ჭიდაობა

0:43 | 31.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

წართმეული ოქრო და საიმედო ახალი თაობა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გერმანიის ქალაქ დორტმუნდში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი 3 მედლით ჩაამთავრა. 29 მარტს, დავით ხუციშვილის (74 კგ) მიერ მოპოვებულ ბრინჯაოს, 30-ში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (55 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (84 კგ) ვერცხლები მიამატეს. ფინალში ორივე რუს მეტოქესთან დამარცხდა, მაგრამ... ჭიდაობა ხომ ერთ-ერთი ყველაზე რეპუტაციაშელახული სახეობაა და აბა როგორ იქნებოდა, საბოლოო შედეგზე გავლენა არაობიექტურ მსაჯობას არ მოეხდინა.
თვით რუსულ ინტერნეტ-ფორუმებზე გავრცელებული ინფორმაციითაც კი, მარსაგიშვილის ანზორ ურიშევთან წაგებაში მთავარი როლი მსაჯებმა შეასრულეს. ახალგაზრდა ქართველმა ევროპის 2010 წლის ჩემპიონს პირველი პერიოდი 4:1 მოუგო, მეორეში 0:1 დამარცხდა, მესამე კი ფრედ 3:3 დასრულდა და ეს ანგარიში მარსაგიშვილს აძლევდა ხელს, რადგან მას ორქულიანი ილეთიც ჰქონდა გაკეთებული, მაშინ, როდესაც ურშიევმა მარაგი ქულა-ქულა ააგროვა. საფინალო სირენის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ, მისმა ასისტენტმა დავით ხურციამ და თავად მარსაგიშვილმა ისტორიული გამარჯვებით გაიხარეს. ტრიბუნებმაც ოვაციები მოუწყო ქართველს და ის იყო, ლეიბის მსაჯს ჩემპიონისთვის ხელი უნდა აეწია, მსაჯთა მაგიდიდან რაღაც ანიშნეს. დაიბნა, მოკარნახეებს რამდენიმეჯერ ჰკითხა, ხელი მართლა წითელს (რუსს) ავუწიოო? მორიგი ღია დირექტივის შემდეგ კი ევროპის ჩემპიონად ანზორ ურიშევი გამოაცხადა. ქართულმა პროტესტმა საქმეს რაღა თქმა უნდა ვერ უშველა. ფინალამდე დავით მარსაგიშვილმა მაკედონიელი დეიან ბოგდანოვი, თურქი იბრაჰიმ ბოლუკბასი, შვეიცარიელი მარკო ლუკაშ რიესენი და რუმინელი გეორგიტა სტეფანი ჩამოიცილა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ალბანელი ფლორიან რეხას, შვეიცარიელი ურს ვაილდისა და აზერბაიჯანელი მაჰმუდ მაგომედოვის ძლევის შემდეგ, ფინალში რუს ჯამალ ოთარსულთანოვთან, დაძაბულ ორპერიოდიან ბრძოლაში წააგო.
30 მარტს მედლები 66 და 120 კილოგრამ წონით კატეგორიებშიც გათამაშდა, მაგრამ კობა კაკალაძემ და დავით მოძმანაშვილმა სამეულში შესვლა ვერ შეძლეს. ორივე მეოთხედფინალში დამარცხდა. სულ მალე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც დაკარგეს, მას შემდეგ, რაც ფინალს ვერც მათმა მძლეველებმა უწიეს. მოძმანაშვილისთვის გადაულახავი ბარიერი აზერბაიჯანელი ჯამალადინ მაგომედოვი აღმოჩნდა. არადა იქამდე ქართველმა მძიმეწონოსანმა უმთავრეს ფავორიტს, პეკინის ოლიმპიადის ფინალისტს, რუს ბახტიარ ახმედოვს დაასრულებინა ოქრო-ვერცხლზე ფიქრი. კაკალაძემ ევროპირველობის ბოლო შეხვედრა გერმანიის სახელით მოჭიდავე საბა არაშ ჯავად ბოლაგთან ჩაატარა.
31 მარტს და 1 აპრილს გერმანული ხალიჩა მოჭიდავე ქალებს დაეთმობათ. 2-3 აპრილს კი ევროპის ჩემპიონ-პრიზიორებს ბერძენ-რომაელები გამოავლენენ.

ოთარ მაღლაკელიძე

 

თავისუფალი ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი
დორტმუნდი. 30 მარტი
55 კგ
.
1 ჯამალ ოთარსულთანოვი (რუსეთი)
2 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
3 ვლადისლაუ ანდრეიუ (ბელარუსი)
3 მაჰმუდ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)

 

66 კგ.
1 ჯაბრაილ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)
2 ლეონიდ ბაზანი (ბულგარეთი)
3 საბა არაშ ჯავად ბოლაგი (გერმანია)
3 ადამ ბატიროვი (რუსეთი)

 

84 კგ.
1 ანზორ ურიშევი (რუსეთი)
2 დავით მარსაგიშვილი (საქართველო)
3 გეორგიტა სტეფანი (რუმინეთი)
3 შარიფ შარიფოვი (აზერბაიჯანი)

 

120 კგ.
1 ფათიჰ ჩაკიროღლუ (თურქეთი)
2 ალექსეი შემაროვი (ბელარუსი)
3 დანიელ ლიგეტი (ფინეთი)
3 ჯამალადინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.095632