გულშემატკივრის სვეტი

11:20 | 26.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

წარსულზე გამოკიდებულები

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი 20 წელზე მეტია, რაც წარსულს ჩაბარდა, საქართველოში დღემდე ბევრი ადამიანს ნახავთ, რომლებიც ”იმ კარგ დროს” მისტირიან. ასეთ ადამიანებს შორის, სამწუხაროდ, ფეხბურთის გულშემატკივარიც ბევრია. საბჭოური ნოსტალგიები ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს ხშირად მაშინ შემოუტევთ ხოლმე, როდესაც ჩვენი ნაკრები, ან კლუბები ევროასპარეზზე მორიგ თავისმომჭრელ მარცხს იწვნევენ ხოლმე. ამის შემდეგ იწყება პარალელების გავლება ძველ ”დინამოსთან”, ”ტორპედოსთან”, ”გურიასთან” და საბოლოოდ ასკვნიან, რომ ”ისევ ის დრო სჯობდა” და ”მაშინ ფეხბურთი ფასობდა”.
რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ 30 წლის წინათ ქართული ფეხბურთი აშკარად უფრო ჰგავდა თავის თავს და მაშინდელი ფეხბურთელები (მესხი-მეტრეველის დიდებულ თაობაზე რომ არაფერი ვთქვათ), საბჭოეთში ნამდვილად გამორჩეულები იყვნენ. ეს ფაქტია, მაგრამ ვერასოდეს გავექცევით იმ სამწუხარო ფაქტსაც, რომ მაშინდელი დიდი ფეხბურთელების ქართველობა მხოლოდ აქ, ჩვენთვის იყო სიხარული. დანარჩენი მსოფლიოსათვის კი, დავით ყიფიანიცა და მიხეილ მესხიც ისეთივე ”რუსები” ივნენ, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა დანარჩენი ფეხბურთელები. მოახლოვდება თუ არა ყოველი წლის 13 მაისი, ამ დღეს ტელევიზორს საერთოდ არ ვრთავ, რადგან უკვე ვიცი, რომ “ცნობადმა სახეებმა” მეათასედ უნდა ისაუბრონ სამი ათწლეულის წინ, თბილისის ”დინამოს” მიერ აღებულ და აწგაუქმებულ თასების თასზე, რაც მაშინ, რასაკვირველია, დიდი გამარჯვება იყო, მაგრამ საბჭოური ფეხბურთის დიდი გამარჯვება და მოგვწონს თუ არა ჩვენ ეს, ფაქტს ვერსად გავექცევით. 1981 წელს თბილისის ”დინამო” იყო საბჭოთა კავშირის გუნდი და მისი ნებისმიერი წარმატება იყო საბჭოთა კავშირის ფეხბურთის წარმატება და კონკრეტული ფეხბურთელების ქართული წარმოშობა და გვარ-ტომობა ჩვენს მეტს მგონი არც არავის აინტერესებდა.
ცოტა ხნის წინ, კომუნისტური პარტიის ერთ-ერთ ყოფილ ჩინოსანთან (რომელიც, სხვათა შორის, დღემდე ქართულ პოლიტიკაში ფუსფუსებს), საკმაოდ დიდი კამათი მომივიდა. ხაზგასმით ვამბობ, კამათი და არა ჩხუბი, რადგან ჩვენში ზოგიერთს, ისევ ჩხუბი ურჩევნია კამათსა და საპირისპირო აზრის მოსმენას. კამათის საგანი ქართულ ფეხბურთში ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები და წარმატებები იყო. მან, რასაკვირველია, ასეთ ფაქტებად 1964 წელს, თბილისის ”დინამოს” საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა და უკვე ნახსენები 1981 წლის 13 მაისი დაასახელა. მე კი, საქართველოს ნაკრების მიერ ბულგარეთისა და ხორვატიის გუნდების ძლევა გამოვყავი. რასაკვირველია, ბულგარეთთან და შარშან ხორვატებთან გამარჯვებები, ზოგადი მნიშვნელობით მხოლოდდამხოლოდ რიგითი გამარჯვებები იყო, რომლებმაც შესარჩევი ეტაპიდანაც ვერ გაგვიყვანა, მაგრამ ეს იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებები და არა იმ ქვეყნის, რომლის სახელის ხსენებაზეც პირადად მე, ფეხბურთზე მეტად სულ სხვა, ცუდი და საშინელი რამეები მახსნდება. ესეც არ იყოს, ცოტა უხერხული ხომ არაა, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისა და ზოგადად საბჭოური ფეხბურთის დონეზე საუბარი, როდესაც ახლა უკვე აღარავისთვისაა დამალული, თუ რა მანკიერებები ტრიალებდა საბჭოურ ფეხბურთში. ჩაწყობილი თამაშები, მატჩის დელეგატების, მსაჯებისა და მოწინააღმდეგე გუნდების მოსყიდვა, ეთნიკური ნიშნით გუნდების ”ჩაძირვა”, კორუფციის საშინლად მაღალი დონე... ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ყველაფრისა, რაც საბჭოურ ფეხბურთში ხდებოდა. და ეს იყო კარგი და მოსაწონი? ამას უნდა მივტიროდეთ? მავანი სამართლიანად იტყვის იმას, რომ არც დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთშია ყველაფერი დალაგებული და საფეხბურთო მაქინაციები ჩვენში დღესაც ხდება. ეს სამწუხაროდ მართლაც ასეა და ამ მანკიერებებთან ბრძოლა არათუ სასურველი, სასიცოცხლოდ აუცილებელია. მაგრამ, ახლა ჩვენ უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რაც ნაკლოვანია, პრობლემატურია, მაგრამ ჩვენი ქვეყნისაა და შესაბამისად ჩვენივე მისახედია! ”ჩვენია ჩვენიაო!” რომ გავიძახი, ნუ იფიქრებთ, რომ ამას მხოლოდ პატრიოტულად მუშტის მკერდზე საბრახუნებლად ვამბობდე. საქართველო სულ რაღაც ოცი წელია, რაც დამოუკიდებელი ქვეყანაა და ეს ძალზედ ცოტა დროა იმისთვის, რომ ჯერ დალაგებული ქვეყანა და შემდეგ, წელში გამართული საფეხბურთიო სტრუქტურა აშენდეს. ისიც ყველამ ვიცით, რომ ქართული ფეხბურთის ხელმძღვანელობა ხშირად ვერ ან არ აკეთებს საქმეს ისე, როგორც ყველას გაგვიხარდება. მაგრამ, მთავარი ისაა, რომ როდესაც ადამიანი ლარსის, სადახლოს, ვალეს, სარფის (და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში როკისა და ფსოუს) გამშვებ პუნქტებს გადმოკვეთს, ავისმომასწავებელი წითელი დროშის ნაცვლად, საქართველოს დროშას ხედავს. ამ დროშის იქით საქართველო იწყება და ამ ქვეყნის გუნდს საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰქვია! ამისათვის ალბათ მართლაც ღირდა ბრძოლა...
 

 

ლევან სეფისკვერაძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09838