საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლევან წიკლაურმა (81 კგ) ვარშავაში მიმდინარე “ევროპის ღია ტურნირზე” ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივეში იმარჯვა და ჩემპიონის ტიტულს ერთადერთი მოგება აშორებს.
ფინალის გზას წიკლაური სერბი ალექსეი ნეფედოვის წმინდად ძლევით შეუყვა. იპონ-იპონ ჩამოიშორა ესტონელი ევგენი სალეიევი და ფრანგი ქუენტინ ჟუბერიც. ნახევარფინალში რუსი მაქსიმ ბუგა ეფექტური გდებით დასცა ბეჭებზე. გადამწყვეტ შეხვედრაში კი ლატვიელ კონსტანტინს ოვჩინიკოვსს დაუპირისპირდება.
დღესვე პოლონურ ტატამზე კიდევ ექვსი ქართველი გავიდა, მაგრამ სამეულში შესვლა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო – პაატა ღვინიაშვილი, ხვიჩა ხუციშვილი (ორივე 81 კგ), ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ტაველური (ორივე 90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი და დავით ლორიაშვილი (ორივე 100 კგ) მეოთხედფინალამდე ვერ მივიდნენ და ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების გარდა ბრინჯაოს შანსიც უმალ დაკარგეს.







