დღეს ბორის პაიჭაძე 96 წლის გახდებოდა...
ქომაგების გულში ფეხბურთი სხვადასხვაგვარად შემოდის. ზოგს მამა უნერგავს სიყვარულს, ზოგს ბაბუა, ზოგს ბიძა, ზოგსაც უბრალოდ შეუძლია, ერთხელ ნახოს თამაში და გულში ჩაუვარდეს. მცხოვანი გულშემატკივრებისგან გამიგია, ფეხბურთი ბორია პაიჭაძემ შემაყვარაო - აი, ეს სულ სხვა რამ არის. ეს დიდი ფეხბურთელების ხვედრია. მას რუმინეთში “ფეხბურთის კარუზო” შეარქვეს. ის იმ ტიპის ფეხბურთელი იყო, რომელიც მარტო იგებდა თამაშებს, მოუხეშავ მოსკოველ მცველებს თავბრუს ახვევდა და ერთ-ერთ ძველ წიგნში მაქვს ნანახი კარიკატურა, სადაც ბორიას მოსკოვის “სპარტაკის” 8 მცველი ხურჯინივით ჰყავს მოკიდებული, ბურთი ფეხებში აქვს და გაშმაგებული მიიწევს კარისკენ. წიგნებიდან – აბა, სხვა საიდან უნდა ვიცოდეთ ახალგაზრდა თაობის გულშემატკივრებმა და ჟურნალისტებმა მისი თამაში.
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ონჭიკეთში დაბადებული ბიჭი მეზღვაურობაზე ოცნებობდა, ან იქნებ, არც ოცნებობდა და უბრალოდ, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ყმაწვილობისას გემ “ტენდრაზე” მექანიკოსად მუშაობდა და ყველა აქებდა, მაგრამ მეგობრები ყველანაირად ცდილობდნენ, ბორია ფეხბურთში დაესაქმებინათ. რა აღარ სცადეს. პაიჭაძე ბათუმში იყო და გემი შორს უნდა წასულიყო, მაგრამ წერილი მიურბენინეს, რომელშიც დედა იხმობდა – მალე ჩამოდი, მამაშენი იღუპება, უკანასკნელ წუთებს ითვლისო.
მიხვდებოდით, ყალბი დეპეშა იყო. ფოთში ასე ჩაიტყუეს და ფეხბურთი ათამაშეს. აღარც ზღვა, აღარც გემი და აღარც შორეული მგზავრობა – მორჩა, ბორიას ფეხბურთის გარდა აღარაფერი ახსოვდა.
6 წლისამ დაიწყო ფეხბურთის თამაში, მაგრამ მამა ამას დიდი აღფრთოვანებით არ უყურებდა. მეტიც, უშლიდა კიდეც. სოლომონ პაიჭაძე ლელობურთის მოთამაშე იყო და ფეხბურთი რატომღაც არ მოსწონდა, მაგრამ როდესაც ერთხელ სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, გზად ხალხი შემოესია, მოდი, ნახე, შენი შვილი რა ამბებს სჩადისო. შევიდა სტადიონზე, ფოთელთა გუნდი ხარკოველებისას ხვდებოდა, ხალხი სულ “ბორიას” გაიძახოდა. ხარკოველები ყმაწვილს ვერ აჩერებდნენ. მას შემდეგ სოლომონს შვილისთვის საყვედური აღარ დასცდენია.
არის მატჩები, რომელსაც გულშემატკივრები ვერ ივიწყებენ და ასე იყო 1939 წელს, როცა თბილისის “დინამო” მოსკოვის ცდკა-ს ხვდებოდა. პირველი ტაიმი დამთავრდა და 1:4-ს აგებენ თბილისელები. “დინამოს” გასახდელში ლავრენტი ბერია შესულა და მწვრთნელ-ფეხბურთელებს დამუქრებია... დინამოელები ჩაფიქრდნენ - რაღაც შესაცვლელია... და ამ დროს, პაიჭაძემ ითავა სიტყვა – შეტევაში თამაში უნდა ავრიოთ, სისტემატიურად უნდა ვცვალოთ ფლანგებიო.
მეორე ტაიმი ცდკა-ს ჭირ-ვარამად იქცა, ბორია მინდორზე დაქროდა და საბოლოოდ, 5:4 “დინამოს” სასარგებლოდ.
16 სეზონი ითამაშა “დინამოში” (1936-1951), საბჭოეთის ჩემპიონატის 180 შეხვედრაში, 99 გოლი გაიტანა და ეს ის შემთხვევაა, როცა სტატისტიკა მეორე პლანზეა. ბორის პაიჭაძე ყოველგვარ სტატისტიკაზე მაღლა იდგა.
ის XX საუკუნის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დაასახელეს, მისი სახელი ქვეყნის უდიდეს სტადიონს ჰქვია და რაც მთავარია, მისი გახსენებისას, სტაჟიან გულშემატკივრებს თვალზე ცრემლი ადგებათ.
ილია ნანობაშვილი









