სტამბოლში ძიუდოისტთა ევროპირველობის მესამე დღეს, ინდივიდუალური ჩათვლის მედლების ბოლო 5 კომპლექტი გათამაშდა. ტატამზე 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მამაკაცები და 78 და +78-კილოგრამიანი ქალები გავიდნენ. კიმონო საქართველოს მამაკაცთა ნაკრების ექვსმა წევრმა მოირგო და მათგან 3 კვარცხლბეკზეც ავიდა. ყველაზე შედეგიანად ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) გაისარჯა, რომელსაც ევროპის ჩემპიონის ტიტულამდე გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა.
ჟორჟოლიანი ჩემპიონატში პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაერთო. სერბ პრედრაგ ბუდიკს იუკოთი გასცდა, ჩერნოგორიელ ნიკოლა ვულევიჩს მე-2 წუთზე მოუმთავრა საქმე, ფრანგი კირილ მარე საფინალო სირენამდე 41 წამით ადრე დასცა ბეჭებზე, ხოლო ჩეხ ლუკაშ კრპალეკს 3 წუთი აკმარა. ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა მხოლოდ ის შეძლო, რომ მე-2 წუთის ბოლოს მსაჯს პასიური მოწინააღმდეგე გააფრთხილებინა, მაგრამ უპირატესობის გაზრდა და ქულებში ასახვა ვეღარ მოახერხა. პირიქით, მე-4 წუთზე ჯერ ვაზარი გამოეპარა, შემდეგ კი იუკო და ჩამორჩენა ვეღარაფრით ვერ აღმოფხვრა.
ამავე წონაში, ტატამზე საქართველოს ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი, ირაკლი ცირეკიძეც გავიდა და ბოლომდე ჩვეულად რომ ეჭიდავა, ევროტატამზე ქართულ ფინალსაც ვიხილავდით, მაგრამ რუსი სერგეი სამოილოვიჩისა და დანიელი ფრედერიკ იორგენსენის თითო იუკოთი ძლევის შემდეგ, მეოთხედფინალში ლატვიელ იევგენის ბოროდავკოსთან ოქროს დროში იპონზე წამოეგო და რეპეშაჟში გადაერთო. ბრინჯაოს გზაზე უბერებელი ებრაელი არიელ ზეევი წმინდად დაამარცხა, ხოლო ლუკაშ კრპალეკთან იუკოთი მოგებით მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა.
ბრინჯაო იკმარა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმაც. ევროპის 2009 და 2010 წლების ჩემპიონატების ვერცხლის პრიზიორმა ზედიზედ მე-3 ფინალში გასვლის შანსი რუს კირილ დენისოვთან, ნახევარფინალური მარცხით დაკარგა. შეხვედრის ბედი დენისოვის მიერ მე-4 წუთის მიწურულს შესრულებულმა იპონმა გადაწყვიტა. ამ ორთაბრძოლამდე ვარლამ ლიპარტელიანმა 3 მოწინააღმდეგე ჩამოიშორა. პოლონელ კრჟიშტოფ ვეგლარზს ორწუთნახევარში 2 ვაზარი აართვა, გერმანელი კრისტოფ ლამბერტის დასაიპონებლად 4 წუთი დასჭირდა, ხოლო ევროპის 2010 წლის ჩემპიონს, შვედ მარკუს ნიმანს შარშანდელი ფინალის რევანში, დაძაბულ ბრძოლაში, გაფრთხილებებით მოპოვებული უპირატესობით აუღო. “ბრინჯაოს ფინალში” ლიპარტელიანმა სლოვაკი მილან რანდლი დაჩაგრა. 90 კილოგრამში ქართული დროშის ქვეშ ლაშა გურულმაც იჭიდავა, მაგრამ ტატამზე ერთადერთხელ გავიდა - უკრაინელ ვადიმ სინიავსკისთან წმინდად წააგო.
მძიმეწონოსან ზვიად ხანჯალიაშვილს სამეულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ჰოლანდიელი ლუუკ ვერბიჟის, ფრანგი მეტიუ ბატესა და უკრაინელი სტანისლავ ბონდარენკოს იპონ-იპონ ჩამოშორების შემდეგ, ნახევარფინალში შარშანდელი ევროპის ჩემპიონატის ფინალისტთან, უნგრელ ბარნა ბორთან 2 იუკოთი დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო. ბრინჯაოს მედალი კი პოლონელმა იანუშ ვოინაროვიჩმა არ დაანება, მე-3 წუთის ბოლოს შესრულებული იპონით.
+100 კილოგრამში საქართველოს სახელით ნოდარ მეტრეველმაც იჭიდავა, მაგრამ ერთადერთხელ – პირველსავე წრეში უმთავრეს ფავორიტს, უხვტიტულა ფრანგს, ტედი რინერს დაუპირისპირდა და უშანსოდ წააგო.
ავსტრიელი პიტერ ზაიზენბახერის გაწვრთნილმა ქართულმა გუნდმა, ევროპირველობა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რაც ორმოცდაორ მონაწილე ქვეყანას შორის მე-9 შედეგი აღმოჩნდა. ჩემპიონატის დასკვნით დღეს – ოცდაოთხ აპრილს, ჩემპიონ-პრიზიორები გუნდურ ჩათვლაში გამოვლინდებიან.
ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი
სტამბოლი
23 აპრილი
კაცები
90 კგ
1 ილიას ილიადისი (საბერძნეთი)
2 კირილ დენისოვი (რუსეთი)
3 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)
3 მარკუს ნიმანი (შვედეთი)
100 კგ
1 ამელ მეკიჩი (ბოსნიაჰერცეგოვინა)
2 ლევან ჟორჟოლიანი (საართველო)
3 ირაკლი ცირეკიძე (საქართველო)
3 იევგენის ბოროდავკო (ლატვია)
+100 კგ
1 ტედი რინერი (საფრანგეთი)
2 ბარნა ბორი (უნგრეთი)
3 მარტინ პადარი (ესტონეთი)
3 იანუშ ვოინაროვიჩი (პოლონეთი)
5 ზვიად ხანჯალიაშვილი (საქართველო)
ქალები
78 კგ
1 ოდრი ჩეუმეო (საფრანგეთი)
2 ლუსი ლუე (საფრანგეთი)
3 ლუიზე მალზანი (გერმანია)
3 ანა ველენსეკი (სლოვენია)
+78 კგ
1 ელენა ივაშჩენკო (რუსეთი)
2 ანე მონდიე (საფანგეთი)
3 თეა დონღუზაშვილი (რუსეთი)
3 ლუსია პოლავდერი (სლოვენია)
გუნდური ჩათვლა. კაცები
ო ვ ბ V VII
1 აზერბაიჯანი 1 1 0 0 1
2 უნგრეთი 1 1 0 0 0
3 საფრანგეთი 1 0 0 4 0
4 უკრაინა 1 0 0 1 1
5 ბოსნია-ჰერცეგოვინა 1 0 0 0 0
5 საბერძნეთი 1 0 0 0 0
5 პორტუგალია 1 0 0 0 0
8 რუსეთი 0 2 3 1 1
9 საქართველო 0 2 2 2 0
10 მოლდოვა 0 1 0 0 0
ოთარ მაღლაკელიძე







