ჭიდაობაში რომ ბევრი უსამართლობაა, ამის მტკიცება სპორტში ოდნავ ჩახედული ხალხისთვისაც კი არაა საჭირო. მსაჯების მიერ შეგნებულად თუ შეუგნებლად დაშვებული შეცდომებით ეს სახეობა აშკარად მოწინავეა და საერთაშორისო ფედერაციის კორუმპირებულობაზე სად აღარ საუბრობენ. სიბინძურის გამო, ქართველი მოჭიდავეებიც უამრავჯერ დაჩაგრულან საერთაშორისო არენაზე და მორიგი მაგალითი გუშინ, ბაქოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძე (96 კგ) ფინალში მასპინძელ ხეთაგ გაზიუმოვთან, უფრო ზუსტად კი გაზიუმოვთან და მსაჯთა კორპუსთან დამარცხდა.
ოქროს ბრძოლის პირველი ორწუთეული ისე გაილია, ქულის მოპოვება ვერც ერთმა მოჭიდავემ ვერ შეძლო. ბოლო წამებზე, გიორგიმ მოწინააღმდეგე ხელსაყრელ პოზიციაში გამოიჭირა, მაგრამ ილეთის გაკეთება აღარ გარისკა, კენჭისყრას დაელოდა. ტომრიდან მსაჯმა აზერბაიჯანელისთვის სასურველი ფერის ბურთულა ამოიღო, მაგრამ ამ უკანასკნელმა საჩუქარი ვერ შეირგო. გოგშელიძე დაუსხლტა და კონტრშეტევაზე ხალიჩის მიღმა გადაიყვანა, მაგრამ რატომღაც ეს ეპიზოდი შეუფასებელი დარჩა. ქართველი უმალ ქულიან ილეთზე წამოეგო და დამარცხდა. შედეგი ვერც პროტესტმა გამოიღო, მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოჩანაწერზე ყველაფერი თვალნათლივ ჩანდა.
მე-2 სეტიც ნულოვანი ფრით სრულდებოდა და გიორგი გოგშელიძეს კვლავ მიეცა გდების შანსი. ამჯერად უკვე კენჭისყრას აღარ დაელოდა და... საკუთარ ილეთზე წამოეგო. ერთქულიანი ჩამორჩენის სათავისოდ შეტრიალება ბოლო წამზე სცადა და მოახერხა კიდეც, მაგრამ საფინალო სირენის თანხლებით. ილეთი შეუფასებელი, ქართველი მოჭიდავე კი წაგებული დარჩა. უსამართლობამ გუშინდელ და გუშინწინდელ შეხვედრებში კიდევ არაერთხელ იზეიმა. იმედია, ბერძნულ-რომაულში, ქართველთაგან გოგშელიძის დარად არავინ დაიჩაგრება.
ქართული შვიდეულის ყველაზე ტიტულოვანმა წევრმა საფინალო გზაზე ბერძენი იოანის პაპადოპულოსი, მოლდოველი ნიკოლაი ჩებანი და თურქი სერჰატ ბალჩი ისე ჩამოიშორა, არც ერთისთვის ქულაც კი არ დაუთმია.
60 კილოგრამში მოჭიდავე მალხაზ ზარქუასაც ერთი გამარჯვება დააკლდა ევროპის ჩემპიონობამდე. პოლონელი ადამ ბლოკის, ტიტულოვანი უკრაინელის, ვასილ ფედორიშინისა და ბელარუსი ალექსანდრ კონტოევის ძლევის შემდეგ, ფინალში თავისსავით დებიუტანტთან, რუს ოპან სატთან სამ სეტში დამარცხდა.
გუშინ ნაჭიდავებ ქართველთაგან უმედლოდ მხოლოდ გელა საღირაშვილი (74 კგ) დარჩა, რომელმაც ნახევარფინალში, მსოფლიოს რუს ჩემპიონთან, დენის ცარგუშთან წაგების შემდეგ, რეპეშაჟის ფინალშიც წაიფორხილა თურქ ბატუჰან დემირჩინთან და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა. ძირითად ბადეში, ნახევარფინალამდე საღირაშვილმა ბელარუს რამან სოლტანს, უნგრელ გაბორ სადოშსა და სლოვაკ დუშან ბაბრნაკს აჯობა.
გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 34 ქულა დააგროვა და თურქეთთან ერთად მე-4 ადგილზე გავიდა. სამეული კი რუსეთმა (61 ქულა), აზერბაიჯანმა (50) და ბულგარეთმა (42) შეავსეს.
დღეს-ხვალ ევრომედლები ქალთა სტილში გათამაშდება. 17-18 აპრილს კი, ხალიჩაზე ბერძენ-რომაელები გავლენ.
ევროპის ჩემპიონატი. ბაქო.
14 აპრილი. თავისუფალი ჭიდაობა
60 კგ
1 ოპან სატი (რუსეთი)
2 მალხაზ ზარქუა (საქართველო)
3 ვასილი ფედორიშინი (უკრაინა)
3 ანდრეი პერპელიტა (მოლდოვა)
74 კგ
1 დენის ცარგუში (რუსეთი)
2 კირილ სტოიჩევ ტერზიევი (ბულ.)
3 ჩამსულვარა ჩამსულვარაევი (აზერ.)
3 ბატუჰან დემირჩინი (თურქეთი)
96 კგ
1 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)
2 გიორგი გოგშელიძე (საქართველო)
3 ალექსეი დუბკო (ბელარუსი)
3 სერჰატ ბალჩი (თურქეთი)
გუნდური ჩათვლა
1 რუსეთი - 61
2 აზერბაიჯანი - 50
3 ბულგარეთი - 42
4 საქართველო - 34
4 თურქეთი - 34
6 უკრაინა - 27
7 ბელარუსი - 23
8 მოლდოვა - 21
9 პოლონეთი - 20
10 გერმანია - 16
ოთარ მაღლაკელიძე







