ფიფასთან არსებულმა ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2011 წლის საუკეთესო მწვრთნელად ურუგვაელი სპეციალისტი ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი დაასახელა. 64 წლის დამრიგებელმა, რომლის მეთაურობითაც ურუგვაელთა ეროვნულმა გუნდმა კოპა ამერიკა-2011 მოიგო, 14 ხმით გაასწრო ესპანელ ვისენტე დელ ბოსკეს. მესამეზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი გავიდა.
... 2006 წელს ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაკო კასალმა ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო, ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნა. სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური ურუგვაიმ კოსტა რიკასთან საპლეიოფე მატჩების შედეგად მოიპოვა, ოთხწლეულის უპირველეს საფეხბურთო ფორუმზე კი სამხრეთამერიკელ მწვრთნელთაგან ყველაზე მეტს სწორედ ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა მიაღწია. მან ურუგვაი მუნდიალის ნახევარფინალში გაიყვანა! საფრანგეთთან ნულოვანი ფრით დასრულებული შეხვედრის შემდეგ ურუგვაელთა დამრიგებელმა... დაცვის ხაზის რეორგანიზაცია გადაწყვიტა. სინიორ ოსკარმა შტატიანი უკანახაზელების რაოდენობა გაზარდა, რითაც... შეტევა გააძლიერა – ფორვარდთა რაოდენობა სამამდე გაზარდა. სუარეს-ფორლან-კავანის შემტევი ტრიოს გამოყენება მხოლოდ ერთი შეხედვითაა ავანტურული. პრაქტიკაში კი ამ ტრიომ ურუგვაის ნაკრების შეტევითი პოტენციალის რეალიზება სრულად მოახერხა. ტაბარესი გუნდს 4-3-3 განლაგებით ათამაშებდა და ამ სქემაში ტიპური ცენტრფორვარდი პრაქტიკულად არავინ იყო. დიეგო ფორლანი ბურთის მისაღებად მინდვრის შუაგულში იხევდა, შემდეგ კი ხშირად “ჯაბულანთან” ერთად მეტოქის საჯარიმომდე აღწევდა, სადაც მას სუარესი და კავანი “გზას უთავისუფლებდნენ” და “საცეცხლე პოზიციაზე” გაჰყავდათ. სპეციალისტთა უმრავლესობის აღიარებით სწორედ ტაბარესის ურუგვაიმ აჩვენა ტაქტიკურად ყველაზე მოქნილი და მრავალფეროვანი თამაში. თუკი საფრანგეთთან ნულოვან ფრეზე ყაბულს მყოფი ურუგვაი ვიხილეთ, სამხრეთ აფრიკასთან “სელესტემ” მწვავე შეტევებით დაგვამახსოვრა თავი, სამხრეთკორეელებთან ჩატარებულ მერვედფინალში კი, სასურველი შედეგის მისაღწევად, ტაბარესის შეგირდებმა რამდენჯერმე მოახერხეს ტაქტიკური მონახაზის შეცვლა. ტრადიციულად, ურუგვაელებს პრაგმატულ თამაშში სდებენ ბრალს, რაც შიგა და შიგ, გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზეც იჩენდა თავს, მაგრამ ტაბარესის გუნდის კოზირი მაინც ბედის მოწინააღმდეგის კართან ძებნა იყო და ურუგვაელებმა დამაჯერებელ თამაშთან ერთად სამი საფეხბურთო თრილერიც (განასთან, ჰოლანდიასა და გერმანიასთან) გვაჩუქეს. არავინ დავობს, რომ მეკარე ფერნანდო მუსლერას, მცველების დიეგო ლუგანოს, ხორხე ფუსილეს, დიეგო გოდინის, შუახაზელების ალვარო პერეირას და დიეგო პერესის, განსაკუთრებით ფორვარდების, დიეგო ფორლანის, ლუის სუარესისა და ედინსონ კავანის სახით მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა, ეს ფაქტი ტაბარესის სამწვრთნელო ტალანტს სულაც არ აკნინებს. სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე რამდენიმე ნაკრებს ურუგვაელებზე უკეთესი საშემსრულებლო ანსამბლი ჰყავდათ, პლანეტის 4 საუკეთესო გუნდში კი ტაბარესის კოლექტივი მოხვდა და არა თუნდაც კარლოს დუნგასა და დიეგო მარადონას რჩეული ფეხბურთელები.
შარშანდელ კოპა ამერიკას “ფავორიტთა სასაფლაოდ” სავსებით სამართლიანად მოიხსენიებენ და სხვა გრანდებთან ერთად, ტურნირის სტარტზე არც ურუგვაი ბრწყინავდა. ჯგუფურ ეტაპზე გამონაკლისი მხოლოდ ჩილესთან ასპარეზობა გამოდგა, მექსიკელთა ძლევის შემდეგ კი ყველაზე პრინციპული სამეოთხედფინალო დაპირისპირება, შეჯიბრების ორგანიზატორ არგენტინასთან შედგა. “სელესტემ” ნახევარფინალის საგზური პენალტების სერიით მოიპოვა, თუმცა, ვერავინ იტყვის, ურუგვაიმ “ალბისელესტე” შემთხვევით დაამარცხაო. პრაქტიკულად მთელი მატჩის განმავლობაში აშკარად იგრძნობოდა, ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი თავის არგენტინელ ვიზავის, სერხიო ბატისტაზე უფრო მაღალი რანგის სპეციალისტი რომაა. ხავიერ ძანეტის, ლეო მესის, კარლოს ტევესის, ხავიერ მასკერანოსა და მათი პარტნიორების დამარცხების შემდეგ ურუგვაის კოპა ამერიკის გათამაშების სარეკორდო, მეთხუთმეტე მოგების შანსი მიეცა და ეს შესაძლებლობა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდმა სათანადოდ გამოიყენა. პერუსთან ნახევარფინალის მოგების შემდეგ, ფინალში “სელესტე” იმ პარაგვაის შეხვდა, რომელმაც გადამწყვეტ მატჩამდე გოლგაუშვებლად მიაღწია. მსაჯის სასტარტო ნიშნის შემდეგ “გუარანიმ” “ზურგი გაამაგრა”. ტაბარესისთვის ეს მოულოდნელი სვლა არ ყოფილა. ბუენოს აირესის “მონუმენტალზე” მისმა გუნდმა გაშლილი ფრონტით შეუტია მეტოქეს და ლუის სუარესისა და დიეგო ფორლანის გოლებით პირველი ტაიმი 2:0 მოიგო. ფინალში ურუგვაელებს პოზიციური შეტევაც კარგად გამოსდიოდათ და საფირმო მწვავე კონტრიერიშებიც. მეორე ტაიმში პარაგვაიმ თამაშის მოწინააღმდეგის ნახევარზე გადატანა სცადა და დროდადრო ურუგვაელთა შევიწროებასაც ახერხებდა (ერთ-ერთ ეპიზოდში გუარანელმა ვალდესმა ბურთი მუსლერას კარის ხარიხას გაარტყა), მატჩის მიწურულს კი ფორლანმა მოწინააღმდეგე კონტრშეტევაზე “დაიჭირა” და მესამედ გაუტანა პარაგვაელთა კიპერს ხუსტო ვილარს.
გადამწყვეტი მატჩის მოგების შემდეგ ტაბარესმა დასძინა, საკუთარ პასუხისმგებლობას ახლა უფრო მძაფრად ვგრძნობ და უახლოეს დღეებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის სერიოზულ მზადებას დავიწყებთო.
გოჩა კაჭარავა









