ძნელი გასახსენებელია, ბოლოს როდის იყო თბილისის მსოფლიოს თასი ასეთი წარმომადგენლობითი ტურნირი, როგორიც წელსაა. სპორტის სასახლეში გაშლილ ტატამებზე, ამ უქმეებზე მსოფლიოს 44 ქვეყნის ნაკრების წევრები გავლენ. რაოდენობრივი მხარისგან, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა ხარისხის კუთხით. საქართველოს, მსოფლიოს რეიტინგ-სიის არც ერთი წონითი კატეგორიის მოწინავე ათეულის არც ერთი წარმომადგენელი არ სტუმრობს. მონაწილეთა შორის ყველაზე მაღალრეიტინგიანები ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ) და კანადელი ნიკ ტრიტონი (73 კგ) არიან, რომლებიც თავიანთ წონებში მე-13 და მე-15 პოზიციებს იკავებენ.
ტრიტონი საქმეში უკვე ჩაერთო, მაგრამ შეჯიბრებას პირველსავე შეხვედრაში მარცხის გამო გამოეთიშა. ოღონდ, ამაზე ცოტა ქვემოთ. ორდღიანი შეჯიბრების პირველ დღეს, მედლები საწყის სამ წონით კატეგორიაში გათამაშდა და სამივეში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ქართველი ძიუდოისტები ავიდნენ.
60 კგ
უმსუბუქეს წონაში მოჭიდავე ოთხი სპორტსმენიდან, სამისთვის მსოფლიოს თასი ერთი შეხვედრით დაიხურა. სოსო ნიჟარაძე მსოფლიოს რეიტინგის 48-ე ადგილზე მყოფ ყაზახთან, ასხატ ტელმანოვთან ვაზარ იუკოთი დამარცხდა, პაატა მერებაშვილმა ჩინელ ლამუსი ასთან სამ წუთში წააგო წმინდად, ხოლო ვაჟა მარგველაშვილმა საერთოდ სასწაული ჩაიდინა - სომეხ არტურ ვარდანიანს შეხვედრის დასაწყისშივე იუკო და ვაზარი აუღო, მაგრამ უპირატესობის შენარჩუნება მაინც ვერ მოახერხა. ჯერ იყო და, გაპასიურების გამო მსაჯს თავი ორჯერ გააფრთხილებინა და იუკოც დაკარგა. ბოლო წუთზე კი, თითო ვაზარი და იუკოც გამოეპარა.
ერთადერთი ნათელი წერტილი ბეთქილ შუკვანი იყო, რომელმაც მართლა ბრწყინვალედ იჭიდავა. ევროპის ვერცხლის პრიზიორმა მსუბუქწონოსანმა, მსოფლიოს თასის ოქროს მედალი და 100 სარეიტინგო ქულა 5 იპონით გამოიმუშავა. საჩემპიონო გზას აზერბაიჯანელი ვუგარ შირინლის ძლევით შეუყვა. ამ შეხვედრაში შუკვანმა წმინდა გდება მეხუთე წუთზე შეასრულა (იქამდე ვაზარს იგებდა). მორიგ მეტოქეებს – ესტონეთის სახელით მოჭიდავე ელნურ ალიევს, რუს აიხერელ ბალჩაპკანსა და ჩინელ იონლონგ ჰის დასაიპონებლად თითო წუთი აკმარა. ფინალში კი, ებრაელ არტემ არშანსკის 2 წუთსა და 44 წამში მოუმთავრა საქმე.
66 კგ
ყველა დიდი ინტერესით ელოდა შალვა ქარდავას ტატამზე დაბრუნებას. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატს და ოლიმპიური ლიცენზიისთვის მებრძოლ ძიუდოისტს, ბოლო თვეებში ტრავმიანობამ არაერთი ტურნირი გააცდენინა და საოლიმპიადო ქვოტასაც ჩამოსცილდა. მიზნის მისაღწევად, სარეიტინგო ქულები ჰაერივით სჭირდება, მაგრამ თბილისურ ტურნირზე თავი ვერაფრით გამოიჩინა - ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და ყაზახ აზამატ მუკანოვთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა. სამეულს მიღმა დარჩა ნაკრების ასევე ერთ-ერთი რეალური კანდიდატი დავით ასუმბანიც, ოღონდ მან, ქარდავასგან განსხვავებით, მეოთხედფინალამდე მისვლა მაინც შეძლო. ამერიკელი ბრედფორდ ბოლენის ვაზარითა და აზერბაიჯანელი ნიჰათ შიჰალიზადას იპონით ძლევის შემდეგ, ძირითად ბადეს უკრაინის სახელით მოჭიდავე სომეხთან – გევორქ გევორქიანთან მარცხის გამო დაემშვიდობა. შეხვედრის ბედი გევორქიანის მიერ საფინალო სირენამდე ათიოდ წამით ადრე შესრულებულმა ვაზარმა გადაწყვიტა. იქამდე წინ ასუმბანი იყო, ერთი იუკოთი. რეპეშაჟში გადართულ ქართველს წინ ჰოლანდიელი იასპერ დე იონგი გადაეღობა და დავით ასუმბანმა თბილისის მსოფლიოს თასი მე-7 ადგილით დაასრულა.
