ინტერვიუები

17:33 | 16.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ მასკერანო: “არგენტინას სხვების მიბაძვა არ სჭირდება”

“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა ხავიერ მასკერანონ ესპანურ AS-ს ინტერვიუ მისცა, სადაც პრიმერა დივიზიონის განვლილ სეზონზე ისაუბრა. “მასკე” თვლის, რომ არგენტინის ნაკრებს “ბარსას” სათამაშო სტილის გადმოღება არ სჭირდება:
- პირველი სეზონი გაატარეთ ესპანეთში. შთაბეჭდილებები?
- პრიმერას მოგება ძალიან ძნელია, რადგან აქ გვყავს საშიში მეტოქე – მადრიდის “რეალი”. და მაინც, ჩემპიონები გავხდით. ეს მშვენიერია.  
- არა მარტო პრიმერა, ჩემპიონთა ლიგაც მოიგეთ.
- ვერ ვიფიქრებდი, რომ პირველივე წელს ორივე ტიტულს მოვიგებდი. ოცნება რეალობად იქცა.
- ანუ, კმაყოფილი ხართ “ბარსელონაში” გადასვლით?
- დიახ. ეს დამეხმარა პროფესიულ წინსვლაში. გამიმართლა, რომ მოვხვდი კლუბში, რომლის ყველა ფეხბურთელს თავისუფლად შეგიძლიათ უწოდოთ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო.  
- ერთი ტიტული გაუშვით ხელიდან – “ბარსამ” “სამეფო თასის” ფინალი წააგო ”რეალთან”, თქვენ კი სერიოზული სიტყვიერი ომი გქონდათ თანამემამულე ანხელ დი მარიასთან...
- მიუხედავად ამისა, დი მარიას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი.
- მესივით ძლიერია?
- ლეო მსოფლიოში საუკეთესოა. თუმცა, ლეო მორიდებულია და სურს, რომ მასაც ისე უყურებდნენ, როგორც სხვებს. უბრალო ადამიანია და ცხოვრებაში მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ფეხბურთი კარგად და ლამაზად ითამაშოს. მესის არ სჭირდება პრივილეგია. ისიც ვთქვათ, რომ სხვა ფეხბურთელების გარეშე, ლეო ბევრს ვერაფერს გააკეთებდა. და ჩვენც, “ბარსას” ფეხბურთელები არც ველით, რომ იგი მოვა და ყველას გადაგვარჩენს. უნდა აღვნიშნოთ, მესი ჩვენი კოზირია.
- მალე “კოპა ამერიკა” იწყება. რას ელით?
- ყველანი სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ ტურნირს, მითუმეტეს, მსოფლიო ჩემპიონატზე განცდილი მარცხის შემდეგ, გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაცია უნდა მოვახდინოთ. ბოლო წლებში არგენტინის ნაკრები თავის ქომაგებს არცთუ ხშირად ახარებდა. “კოპა ამერიკა” არგენტინაშია და ასეც რომ არ იყოს, ჩემპიონობის კარგი შანსი გვაქვს.
- არგენტინის ნაკრებს “ბარსელონასავით” თამაში შეუძლია?
- არგენტინას არ სჭირდება სხვების მიბაძვა. ჩვენ საკუთარი სახე უნდა გვქონდეს.
თავს ნაკრების ლიდერად თვლით?

- ხმამაღალი ნათქვამი იქნებოდა. ჩვენს ნაკრებში ყველა ფეხბურთელს შეუძლია ერთმანეთის დახმარება.  

 

ილია ნანობაშვილი
  

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09994