კატალონიური “ბარსელონას” ნახევარმცველი ხავი, საკუთარი გუნდის თამაშებს თითქმის არ უყურებს. ის “ოქროს ბურთის” ლაურეატი კია, მაგრამ პრიზის მოგებაზე არ ოცნებობს და თავი უკვე გამარჯვებულად მიაჩნია. მიმდინარე წელიწადს მას ოცნებები აუხდა, მომავალი წლისთვის კი, თითქმის იგივე სურვილები აქვს. მოკლედ, ხავი კატალონიურ გამოცემა Sport-ს ესაუბრა და მის თარგმანს ქვევით შემოგთავაზებთ.
- კიდევ რა შეიძლება გისურვოთ 2010 წელს?
- უნდა ვაღიაროთ, რომ სასურველი არც არაფერი დარჩა. ამ წელს ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, “ბარსელონამ” 99 ქულა მოაგროვა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა, არადა, ესპანეთში გასული სეზონი ერთ-ერთი ურთულესი იყო. ჩვენი თამაშით ვტკბები, რადგანაც, ბავშვობაში, საფეხბურთო სკოლაში, სწორედ ასეთი სტილით თამაშს მასწავლიდნენ. ყველაზე მეტად კი, იმითი ვარ ამაყი, რომ გულშემატკივრები ჩვენით ამაყობენ და იმით, რომ სხვებისათვის მისაბაძი მაგალითი ვართ.
- როდესმე თუ გინახიათ სხვა გუნდი, რომელიც “ბარ¬სელონას” მსგავსი სტილით თამაშობს?
- პრობლემა ისაა, რომ ჩვენს თამაშებს არ ვუყურებ, რადგანაც ამ დროს მოედანზე ვიმყოფები და მისი უშუალო მონაწილე ვარ.
- ტელევიზორში თამაშებს არ უყურებთ?
- ხანდახან მიწევს ყურება, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით. ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სპეციალისტების აზრია, რომლებიც ფეხბურთს ოცდაათი-ორმოცი წელიწადია უყურებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ “ბარსელონას” მსგავსი გუნდი არასდროს უნახავთ. მე ამით ვამაყობ. სხვისი თამაშები არასდროს მინახავს, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს ვაჩვენებთ.
- ბოლო “ელ კლასიკოს” თუ გადახედეთ?
- ზოგიერთი მომენტი ვნახე, ძირითადად მეორე ტაიმი, ცოტა _ პირველი ნახევარი. ჩვენი თამაშის ცქერით დიდი სიამოვნება მივიღე, “რეალის” კარში ხუთი გოლის გატანა კი, ყველა კატალონიელის ოცნებაა. იმ ემოციის გადმოცემა, რომელიც მაშინ განვიცადე, ენით აუწერელია, შესაძლოა, ჩემს ცხოვრებაში ეს ყველაზე დიდი ემოცია იყო.
- იცით რა აქვს საერთო იოჰან კრუიფს, მიშელ პლატინის და ლუის სუარესს?
- ყველა მათგანი ფლობდა “ოქროს ბურთს”. მეტი რაა? დაფიქრება მმართებს. მგონი სამივე პრემიის უმთავრეს პრეტენდენტად მე მიმიჩნევს არა?
- დიახ, და ალბათ ისინი ფეხბურთშიც კარგად ერკვევიან...
- რა თქმა უნდა! კარგად მესმის, რომ რაც არ უნდა პირადი ჯილდოები მივიღო, ისტორიას მხოლოდ “ბარსელონას” მიღწევები შერჩება. სინამდვილეში, სამივე ნომინანტი თავს გამარჯვებულად ვთვლით, რადგანაც “ოქროს ბურთი” ნებისმიერ შემთხვევაში კატალონიელის იქნება. მიუხედავად ყველაფრისა, რაღა თქმა უნდა მიხარია, რომ მსოფლიო დონის ადამიანები ასეთი დიდი ჯილდოს ღირსად სწორედ მე მიმიჩნევენ. უფრო მეტზე ვერც კი ვიოცნებებდი, ასე რომ, მნიშვნელობა აღარ აქვს, მე მივიღებ ამ ჯილდოს თუ რომელიმე ჩემი პარტნიორი.
- გამოდის, რომ ეს თქვენთვის გუნდური ჯილდოა?
- დიახ და ეს არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ მწვრთნელების დამსახურებაცაა. ყველა მწვრთნელის, რომლებიც მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში გვავარჯიშებდნენ. ეს “ბარსელონას” სკოლის გამარჯვებაა, რომელმაც ისეთი ფეხბურთელები აღზარდა, რომლებსაც ასეთი ფეხბურთის ჩვენება შეუძლიათ.
