"გაგრადან" წასული უკრაინელი ფორვარდი ვოლოდიმირ ორდინსკი ამჟამად სამშობლოშია და ბილა ცერკვას "არსენალში" (პერშა ლიგა) ირიცხება. 26 წლის ორდინსკისთან ინტერვიუ უკრაინულმა zakarpatie.com.ua-მ გამოაქვეყნა, სადაც საუბარი დიდწილად საქართველოში გატარებულ პერიოდს ეხება.
ფეხბურთელი საქართველოს კარგად იხსენებს. ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს...
- 18 წლის ასაკში "ტავრიაში" მოხვედრის შანსი გქონდათ. რამ შეგიშალათ ხელი?
- სწორედ მაშინ გამიწვიეს არმიაში.
- ნუთუ, ნამდვილი ჯარისკაცივით იყავით? ჩექმებში?
- აბა, როგორ?! ერთი თვის შემდეგ გადამიყვანეს სპორტულ ბატალიონში, თუმცა არასაკმარისმა ვარჯიშმა და პროფესიონალური კვების ნაკლებობამ თავისი გაიტანა. იმ პერიოდში ფორმა დავკარგე, ასე რომ, "ტავრიას" საუკეთესო კონდიციებში ვერ წარვუდექი.
- ანატოლი პისკოვეცთან ერთად მუშაობდით უკრაინულ კლუბ "პუტროვკაში". როდესაც მწვრთნელი საქართველოში წავიდა, არც თქვენ დავიწყებიხართ...
- დიახ, როცა "გაგრაში" მიდიოდა, მითხრა, რომ მეც წამიყვანდა. და როცა შესაძლებლობა მიეცა, მიმიწვია კიდეც.
- "გაგრაში" დაგხვდათ პისკოვეცი და კიდევ ერთი თანამემამულე – მიკოლა ნაკონეჩნი. ამან შეგუების პროცესი გაგიადვილათ?
- დიახ. ნაკონეჩნი უკვე ოთხი თვის ჩასული იყო "გაგრაში". მიკოლას დანახვა ძალიან მესიამოვნა. ის ნახევარდაცვაში ყველაფერს აკეთებდა. ედგარ დავიდსივით იყო. სტანდარტულებსაც მშვენივრად ასრულებდა: კუთხურებს, საჯარიმოებს.
- თქვენ რა პოზიციაზე თამაშობდით?
- ხან თავდამსხმელად, ხან შემტევ ნახევარმცველად. როგორც ფეხბურთელს, იმ პოზიციაზე უნდა შეგეძლოს თამაში, სადაც მწვრთნელი გამწესებს.
- როცა უკრაინაში თამაშობდით, ქართველს მაშინაც ჰგავდით – ტექნიკური მანერით და გარეგნობითაც. ამიტომაც, ალბათ, საქართველოში თავს ისე გრძნობდით, როგორც თევზი წყალში...
- არ დავმალავ, ტექნიკური ფეხბურთი მიყვარს. ქართველებს ტექნიკა მართლაც სისხლში აქვთ, მაგრამ მერწმუნეთ, პირველ ლიგაშიც კი ფიზიკურად ისეთი ძლიერი ბიჭები იყვნენ, ნუ იტყვით...
- ამბობენ, ღამის თბილისი ულამაზესიაო. დატკბით ქალაქის სილამაზით?
- არ დაგვავიწყდეს, რომ ქალაქში არცთუ დიდი ხნის წინ საომარი მოქმედებები იყო. ნანგრევები ისევ ჩანს, მაგრამ აქტიურად მუშაობენ, ბევრი ახალი რამ შენდება და თანაც, უმაღლესი ევროპული სტანდარტებით.
- თბილისზე შემთხვევით არ გეკითხებით – მიუხედავად იმისა, რომ გუნდს "გაგრა" ჰქვია, თბილისშია ბაზირებული...
- დიახ, იქ საკუთარი ბაზა გვქონდა - როგორც სავარჯიშო, ასევე სათამაშო მოედანი. ხანდახან ქალაქგარეთაც ვემზადებოდით. ამ კუთხით არაფერია საწუწუნო.
- სხვა ქართულ გუნდებს აკვირდებოდით?
- იშვიათად. ერთხელ მთელი გუნდი წავედით საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშის სანახავად – იქ ხომ "გაგრას" რამდენიმე ფეხბურთელი გამოდიოდა.
- და როგორები არიან ისინი? როგორც გავიგეთ, თქვენს გუნდში ნიგერიელიც კი "გააქართველეს".
- მისი სახელი და გვარია აბაიომი ოვონიკოკო. ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელია. პიროვნულადაც კარგი ბიჭია. "გაგრაში" ბევრი ნიჭიერია. კლუბის პრეზიდენტი სწორედ ახალგაზრდებზე აკეთებს აქცენტს.
