ინტერვიუები

16:56 | 8.08.2011 | ნანახია [] - ჯერ

ხავი: “იდეალური არაფერია, მათ შორის “ბარსელონას” თამაშიც”

ხავი ერნანდესი “ბარსელონას” რიგებში თავისი მეთოთხმეტე სეზონის ჩასატარებლად ემზადება. “ბლაუგრანას” შუახაზელი კამპ ნოუელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და თუკი პეპ გვარდიოლას გუნდმა კიდევ ერთხელ მოახერხა პრიმერა დივიზიონის მოგება, ხავი კატალონური გრანდის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი გახდება, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონის წოდება შვიდჯერ ექნება მოპოვებული.


- ცნობილია თუ არა თქვენთვის ის ფაქტი, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელთაგან ესპანეთის ჩემპიონის ტიტულების რაოდენობით არცერთი ფეხბურთელი არ გისწრებთ...
- დიახ, ეს ამბავი ვიცი. პრიმერა დივიზიონი ექვსჯერ რამალიეტსს, პეპ გვარდიოლას, კარლეს ბუსკეტსს და მე გვაქვს მოგებული. იმის განცდა, რომ კლუბსა და ნაკრებში მნიშვნელოვანი მისია მაკისრია, ფრიად მახარებს და პასუხისმგებლობის გრძნობითაც მავსებს. ფეხბურთი უდიდეს კმაყოფილებას მძენს. ფიზიკურად თავს მშვენივრად ვგრძნობ, თანაც ისეთი საფეხბურთო ტალანტების გვერდიგვერდ მიწევს თამაში, როგორებიც უხვად ჰყავს “ბარსას”. ალექსის სანჩესის მოსვლის შემდეგ ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდა. შესაძლოა, სესკ ფაბრეგასიც დაგვემატოს, რაც წინასასეზონოდ ჩვენ გუნდს ძალიან წაადგება.
- კარგად ათამაშდა ტიაგო, სავარაუდო ახალწვეულებს შორის ფაბრეგასის გვარიც ფიგურირებს. თუკი ეს ტრანსფერი განხორციელდა, სათადარიგოთა სკამზე გადასვლის საშიშროება ხომ არ გემუქრებათ?
- არა. ახალწვეულებთან ჭიდილი თამაშის გაუმჯობესებაში დამეხმარება. კონკურენცია მთლიანად გუნდისა და მისი ცალკეული ფეხბურთელების თამაშის პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ახალ სეზონში “ბარსელონას” დაახლოებით 60 მატჩის ჩატარება მოუწევს. ცხადია, ამ დროს როტაცია აუცილებელია. გუნდში მყოფი ნებისმიერი ფეხბურთელი ბევრს ნიშნავს. მაგალითისთვის, სეიდუ კეიტა ავიღოთ. მალელ ნახევარმცველზე რატომღაც ბევრს არ საუბრობენ ხოლმე, მაგრამ თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ რამდენიმე ასპექტით იგი “ბარსას” ფუნდამენტური მოთამაშეა.
- მოვა დრო და “ბარსელონადან” ხავის წასვლის დღეც დადგება...
- ეს ცხოვრებისა და ფეხბურთის კანონია. მოვა დღე, როცა “კამპ ნოუდან” ხავი და კარლეს პუიოლი წავლენ, მაგრამ ჩვენ ნაცვლად “ბარსაში” უკეთესი ფეხბურთელები მოვლენ.  
- თქვენი თავი სხვა კლუბში მოთამაშე თუ წარმოგიდგენიათ? კარიერის მიწურულს სხვა გუნდში, “ბარსაზე” რანგით უფრო დაბალში, ასპარეზობას ხომ არ ფიქრობთ?
- არა. კარიერას “კამპ ნოუზე” დავასრულებ. ჯერჯერობით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, “ბარსელონას” მოთხოვნებს ვაკმაყოფილებ. ისე კი, ყოველი ახალი სეზონი ერთგვარი გამოცდის ჩაბარებაა. ავიღოთ თუნდაც ახლახან ჩატარებული შეხვედრები, რომლებშიც ორჯერ დავმარცხდით – “მანჩესტერ იუნაიტედთან” და “ჩივასთან”.
