გულშემატკივრის სვეტი

9:41 | 24.08.2010 | ნანახია [] - ჯერ

წასულების წარსული

კატარი, საემიროები, ქუვეითი, აშშ, იაპონია – ეს ის ქვეყნებია, სადაც ცნობილი ევროპელი და არამხოლოდ ევროპელი ფეხბურთელები ხშირ შემთხვევაში კარიერას ასრულებენ და ამას უპირველესად კარიერის მიწურულს, ჯიბის ამოსავსებად სჩადიან. ერთი შეხედვით, დასაძრახი მათ საქციელში რა თქმა უნდა არაფერია და ყველა წარმატებულ ევროპელ ვარსკვლავს აქვს უფლება, რომ საუდის არაბეთის, ანდა ქუვეითის კლუბებში გარჯით, მშვიდი “პენსია” გაინაღდონ. მით უმეტეს, რომ ამ გუნდებში სავარჯიშო დატვირთვაც ნაკლები აქვთ და იმაზე ფიქრის დროც რჩებათ, თუ რას გააკეთებენ კარიერის საბოლოოდ დასრულების შემდეგ.
 შორს წაგვიყვანს იმ ფეხბურთელების ჩამოთვლა, რომლებმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ამგვარი ნაბიჯი გადადგეს. ერთ-ერთი უკანასკნელნი, რომლებმაც ოკეანე გადასერეს, ან აზიას “შეაფარეს თავი”, ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავები -  ფრანგი ტიერი ანრი და იტალიელი ფაბიო კანავარო არიან. მათი ნაბიჯი ევროპაში ბევრს არ გაჰკვირვებია, თუმცა ერთ-ერთმა იტალიურმა გაზეთმა კანავაროს აზიაში წასვლას ცინიზმით განმსჭვალული ფელეტონი მიუძღვვნა, სადაც ასეთ რამეს ვკითხულობთ: “ჩვენი კაპიტანი აზიაში წავიდა. წავიდა და წავიდა, არავინ ვაპირებთ მასზე დარდს, რადგან ბოლო წლებში მის თამაშს თუ დავაკვირდებით, თამაშის დონიდან გამომდინარე, ის ისედაც აზიაში იყო წასული. დღეს კი, მხოლოდ ოფიციალურად გაფორმდა ის, რაც უკვე ცხადი იყო. ახლა კანავაროს მოუწევს არაბი და პაკისტანელი თავდამსხმელების “ქარიშხალივით შეტევების” მოგერიება. ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ კანავაროს და იმედი გვაქვს, რომ რაც “ინტერთან” მატჩში არ გამოსდიოდა, კლუბ “ნესიმ ჰაისთან” მაინც გამოუვა”.
 ალბათ თქვენც დააკვიდრით იმ ცინიკურ პათოსს, რასაც იტალიელი ჟურნალისტი მათი გუნდის ყოფილი კაპიტნის მისამართით იყენებს და აშკარაა, რომ, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ტრიუმფის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი – კანავარო, აზიაში წასვლის შემდეგ, დღეს იტალიაში შესაძლებელია თვით ბალოტელიზე ნაკლები ავტორიტეტიტაც კი სარგებლობდეს. არადა, თითქოს კანავაროს არც არაფერი დაუშავებია. იგი ევროპელთაგან არც პირველია და არც უკანასკნელი, რომელმაც არაბეთის ნახევარკუნძულზე დაადგა ბუციანი ფეხი.
 ქილიკი და ირონია არც შეერთებულ შტატებში წასულ ტიერი ანრის დაჰკლებია, თუმცა მე ყველაზე მეტად, 8 წლის წინ კატარში წასული გაბრიელ ბატისტუტას სიტყვები მახსენდება, რომელმაც არ დამალა, რომ კარიერის მიწურულს მილანის “ინტერიდან” კატარში გადაბარგების შემდეგ, რამდენიმე მისი მეგობარი სერიოზულად განაწყენდა და ერთი თურმე დღესაც კი არ ელაპარაკება. არადა ფაქტია, რომ უკვე 2002 წელს, როდესაც ბატიგოლმა 5 მილიონი დოლარის საფასურად  აზიაში გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ დიდ არგენტინელს უკვე ვეღარც მუხლი უჭრიდა, წონაც ძალიან ჰქონდა მომატებული და ერთი მოწინააღმდეგის მოტყუებაც კი ნამეტანი უჭირდა. ჰოდა, კაცმა რომ თქვას, ვითომ რატომ არ ჰქონდა აზიაში წასვლისა და მცირეოდენი ფულის შოვნის უფლება? თუმცა...
 რამდენიც უნდა ვისაუბროთ ევროპულ შემწყნარებლობაზე და სხვისი აზრის პატივისცემაზე, ფაქტია, რომ ევროპელი და ასევე ლათინოამერიკელი ქომაგები ხშირ შემთხვევაში მხოლოდ სიტყვით აფიქსირებენ სხვათა მიმართ ტოლერანტობასა და სხვების გადაწყვეტილების პატივისცემას. ხოლო, როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება და ნახავენ, რომ ერთ დროს მათი კერპი ფეხბურთელი მეორეხარისხოვან კლუბში გადადის, (თუ ეს კლუბი მათი გუნდის კონკურენტია, მაშინ საერთოდ საშინელებები ხდება...) წამსვე გორდება ამ ფეხბურთელის მიმართ ცინიზმის ტალღა და მისი ძველი დამსახურებები ხშირ შემთხვევაში აღარავის ახსოვს.
 რაღა შორს წავიდეთ და, ერთი თვის წინ, “რეალიდან” “შალკეში” გადასული რაული გავიხსენოთ. მადრიდელი ქომაგების ერთმა ნაწილმა მადლობის წერილიც გაუგზავნა გონსალეს ბლანკოს და ტელევიზორშიც აჩვენეს, ორიოდე მადრიდელი ქომაგი რაულის წასვლის გამო ცრემლებს როგორ აღვარღვარებდა. მაგრამ, “რეალის“ ესპანურენოვან ინტერნეტფორუმზე შესული ესპანურის კარგად მცოდნე ჩემი ნაცნობი სულ სხვა სიტუაციის მომსწრე გახდა. ფორუმზე მადრიდელების ქომაგთა უმეტესობა რაულს პირდაპირი მნიშვნელობით დასცინოდა და მისი მისამართით არცთუ სასიამოვნო ფრაზებს ამბობდა. ეს ყველაფერი მხოლოდ რაულსა და „რეალის“ ქომაგებს არ ეხებათ. თითქმის ყველა კლუბის ქომაგები გუნდიდან საყვარელი ფეხბურთელის წასვლზე იდენტურ განცხადებებს აკეთებენ – ეს ფეხბურთელი როგორ უყვართ, როგორ უნდათ მან წარმატება სხვა კლუბშიც მიაღწიოს, მაგრამ დიდი შანსია, რომ მათი ეს სიტყვები სულაც არ იყოს გულწრფელი. ქომაგებისათვის ფეხბურთელის კლუბისადმი ერთგულება (თუნდაც მას ფეხები სათადარიგო სკამზე ჯდომისგან ჰქონდეს გადაქლერტილი) ხშირ შემთხვევაში კარგ თამაშზე მაღლა დგას.

ლევან სეფისკვერაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099494