სტატიები

10:06 | 19.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ვუვუზელა - მსოფლიოს ჩემპიონატის თავის ტკივილი

აგერ, უკვე რვა დღეა, რაც სამხრეთ აფრიკის ქალაქებში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს ფეხბურთში და მისმა ერთ-ერთმა მთავარმა ატრიბუტმა ვუვუზელამ, მრავალი გულშემატკივრის გულისწყრომა დაიმსახურა. ვერაფერს იზამენ ფეხბურთის გულშემატკივრები და ამ ხმის მოსმენა, 11 ივლისამდე გარანტირებული ექნებათ, მაგრამ იმას კი ნაღდად იმსახურებენ, გაიგონ, თუ როდის და სად გაჩნდა ეს ხმაურიანი "რაღაცა".
ვუვუზელას ასე ახასიათებენ - "ის არის პლატსმასის ინსტრუმენტი, რომელსაც საფეხბურთო ფანატები მაღალი ხმის გამოსაცემად იყენებენ". სამხრეთ აფრიკაში გავრცელებულ ერთ-ერთ ენა “ჟე ცვანაზე”, ვუვუზელას "ლეპატატა" ქვია და სტანდარტული ასეთი საკრავის სიგრძე, დაახლოებით ერთი მეტრია. მაგრამ არის არასტანდარტული ზომებიც - დიდი, ან პატარა - გააჩნია რამდენად დიდი ხმის გამოცემა გნებავთ. ისე, ვუვუზელას მწარმოებელი ფირმის ოფიციალურ საიტზე მითითებულ ორიგინალი ვუვუზელას პარამეტრები სულ სხვაგვარია - სიგრძე 63 სანტიმეტრი, ყველაზე ფართო ადგილას კი დიამატრე 12,5 სანტიმეტრია.
როგორც ირკვევა, ამ სახის პირველი ხმაურიანი საკრავი, გასული საუკუნის 70-იან წლებში მექსიკის სტადიონებზე გამოჩენილა. სამხრეთ აფრიკაში ისინი ასევე გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა, ოღონდ ის, კალასგან მზადდებოდა. არის ინფორმაცია, რომ ვუვუზელა ადგილობრივი "კაიზერ ჩიფსის" თავგადაკლულმა ფანმა ფრედი მააკემ, ჯერ კიდევ 1965 წელს გამოიგონა. ამისათვის მან ველოსიპედის ალუმინის ნაწილი გამოიყენა, მოგვიანებით კი, ის დააგრძელა, მაგრამ მერე ინსტრუმენტი ჯანმრთელობისათვის მავნედ მიიჩნიეს და აკრძალეს. მაგრამ ფრედი არ დაიბნა და კომპანიონის ძებნას შეუდგა. 2001 წელს, სამხრეთაფრიკული კომპანია Masincedane Sport-ი მისი გამოგონებით დაინტერესდა და ამ ნაწარმის პლასტმასის ვერსიის მასობრივი გამოშვებაც დაიწყო.
მიუხედავად ყველაფრისა, ვუვუზელა ჯანმრთელობისთვის საზიონოდ მიიჩნევა. ჯერ ერთი, მისი ხმის ფონზე, საჭიროების შემთხვევაში გულშემატკივრებმა, შესაძლოა, დიქტორის ხმა ვერ გაიგონ, რომელიც სასწრაფო ევაკუაციას ითხოვს, ამასთან, ის ვირუსის გამავრცელებლად ითვლება და რაც მთავარია, მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ვუვუზელა სმენის მკვეთრ დაქვეითებას, ან სულაც დაყრუებას იწვევს. მაგრამ აფრიკელები საფრთხეს არად დაგიდევენ. გამოკითხულთა 3/4 ირწმუნება, რომ ეს ინსტრუმენტი სტადიონზე კარგ სათამაშო ატმოსფორის შექმნას უწყობს ხელს. ბოლო გამოკითხვა 2009 წლის სექტემბერში ჩატარდა.
"ეს, ფეხბურთელთა მოტივირების ჩვენებური მეთოდია. ამით გამოვხატავთ ბედნიერებას და შევიგრძნობთ სტადიონს. მას შევეჩვიეთ და ვუვუზელას გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია" - ამბობს 23 წლის იოჰანესბურგელი საზი მხლვატიკა.
ვუვუზელას გამომშვებმა კომპანიამ, მეტი ასორტიმენტისთვის სხვადასხვა ფერის და ზომის ინსტრუმენტების გამოშვება დაიწყო. მისი მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც ვუვუზელა აღიზიანებს. კეიპტაუნის მაღაზიებში იყიდება სპეციალური ყურთსაცობები, რომლებიც ვუვუზელას ხმას ახშობენ. ამბობენ, ისინიც გვარიანი რაოდენობით იყოდებაო. ბლუმფონტეინის ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში, ვუვუზელათი შესვლა აკრძალულია. უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირის ორგანიზატორებმა, თადარიგი აქედანვე დაიჭირეს და ვუვუზელას გამოყენება აკრძალეს. მედიაკორპორაცია BBC-მ, საკუთარი მაყურებლების თხოვნა გაითვალისწინა და მათ სპეციალურ ელექტრონულ ფილტრს სთავაზობს, რომელიც ვუვუზელას ხმას ახშობს, კომენტატორისას კი, არა.
მაგრამ, საქართველოში მსგავსი მომსახურება გამორიცხულია და ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარსაც ვუვუზელას ატანა 11 ივლისამდე მოუწევს, თუ არა და, ტელევიზორს ერთი კარგი ფუნქცია აქვს - მას ხმა ეთიშება.

ზურა ქსოვრელი  
 
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.179465