გულშემატკივრის სვეტი

13:04 | 28.10.2012 | ნანახია [] - ჯერ

“წინაპრები” და “შთამომავლები”

ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ქართველები, წარმოშვებით, შესაძლებელია, ეგვიპტელები ვიყოთ. ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ ერთა დიდი მიგრაციის დროს, კავკასიის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების ნაწილი და მათ შორის ქართველების უძველესი წინაპრებიც, აფრიკიდან გადმოსახლდნენ. მოდით, მთლად ნუ ჩავუღრმავდებით ამ თეორიას, მაგრამ თუკი ჯავახიშვილის მოსაზრებას სარწმუნოდ მივიჩნევთ, გამოდის, რომ 14 ნოემბერს, “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე, ჩვენს უძველეს წინაპრებს ვხვდებით და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგური იქნება, აფრიკის მრავალგზის ჩემპიონთან მატჩი “ჯვაროსნებისთვის”, წესით, დიდი გამოცდა უნდა იყოს.
ისე, ეგვიპტელების “წინაპრობაზე” თუ მიდგება საქმე, მაშინ გამოდის, რომ დღევანდელ ეგვიპტელებზე მეტად, ჩვენ გვქონია უფლება თავი ჭეშმარიტ “პირველ ეგვიპტელებად” გამოვაცხადოთ. დღეს ეგვიპტეში მცხოვრები არაბული ტომის ხალხი არც ისე დიდი ხანია, რაც აფრიკის მიწაზე მოსახლეობს და გამოდის, რომ ქართველები უფრო ადრე ვიყავით “ეგვიპტელები”, ვიდრე დღევანდელი ეგვიპტის მოქალაქეები არიან. რა თქმა უნდა, “პაპზე უფრო კათოლიკე” ვერ იქნები, მაგრამ რაკი თეორია არსებობს, ამ თეორიის მიყოლასაც აქვს ერთგვარი ხიბლი და ინტერესი...
მოკლედ, მალე, თბილისში, ჩვენს “ძველ სამშობლოს” ვხვდებით. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დღევანდელი მდგომარეობა, ერთი შეხედვით, ალბათ, ნაკლებად იძლევა იმის იმედს, რომ ეგვიპტესთან ამხანაგურ მატჩში იმ ფეხბურთს ვნახავთ, რაც ქომაგებს უყვართ და რის გამოც დღემდე ვამაყობთ, წარსულში ქართული ფეხბურთის წარმატებებით.
თუმცა, განვლილმა შეხვედრებმა (განსაკუთრებით კი, საქართველო-ფინეთის მატჩმა) დაგვანახა, რომ თუ ჩვენი ნაკრები ხასიათზეა, ნამდვილად შეუძლია თამაში. მერე რა, რომ როგორც თემურ ქეცბაია ამბობს, საქართველოს ნაკრებს “მესები არ ჰყავს”. ქართველი გულშემატივრები სამართლიანად ფიქრობენ, რომ დღეს ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით სასწაულების მოხდენა არა, მაგრამ თუნდაც ეგვიპტის დონის გუნდებთან ნორმალურად თამაში შეიძლება.
ბელარუსის ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ, თემურ ქეცბაიას ისედაც ბევრი მაკრიტიკებელი კიდევ უფრო მოუმრავლდა. გულშემატკივრების ნაწილი “ჯვაროსნების” მწვრთნელს ბრალს სდებს იმაში, რომ ქეცბაია ვერ ახერხებს გუნდში სათამაშო განწყობის შექმნას, თავად ებმება კონფლიქტებში და უჭირს არასასურველი შედეგით წარმართულ მატჩებში, შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება.
ამ ბრალდებების ნაწილი ჯერ კიდევ ფინეთთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა, როდესაც საქართველოს უმთავრესმა გუნდმა ცუდად ნამდვილად არ ითამაშა, მაგრამ მატჩის ხასიათიდან გამომდინარე, შედეგი არ იყო ის, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო.
არ ვაპირებ ქეცბაიას დაცვას, მით უმეტეს, ქეცბაია თავს ჩვენი დახმარების გარეშეც მშვენივრად დაიცავს, მაგრამ რამდენადაც მართებული არ უნდა იყოს მის მიმართ წაყენებული ბრალდებები, ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმას, რომ საქართველოს ნაკრებს მწვრთნელის ხელი არ ემჩნევა. პირიქით... ალბათ, ახლა დგას ის განსაკუთრებული პერიოდი, როდესაც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრებს ნამდვილად ჰყავს მწვრთნელი და მწვრთნელის შეცდომებიც იმიტომ ჩანს ასე მკაფიოდ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აშკარაა, რომ თემურ ქეცბაიას აქვს თავისი სტილი, რომლის ერთგულიცაა და ყოველი მატჩის წინ, შემადგენლობის დაყენების დროს, “ღობე-ყორეს” არ ედება.
სხვა საქმეა, ქომაგისთვის რამდენად მისაღებია ის ფეხბურთი, რასაც ქეცბაია ჩვენს გუნდს ათამაშებს, მაგრამ ეს მისი ფეხბურთია და მაშინ სტილზე უნდა ვიკამათოთ და არა შედეგზე. მთავარი კი, რა თქმა უნდა შედეგია, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ ჩანს. მაგრამ არ ჩანს იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ნაკრები ჯგუფში მსოფლიოს ორ ჩემპიონთან თამაშობს. გამოგიტყდებით და მე იმ ქომაგთა შორის ვარ, რომლებსაც მწვრთნელთა უაზრო ცვლა ყელში გვაქვს ამოსული და გვინდა, რომ თემურ ქეცბაიამ, მინიმუმ, ეს შესარჩევი ეტაპი ბოლომდე ჩაამთავროს. წინ კი, ეგვიპტესთან ამხანაგური მატჩია. რამდენად კარგი “წინაპარ-შთამომავლობა” გვცოდნია, ეს 14 ნოემბერს გამოჩნდება!
 

 

ლევან სეფისკვერაძე   
 

0.092344