეს. გთავაზობთ ინტერვიუს “ვოლგას” მარცხენა მცველთან, რომელიც ნიჟნინოვგოროდული კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
- “ვოლგაში” ივლისის დასაწყისში გამოჩნდით, მაგრამ გუნდის განაცხადში 9 აგვისტოს შეგიყვანეს. როგორ მოხვდით ნიჟნინოვგოროდულ კლუბში?
- იჯარით ბაქოს “ინტერში” ვთამაშობდი. აზერბაიჯანში სეზონის დასრულების შემდეგ, ომარ თეთრაძემ წინადადებით მომმართა და მაშინვე დავთანხმდი. ნიჟნი ნოვგოროდში ჩასვლის შემდეგ, ახალ გუნდთან ერთად ერთი თვის განმავლობაში ვვარჯიშობდი. როდესაც “ვოლგას” და “ანჟის” ხელმძღვანელებმა ჩემი ტრანსფერის თაობაზე მოილაპარაკეს, კონტრაქტს ხელი მოვაწერე.
- ახალ გუნდში ადაპტაცია, სწრაფად გაიარეთ?
- ადაპტაციისთვის დრო პრაქტიკულად არ დამჭირდა. საქმე ისაა, რომ ოთარ მარცვალაძესთან, ედიკ საჯაიასთან და გოჩა ხოჯავასთან ერთად “ანჟიში” ვთამაშობდი. სხვებს კი, მოედანზე მანამდეც შევხვედრივარ. თუმცა, ახლა ყველა ერთ დიდ საქმეს ვაკეთებთ, რომელიც გვაერთიანებს. ერთი სიტყვით, თავი მაშინვე კომფორტულად ვიგრძენი. გარდა ამისა, “ვოლგას” საუცხოო გულშემატკივრები ჰყავს. რუსი ქომაგები და ნიჟნი ნოვგოროდის ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მთელი სულითა და გულით გვიჭერდნენ მხარს.
- სხვათა შორის, გულშემატკივრებმა მაშინვე გატუზოდ მოგნათლეს...
- საქართველოში თამაშის დროს, მოედანზე წვერმოშვებული გამოვდიოდი და მეუბნებოდნენ, რომ გატუზოს ვგავდი. ალბათ, იტალიელ ფეხბურთელთან გარეგნული მსგავსების გამო, აქაც იგივე მეტსახელი შემარქვეს. თუმცა, სათამაშო კლასზე თუ ვილაპარაკებთ, გატუზომდე ჯერ კიდევ ბევრი მაკლია.
- პრემიერლიგაში მოხვედრა, როდის უფრო რთული იყო – გასულ წელს, როდესაც “ანჟიში” თამაშობდით, თუ ამ სეზონში?
- გასულ წელს უფრო იოლი იყო. ჩვენ სეზონი პირველ ადგილზე დავასრულეთ და მესამე ადგილზე გასულ ვლადიკავკაზის “ალანიას” 6 ქულით ვაჯობეთ. ახლა კი, პრემიერლიგის მეორე საგზურის ბედი ბოლო ტურებში გადაწყდა.
- წინა სეზონში, “ვოლგას” წინააღმდეგ ორჯერ ითამაშეთ. ნიჟნინოვგოროდული გუნდი რით დაგამახსოვრდათ?
- უპირველესყოვლისა, თავისი შეუპოვრობით, რადგან “ვოლგას” ორივეჯერ ფრე ვეთამაშეთ - 1:1 ნიჟნი ნოვგოროდში და 2:2 მაჰაჩყალაში. “ვოლგელები” პირველი დივიზიონის დებიუტანტები იყვნენ და მათი თამაში ძალიან მომეწონა.
- საკმაოდ დიდი ხანია, ომარ თეთრაძის ხელმძღვანელობით მუშაობთ. ჩვეულებისამებრ, ის გასახდელში რას გეუბნებათ? თამაშისთვის როგორ განგაწყობთ?
- გვეუბნება, რომ მთელი სულითა და გულით ვითამაშოთ, ასეთ შემთხვევაში, გამარჯვება აუცილებლად მოვა.
- დღესდღეობით, რაზე ოცნებობთ?
- ერთი ოცნება უკვე ამიხდა - “ვოლგა” პრემიერლიგაში გადავიდა. ახლა, მსურს ნიჟნინოვგოროდელთა შემადგენლობაში საუკეთესო რუსული გუნდების წინააღმდეგ ვითამაშო.
- ოთახში ბევრი ხატი გაქვთ...
- მორწმუნე ადამიანი ვარ, მართლმადიდებელი. თითოეული დღისთვის ღმერთს მადლობას ვწირავ.
- ნიჟნი ნოვგოროდს შეეჩვიეთ?
- ძალიან კარგი ქალაქია და კეთილი ხალხი ცხოვრობს. ასე რომ, ქართველი ფეხბურთელები აქ თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში.
- ქართველი ხართ, მაგრამ არცთუ ქართული გვარი და სახელი გაქვთ?
- საქმე ისაა, რომ რამდენიმე საუკუნის წინ, ჩემი წინაპრები პოლონეთში ცხოვრობდნენ, საიდანაც საქართველოში ჩამოვიდნენ. რაც შეეხება სახელს, წმინდა გიორგის პატივსაცემად დამარქვეს.
- მოედანზე თქვენს “სავიზიტო ბარათად”, რა ითვლება?
- ვცდილობ, ბურთისთვის ბრძოლაში უკან არასოდეს დავიხიო. გარდა ამისა, ჩემს ფლანგზე შეტევაში ჩართვა მიყვარს, რასაც საკუთარ კოზირად ვთვლი.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