- ტრავმასთან დაკავშირებით რა მდგომარეობა გაქვთ?
- თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ტკივილი ჯერ კიდევ მაწუხებს და მთელი ძალით თამაში არ შემიძლია, მაგრამ უკეთესობა აშკარად იგრძნობა და ფეხბურთით სიამოვნების მიღება ძველებურად შემიძლია.
- არ გეჩვენებათ, რომ “ბარსელონა” ისე მაღლა ავიდა, მისთვის ფრის თამაშიც წარუმატებლობად ითვლება?
- დიახ და ახლა აუცილებელია, რომ ეს სიმაღლე შევინარჩუნოთ. გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი გოლი დაგვაკლდა. ახლა ეს გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და წინსვლა განვაგრძოთ. მოცემულ მომენტში ესპანეთის პრიმერადივიზიონში საქმე კარგად მიგვდის, ვაგრძელებთ ბრძოლას თასისათვის და ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გავედით. ყველაფერი ეს ძალიან კარგი, მაგრამ ძალიან მძიმეცაა. კარგი თამაში წარმატების საწინდარი სულაც არაა, წინააღმდეგ შემთხვევაში 2010 წელს ყველა ტიტულს მოვიგებდით. ცნობილია, რომ გამარჯვების მოპოვება ცუდი თამაშითაც შეიძლება და ჩვენ ამას უნდა შევეჩვიოთ.
- ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “არსენალი” შეგხვდათ, ეს პრობლემაა?
- მშვენიერი მოწინააღმდეგე მივიღეთ, საინტერესო დაპირისპირება უნდა გამოვიდეს. ლონდონელთა მწვრთნელსაც მოსწონს კომბინაციური, შემტევი ფეხბურთი და საინტერესო, მძიმე თამაშები გველის.
- დღევანდელ “ბარსელონას” ბევრი 90-იანი წლების დასაწყისის “ოცნების გუნდს” ადარებს. თქვენი აზრით, რომელი უკეთესი გუნდია?
- მაშინ სულ სხვა დრო იყო. დღეისათვის გუნდი უფრო დაბალანსებული მეჩვენება, რადგანაც შეტევასა და დაცვაში ერთნაირად წარმატებით ვმოქმედებთ. ახლა აუცილებელია, რომ ტექნიკა და ფიზიკური კონდიციები განსაზღვრულზე მაღალი გქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოწინააღმდეგე პრესინგის ქვეშ მოგაქცევს. ადრე ასეთი ფიზმომზადება საჭირო არ იყო, მხოლოდ ტალანტზე იყო ყველაფერი დამოკიდებული. “ოცნების გუნდი” თავის დროს იყო საუკეთესო, ჩვენ კი ვცდილობთ, რომ ახლა ვიყოთ საუკეთესოები. ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივა.
- ბევრი 1970 წლის ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს გადარებთ, რომელიც პელეს თაოსნობით მსოფლიოში საუკეთესო იყო...
- ასეთი შედარებები ჯერ ნაადრევია და დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებები გვჭირდება, დანარჩენს კი, დრო მოიტანს.
- სამაგიეროდ, არავინ ამბობს, რომ “ბარსელონას” წარმატებები დროებითი მოვლენაა...
- შესაძლოა, რამდენიმე კვირის შემდეგ თამაში არ წაგვივიდეს და ყველა საპირისპიროს მტკიცებას დაიწყებს, ყველაფერი ხდება. აუცილებელია, რომ აღებული ტემპი შევინარჩუნოთ და ისეთივე სურვილით გავაგრძელოთ თამაში, როგორითაც დავიწყეთ.
- რას ისურვებდით 2011 წელს?
- ყველაფრის მოგებას, ჩემპიონატის, თასის და მით უმეტეს ჩემპიონთა ლიგის. გამარჯვებით არასდროს იღლები და ოდნავ თუ მოეშვები, წამსვე გადაგასწრებენ. ნებისმიერ ტურნირში გამარჯვება, არაამქვეყნიურ შეგრძნებას გმატებს. მთელ გუნდთან ერთად გახარება, უდიდესი ბედნიერებაა. ასეთი საუბარი მარტივია, როდესაც საქმე კარგად მიგდის, მაგრამ თუ რამე გაგიჭირდა, მაშინ გუნდში გაჩერება საშინელებაა.
მოამზადა ზურა ქსოვრელმა