შიდა კონკურენციის ფავორიტებად მიჩნეული ქართველი ძიუდოისტების წარუმატებლობის მიუხედავად, 66 კილოგრამ წონითი კატეგორია მაინც მასპინძელთა კარნახით ჩაჭიდავდა. ფინალში ერთმანეთს საქართველოს ჩემპიონი სანდრო იაკობაშვილი და ახალგაზრდებს შორის შარშანდელი ევროპირველობის მომგები ლაშა შავდათუაშვილი დაუპირისპირდნენ. გადამწყვეტ შეხვედრამდე ორივე შთამბეჭდავი გამარჯვებებით მივიდა. იაკობაშვილმა უნგრელი ბენც ზამბორი, კანადელი მაიკლ პოპიელი და ყირგიზი ისლამ ბაიალინოვი იპონ-იპონ ჩამოიცილა. ნახევარფინალში კი ყაზახი აზამატ მუკანოვი ფეხში შესვლის წესის დარღვევის გამო მოუხსნეს. ანალოგიური დარღვევის გამო მოიპოვა ფინალის საგზური შავდათუაშვილმაც გევორქიანთან დაპირისპირებისას, იქამდე კი, აზერბაიჯანელი სამირ ხანკშიევი იპონით, ხოლო ლატვიელი დენის კოზლოვსი და იასპერ დე იონგი თითო იუკოთი ჩამოიშორა. განსაკუთრებით სასიამოვნო ლაშა შავდათუაშვილის საოცრად გააზრებული და ტაქტიკურად აბსოლუტურად გამართული ჭიდაობის ხილვა იყო. ეს ახალგაზრდა ბიჭი ქართველთათვის არც თუ წარმატებული - პარტერში ჭიდაობითაც გამორჩეულია საქართველოს ნაკრების წევრთაგან. არც ტექნიკასა და ფიზიკაში უჭირს და ეს ფინალშიც დაამტკიცა. სანდრო იაკობაშვილს ორი იუკოთი აჯობა. ერთი მეორე წუთზე აუღო, მეორე – შეხვედრის მიწურულს.
73 კგ
ოლიმპიადის სალიცენზიო მარათონში 66 კილოგრამის მსგავსად, 73-შიც გვარიანი გაჭირვებაა, თუმცა ნუგზარ ტატალაშვილის მიერ თბილისის მსოფლიოს თასის მოგებამ, სიტუაცია გაცილებით საიმედო გახადა. ტატლაშვილი ერთადერთი ძიუდოისტი იყო, ვის დასარიგებლად და შესაგულიანებლადაც პიტერ ზაიზენბახერი ჩავიდა არენაზე. საქართველოს ნაკრების ავსტრიელ თავკაცს, ამ სპორტსმენის გამარჯვებები განსაკუთრებით ახარებდა. ფავორიტმაც გაუმართლა, მაგრამ ამაში ხელი ერთმა დამატებითმა ფაქტორმაც შეუწყო – ნახევარფინალში, ზებედა რეხვიაშვილთან ვაზარს აგებდა და საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე, მეტოქე ფეხში შესვლის წესის დარღვევისთვის მოუხსნეს, რაც ძალიან საეჭვო იყო. ამ ორთაბრძოლის გარდა, ნუგზარ ტატალაშვილმა ოთხი ალალი გამარჯვება მიითვალა. რუს ჩინგისხან ტერკაკიევსა და ყაზახ ბეკზატ მანასბაიევს იპონ-იპონ გაუსწორდა, მეოთხედფინალში ჩინელ ვეი ლიუს იუკოთი აჯობა. საჩემპიონო გამარჯვებაც იუკოთივე მოიპოვა თენგიზ პაპოშვილთან. ამ უკანასკნელმა, ქულა პასიურობისა და ორჯერ გაფრთხილების გამო დაკარგა.