- ბევრი ქართველი ფეხბურთელი მიდის ევროპაში. ანუ, სკაუტები ყურადღებას აქცევენ იქაურ ლიგას?
- დიახ, ჯერ კიდევ ჭაბუკი ქართველების მიმართ სერიოზული ინტერესია.
- და ამ ტალანტებთან ერთად თამაშობდა ორი უკრაინელი, პლუს, მწვრთნელიც უკრაინელი იყო. რაიმე დაძაბულობა ხომ არ ყოფილა ქართველებსა და თქვენს შორის?
- არა, რას ამბობთ?! ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია, ხოლო უკრაინელებს, უბრალოდ, აღმერთებენ. თანაც, მწვრთნელზე მაშინ უნდა გაბრაზდე, როცა შედეგი ვერ მოაქვს. ანატოლი პისკოვეცს კი, შედეგიც ჰქონდა და დაყენებული თამაშიც.
- თბილისს ჰყავს გუნდები, ახლა კი "გაგრაც" გამოჩნდა. საქართველოს თასის ფინალი თბილისში გაიმართა და ალბათ, ადგილობრივი გულშემატკივრები მხარს გიჭერდნენ.
- დაგვეხმარა ისიც, რომ ქუთაისელებს ვეთამაშებოდით, ისინი კი თბილისელთა ძველი მეტოქეები არიან. მართლაც, ბორის პაიჭაძის სახელობის დიდი სტადიონი და 15000-მა გულშემატკივარმა ძლიერ შთაგვაგონა.
- ნაკონეჩნიმ ქართული გუნდებიდან თბილისის "დინამო" გამოარჩია. თქვენ რას იტყვით?
- ვეთანხმები. ჩვენ "დინამოსთან" შეუპოვრად ვითამაშეთ: ჯერ შინ 1:2 წავაგეთ, შემდეგ კი ამავე ანგარიშით სტუმრად ვძლიეთ და პენალტების სერიაში ვიმარჯვეთ. ჩვენთვის, როგორც პირველლიგელი გუნდისთვის, უმაღლესის გრანდთან თამაში დიდი გამოწვევა იყო. ასეთი მატჩები ფრთებს გვასხამდა.
- წარმომიდგენია, როგორ კოლორიტულად, ქართველებისთვის დამახასიათებელი ზარზეიმით აღნიშნავდით თასის მოგებას...
- იყო თბილი სიტყვები, საზეიმო ცერემონია, ქართული რესტორანი... თუმცა, მთავარი ის იყო, რომ გუნდი პირველი ლიგიდან ევროტურნირებზე გავიდა. საქართველოში ეს პირველად მოხდა.
- ევროპის ლიგაში "გაგრამ" კვიპროსზე "ანორთოსისთან" 0:3 წააგო, შინ კი 2:0 იმარჯვა და ერთი ბურთი დააკლდა. გამოუცდელობის ბრალია?
- ალბათ. ლარნაკაში სტადიონზე რომ გავედით და ადგილობრივი ფანების შეძახილები გაისმა, ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები წნეხში მოექცნენ. ქართველი ქომაგებიც ტემპერამენტიანები არიან, მაგრამ სტადიონზე ყველა რომ მღეროდეს და ყვიროდეს, ასეთი რამ პირველად ლარნაკაში ვნახეთ. დიახ, "ანორთოსისის" გავლა შეგვეძლო. პისკოვეცმა თამაში კარგად გააანალიზა და შინ 2:0 დავწინაურდით. ისე, ევროპის ლიგაში მონაწილეობაც კი დიდი გამოცდილება იყო.
- კვიპროსული ფეხბურთი გვაოცებს – თქვენ მათ წინააღმდეგ გითამაშიათ და ალბათ, ყველაზე კარგად გესმით "შახტარის" (აპოელ-თან იყო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში)...
- დიახ, კვიპროსული ფეხბურთის დონეს ვერ შეეხუმრები, არადა, ადრე ძალიან ცოტა რამ ვიცოდით მის შესახებ.
- ისევ "გაგრაზე": უკრაინულმა ტრიომ ბევრი რამ გააკეთა გუნდისთვის და რატომ წამოხვედით?
- კლუბის პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ფინანსური სიტუაციის გათვალისწინებით, ახალგაზრდების მომზადებაზე უნდა გაკეთებულიყო აქცენტი. დიდი მიზნები უკვე აღარ ჩანდა, შემადგენლობა გაახალგაზრდავდა. სხვათა შორის, კიდევ შვიდი ფეხბურთელი წავიდა. ოვონიკოკო კი "ზესტაფონში" გაყიდეს.
- უკრაინაში ქვეყნის თასის მოგებისთვის სპორტის ოსტატის წოდებას აძლევენ. საქართველოში ეს ვერ მიიღეთ?
- დავინტერესდი ამ საკითხით, მაგრამ ჯერ არაფერი მსმენია.
ილია ნანობაშვილი