- მაინც რა იყო მექსიკელებთან დიდი ანგარიშით წაგების მიზეზი?
- მთლიანობაში, “ჩივასზე” ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია, მატჩის მსვლელობისას ხშირად ვჯობდით კიდეც, მაგრამ ტაქტიკურად წავაგეთ. მოწინააღმდეგის კონტრშეტევების ჩაფუშვა ვერ მოვახერხეთ. ბოლო ბურთი კი სულაც სულელური გავუშვით. ერთიცაა, “ბარსელონას” წინააღმდეგ ყველა გაორმაგებული ენერგიითა და მოტივირებით თამაშობს და პრაქტიკულად, ყოველ შეხვედრაში ძალის უკიდურესი მობილიზება გვიწევს.
- როგორ გგონიათ, “ბარსას” თამაშის გაძლიერების რესურსი კიდევ აქვს?
- როგორც პეპ გვარდიოლა ამბობს, ჩვენი ძირითადი მოტივაციაც ესაა, თორემ მოუგებელი ტიტული არ დაგვრჩა. იდეალური ბუნებაში არაფერია, მათ შორის “ბარსელონას” თამაშიც. წინსვლას ვცდილობთ, რადგანაც ფეხბურთში ერთ ადგილზე გაჩერება უკუსვლის ნიშანია.
- ტესტ-მატჩებში ენერგიას ხომ არ ზოგავდით? წინ ხომ მადრიდის “რეალთან” 2 სასუპერთასო პაექრობა გელით...
- არა. ყველა მატჩს მონდომებით ვთამაშობდით, თუმცა, “რეალთან” დაპირისპირება მაინც უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ყოველმხრივ შევეცდებით, სეზონი ტიტულის მოგებით დავიწყოთ.
- გამოდის, შარშანდელი ტრიუმფები უკვე დავიწყებას მიეცა?
- ჩვენი ამოცანა კარგად თამაში და მოგებაა. ამას კი თავისთავად, ტიტულები მოჰყვება. ასევე არიან განწყობილნი ჩემი პარტნიორებიც.
- ხომ არ გეჩვენებათ, რომ  პეპ გვარდიოლას განკარგულებაში აუცილებელზე ნაკლები რაოდენობის თავდამსხმელია?
- ამ თვალსაზრისს კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. მესი, აფელაი, პედრო, ვილია და სანჩესი ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდებენ.
- საფეხბურთო სამყარო მადრიდის “რეალისგან” კიდევ უფრო ძლიერად ათამაშებას ელოდება. როგორ გგონიათ, რას გიმზადებთ ჟოზე მოურინიო?
- ყოველთვის მოწინააღმდეგის ფეხბურთელებზე და მათ განეიტრალებაზე ვფიქრობ, მათი მწვრთნელის ტაქტიკური ხაფანგები კი ნაკლებად მაინტერესებს. “რეალს” რაც შეეხება, მადრიდელებმა წინასასეზონოდ კარგი სატრანსფერო სამუშაო გასწიეს. განსაკუთრებით ძლიერი სანტიაგო ბერნაბეუელთა უკანა ხაზია. ფორვარდებსაც ბევრს ვერაფერს დაუწუნებ, მაგრამ “ბარსელონას” “სამეფო კლუბი” არ აფრთხობს – 3 წელია მას პირველობას არ ვუთმობთ, ამასთან, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც ვძლიეთ.
- “ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასისთვის საბრძოლველად უკვე მზადაა?
- თადარიგში ერთი კვირა ჯერ კიდევ გვაქვს, რომელსაც ნაყოფიერად გამოვიყენებთ. პეპ გვარდიოლა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სათანადოდ გვამზადებს და მხოლოდ მოგებას გვისახავს მიზნად. ისე კი, ესპანეთის სუპერთასზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ტურნირები წინ გველის და ჩვენი უმთავრესი ამოცანა სწორედ მათი მოგებაა. უპირველესად, ცხადია, პრიმერა დივიზიონსა და ჩემპიონთა ლიგას ვგულისხმობ.

გოჩა კაჭარავა

0.094028