მიმოხილვის დაწყებისას ნახსენები ნიკ ტრიტონი მსოფლიოს თასს სწორედ თენგიზ პაპოშვილმა გამოთიშა. ჟერ იყო და, თავად გააფრთხილებინა მოწინააღმდეგე ორჯერ, ხოლო შეხვედრის მიწურულს, ერთი იუკოს ილეთით გამომუშავებაც მოასწრო. ეს პირველი წრე იყო, მერე კი, ქართველი ძიუდოისტი ფინალამდე სულ წმინდა გამარჯვებებით მივიდა. აქვე მეტოქეებიც: აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჟოვი, ესტონელი კინტერ როტბერგი და თურქი ჰასან ვანლიოღლუ.
ტატალაშვილ-პაპოშვილის გარდა, 73 კილოგრამის კვარცხლბეკზე რეხვიაშვილიც ავიდა. ნახევარფინალური იმედგაცრუების შემდეგ, მან რეპეშაჟის ფინალში როტბერგს ვაზარით სძლია. ძირითად ბადეში კი, ტატალაშვილთან წაგებამდე, ამერიკელი მაიკლ ელდრედი, იტალიელი მარკო მადალონი და თურქი სეზარ ჰუისუზი ჩამოიცილა. ცნობისთვის, მარკო მადალონი სიდნეის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ჯუზეპე მადალონის ძმაა.
ამავე წონაში, ამბაკო ავალიანმა მე-7 ადგილი დაიკავა. თბილისის შარშანდელი მსოფლიოს თასის ჩემპიონი ძირითად ბადეს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა, თურქ ჰასან ვანლიოღლუსთან ერთით მეტი გაფრთხილების გამო (არადა, სხვა ქვეყნებში ჩატარებულ ტურნირებზე, მსგავს თანაბარ შეხვედრებში მსაჯების სიმპათია მასპინძლის მხარეს იხრება ხოლმე). ამავე შეხვედრის მიწურულს მიღებულმა მუხლის ტრავმამ კი, რეპეშაჟში ტატამზე გასვლის საშუალება აღარ მისცა. საწყის ეტაპებზე, ავალიანმა ბელარუსი ალექსეი რამანჩუკი, ისრაელის სახელით მოჭიდავე იოსებ პალელაშვილი და ყაზახი მადი კურიუმბაიევი დაამარცხა.
29 იანვარს ჩემპიონ-პრიზიორები 81, 90, 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 10 საათიდან დაიწყება.
დაბოლოს, მონაწილეთა სიმრავლის გამო, ორგანიზატორებისთვის წინასწარ უცნობი იყო, მოხერხდებოდა თუ ვერა ტურნირის პირველ დღეს წინასწარ და საფინალო შეხვედრებს შორის შესვენების გამოცხადება. ფინალური ბლოკი წინასწარ განსაზღვრულ დროს დაიწყო, მაგრამ იქამდე, სპორტის სასახლის დარბაზში შეკრებილთ, თავს ერთი დაუგეგმავი პაუზა დაატყდათ - ნაშუადღევს არენა დასავლეთ ტრიბუნის ზემოთა ნაწილიდან შემომავალ კვამლში გაეხვა. ხანძრის ჩაქრობა რამდენიმე წუთში მოხერხდა და ნახევარ საათში შეხვედრებიც გაგრძელდა.
ძიუდო
მსოფლიოს თასი
თბილისი. 28 იანვარი
60 კგ
1 ბეთქილ შუკვანი (საქართველო)
2 არტემ არშანსკი (ისრაელი)
3 ლუდოვიკ ჩამარტინი (შვეიცარია)
3 ასხატ ტელმანოვი (ყაზახეთი)
66 კგ
1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
2 სანდრო იაკობაშვილი (საქართველო)
3 იასპერ დე იონგი (ჰოლანდია)
3 გოლან პოლაკი (ისრაელი)
73 კგ
1 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)
2 თენგიზ პაპოშვილი (საქართველო)
3 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)
3 ვეი ლიუ (ჩინეთი)
ოთარ მაღლაკელიძე







