გულშემატკივრის სვეტი

11:48 | 29.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

წერილი გურამს

თავს როგორ გრძნობთ, ბატონო გურამ? ხომ ძველებურად ჯანზე ხართ? სამწუხაროდ, თქვენი გვარი არ მახსოვს, მაგრამ გურამი რომ გქვიათ და თბილისის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში რომ ისტორიას ასწავლიდით, ეს ნამდვილად მახსოვს. ისიც კარგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ნორვეგიის ეროვნულ გუნდთან საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მარცხის შემდეგ, 9 აპრილის ბაღში, მარცხის გამო დამწუხრებულ ახალგაზრდებს ირონიულად რომ უთხარით: ”ბიძიკოებო, რით ვერ მიხვდით, რომ ქართველებმა არ ვიცით ამ ფეხბურთის თამაში და ჩვენი საქმე ეს სპორტი არ არისო...”. ამხელა პროფესორი კაცი ხართ და ნიშნის მოგებას როგორ შეგკადრებთ, მაგრამ გასულ შაბათს საქართველოსა და ხორვატიის ნაკრებების შეხვედრას თუ უყურეთ, რა განწყობა დაგეუფლათ - ეს მაინტერესებს. ახლა რომ სადმე შეგხვდეთ და მაშინდელი თქვენი მონოლოგი გაგახსენოთ, ალბათ მაშინ ნათქვამ სიტყვებს სამჯერ კი არა, ასჯერაც უარყოფთ და ”ბიძიკო, ვიღაცაში გეშლებითო”- მომიშორებთ თავიდან, მაგრამ იმ სიმბოლურ ფაქტს მაინც ვერაფერი წაშლის, 9 აპრილის ბაღში მჯდომი, ”ქართველების არაფრისმაქნისობაზე” და ”დიდი საბჭოთა კავშირის დანგრევაზე” რომ მოსთქვამდით.
 არ ვიცი, შეიძლება, სულაც არ გინახავთ საქართველო-ხორვატიის შეხვედრა და ამ დროს, სხვა ”უფრო მნიშვნელოვანი” საქმით იყავით დაკავებული, მაგრამ გურამ ბატონო, თავს ნებას ვაძლევ მოგახსენოთ, რომ უკვე წელიწადზე მეტია, საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს თამაში არ წაუგია და მიუხედავად იმისა, რომ ”ფეხბურთი ჩვენი საქმე არ არის”, 26 მარტს, ეროვნული სტადიონიც ბოლომდე გავავსეთ და იმ ხორვატიას მოვუგეთ, ჩვენგან განსხვავებით, ”მათი საქმე რომაა ფეხბურთი”. ბატონო გურამ, ის თუ გახსოვთ, ბრაზილიის ნაკრების მაისურში გამოწყობილ ერთ-ერთ ბიჭს, ცხრა ნომრიან მაისურზე უკან ”რონალდო” რომ ეწერა, რა უთხარით?! დავიჯერო ეგეც არ გახსოვთ?! ”ჩვენს ახალგაზრდობაში უცხოელი ფეხბურთელის გვარს ”მაიკაზე” როგორ დავიწერდით, რა დღეშიც ვართ, აქედანაც ჩანსო” – განა თქვენი სიტყვები არ არის? ახლა შეგიძლიათ, აღარ იდარდოთ გურამ ბატონო, რადგან, ის პატარა ბიჭი ახლა გაიზარდა, ”ავადსახსენებელი ინგლისური” ისწავლა და ხორვატიასთან მატჩის შემდეგ, ერთ-ერთ ინტერნეტ-მაღაზიას ოთარ მარცვალაძის გვარით დამშვენებული ”ვოლგას” მაისური შეუკვეთა. არა... სხვა რამე იფიქრეთ თქვენ... ტელეფონიანი შავი”ვოლგა” რა შუაშია კაცო...
 ”შენობით” საუბარზე ხომ არ გადავსულიყავით, გურამ ჩემო? უფროსი ასაკის კაცი კი ხართ, მაგრამ ამ სამიოდ აბზაცში უკვე იმდენ ტყუილში გამოგვიჭირეთ, მგონი აღარაფერია ჩვენში დასამალი. ჰოდა, დასამალი თუკი აღარაფერი გვაქვს, მაშინ გამოგიტყდები, რომ მე და იმ შენთვის კარგად ნაცნობ ბრაზილიისმაისურიან ბიჭს და კიდევ იმ ათასობით ქომაგს, 26 მარტის საოცარ საღამოს ”საქართველო! საქართველოს!” ხმისჩახლეჩვამდე რომ ბღაოდნენ, იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ნაკრები როცა იქნება, მომავალში დიდ მუნდიალზეც გავა. რა ვქნათ, უსაზღვროა ჩვენი ”თავხედობა”...
 ”ქართველებს წესიერად არაფერი გამოგვდისო” ალბათ, ხშირად კი ამბობ, მაგრამ საბედნიეროდ ამაშიც მწარედ ცდები გურამ ჩემო, რადგან როცა მოვინდომეთ, ყველაფერი მშვენივრად გამოგვივიდა. კარგად შეხედე დროშებს, მთელი ღამე რომ აფრიალებდნენ ემოციებისგან დაღლილი ბიჭები თბილისში და ქუთაისში, თელავში და ბათუმში. არ დაიჯერებ და, ცხინვალთან ახლოს, რუსი ჯარისკაცებით გადაძეძგილ საზღვრისპირა სოფელშიც კი გადმოფინეს ხუთჯვრიანი დროშები ”არაფრისმაქნისმა ქართველებმა”. შეხედე რამხელა გული აქვს ამ ნატანჯ და ათასი ვაების მხილველ ხალხს. ხორვატებთან გამარჯვების შემდეგ, როგორ ტიროდა ტელევოზორებს მიმსხდარი ასიათასობით ქართველი ემიგრანტი პლანეტის ყველა კუთხეში. როგორ ისმება ქართულ ოჯახებში ქართული ფეხბურთის სადღეგრძელოები და თანდათან როგორ იჯერებს მთელი ქვეყანა იმას, რომ ქართველებსაც შეგვიძლია დიდი გამარჯვებები!
დიდხანს ვფიქრობდი, მომეწერა თუ არა შენთვის ეს წერილი, გურამ. მით უმეტეს, ისიც არ ვიცი, ამ წერილს ოდესმე წაიკითხავ თუ არა. საბოლოოდ, როგორც ხედავ, გულმა არ მომითმინა და მაინც მოგწერე. ჩემი ნახვა თუ მოგინდება, სულ ადვილად მომაგნებ. ორ სექტემბერს, საქართველო-ლატვიის მატჩის წინ, ეროვნული სტადიონის შესასვლეთან ვიდგები ორი ბილეთით ხელში.     

ლევან სეფისკვერაძე  



 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092013