ინტერვიუები

10:22 | 18.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ხავიერ პასტორე სიამოვნებიდან პროფესიონალიზმამდე

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და “პალერმოს” თავდამსხმელი, ხავიერ პასტორე ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მან სერია A-ში უკვე  სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო შემსრულებელმა. მართალია, მისით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული, მაგრამ თავად აქცენტს მხოლოდ თამაშით სიამოვნების მიღებაზე აკეთებს, ისე, როგორც ყოფილი დამრიგებელი, ანგელ კაპა ასწავლიდა.
მართალია, პასტორეს სიცილიურ კლუბში 16-ნომრიანი მაისურით სურდა თამაში, მაგრამ 27 ნომერი ხვდა წილად. ფიფას ოფიციალურ საიტს ის იტალიურ ფეხბურთზე, არგენტინის ნაკრებზე, ლეო მესიზე და თავის კერპ კაკაზე ესაუბრა.
- ხომ ვერ მოგვიყვებით, როგორ გახდით “პალერმოს” ფეხბურთელი?
- ჩემი აგენტის, მარსელოს ოფისში ვიჯექი და ბედს ველოდი (იცინის). ზარის ხმა გაისმა, გავაღე და იქ “პალერმოს” დირექტორი, ვალტერ საბატინი იდგა, რომელმაც მითხრა: “მშვიდად შემიძლია შინ დაბრუნება და დასვენება, რადგანაც უკვე ვიცი, რომ თქვენი აგენტი სიმონიანია”. სამივემ ერთად ვუყურეთ ვიდეოჩანაწერს, მან კლუბის გეგმებზე მიამბო. ვისაუბრეთ ქალქ პალერმოზე, კუნძულ სიცილიაზე და მისი წასვლის შემდეგ, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. მარსელომ მითხრა: “მოლაპარაკებას ვიწყებთ, ეს ის ადგილია, სადაც უნდა ითამაშო!"
- იქ გადასვლამდე, რა იცოდით იტალიურ ფეხბურთზე და სერია A-ზე?
- იტალიურ ფეხბურთს თვალს ბავშვობიდან ვადევნებდი. სერია A ყოველთვის საინტერესოდ მეჩვენებოდა და ახლა, იქ თამაშის ბედნიერება მაქვს. ჩემი აზრით, ის მსოფლიოში ყველაზე მომთხოვნი ჩემპიონატია. მცველები გასაქანს არ გაძლევენ და მცირე მონაკვეთისთვისაც კი, ბრძოლა გიწევს.
- არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო მარადონამ, თქვენ, მცირე ასაკის მიუხედავად, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე წაგიყვანათ. ვინ შეგატყობინათ, რომ სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრებოდით?
- დიეგომ თავად დამირეკა და მითხრა. ეს საოცარი გრძნობა იყო.
- მარადონამ თქვენზე თქვა, რომ ფეხბურთი სისხლში გაქვთ გამჯდარი.
- ვთამაშობ იმისთვის, რომ ცხოვრებით დავტკბე, ისე, როგორც ანგელ კაპა მასწავლიდა (პასტორეს მთავარი მწვრთნელი, როდესაც “ურაკანში” თამაშობდა). მიმაჩნია, რომ სწორედ ამ სიამოვნების მიღებით უკეთ და უკეთ ავთამაშდები. ჩემი მიზანიც ესაა. ფეხბურთი ჩემი სამუშაოა, მაგრამ, ამავდროულად, ის თამაშიცაა. ამის გარეშე მუშაობას აზრი არ ექნებოდა.
- წარსულში მსგავსი რამ ლიონელ მესიმაც თქვა...
- მოხარული ვარ თუ მისი მსგავსი საფეხბურთო ფილოსოფია მაქვს. მის მხარდამხარ თამაში მართლაც სახალისოა. ჩვენი სათამაშო სტილი ერთმანეთს ძლიერ წააგავს.
- ერთხელ განაცხადეთ, რომ მესი მოედანზე ხუთ კაცს უდრის.
- დიახ. ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ადამიანია. ის მართლაც ასრულებს ხუთი ფეხბურთელის სამუშაოს. მას ყოველთვის შეუძლია ისეთი რამის გაკეთება, რასაც მოწინააღმდეგე ყველაზე ნაკლებად მოელის. შეუძლია ინდივიდუალური გარღვევა განახორციელოს, ან მოულოდნელი გადაცემა გააკეთოს.
- რა შეიცვალა არგენტინის ნაკრებში მას შემდეგ, რაც ის სერხიო ბატისტამ ჩაიბარა?
- მას დიეგოსგან განსხვავებული სტილი აქვს, მაგრამ ორივე კარგი მწვრთნელია. ბატისტა იმ სტილის მიმდევარია, რომესაც “ურაკანი” ჩემი იქ ყოფნისას მისდევდა და ეს საქმეს მიიოლებს.
- გსურთ, რომ მესისთან ერთად, “ბარსელონას” სტილში ითამაშოთ?
- არა, მთლად ასე არაა. ისე ვთამაშობთ, როგორც არგენტინის ნაკრები და მორჩა. ნუ ელოდებით ისეთ თამაშს, როგორსაც “ბარსელონა” აჩვენებს. მესი კლუბში თანაგუნდელებთან ერთად წლობით თამაშობს. როდესაც ჩვენ ვიკირიბებით, ვცდილობთ, რომ კატალონიელთა მსგავსად, ბურთი სულ მოძრაობაში იყოს. მესის ამ სტილით თამაში უფრო მეტ კომფორტს უქმნის და მეტი სარგებელი მოაქვს.
- თქვენს დადებით მხარეებს თუ მივიღებთ მხედველობაში, როგორი სტილის ფეხბურთი იქნება მისაღები?
- ჩემს სათამაშო სტილზე, კლუბში და ლიგაში თამაში გავლენას ვერ მოახდენს. მუდამ იმას ვაკეთებ, რაც უკეთ გამომდის. არგენტინული და იტალიური ფეხბურთი ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდება, მე კი, თამაში ორივეგან მიყვარს. თავს შებორკილად არსად არ ვგრძნობ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სადაც არ უნდა თამაშობდე, ყველგან სიამოვნება უნდა მიიღო.
- “პალერმოს” პრეზიდენტმა, მაურიციო ძამპარინიმ განაცხადა, რომ მესიზე უკეთესი ხართ და თქვენი ფასი 60 მილიონი ევროა...
- ჩემი პრეზიდენტი ძლიერ მაფასებს, მაგრამ დედამიწის ზურგზე მხოლოდ ერთი მესი არსებობს და ის მსოფლიოში საუკეთესოა. მე მხოლოდ ჩემი თამაშის ჩვენებას ვცდილობ.
- არგენტინის ნაკრებმა, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ მას შემდეგ, ამხანაგურ მატჩებში ესპანეთიც დაამარცხა და ბრაზილიაც. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ბოლო შედეგები?
- ყოველდღე არ ხდება მსოფლიოს ჩემპიონის დამარცხება და გარკვეული პერიოდით, ვერც ბრაზილიისთვის მოგებას ვახერხებდით. ეს იყო ორი პრესტიჟული გამარჯვება, რომელიც სიამაყის გრძნობას გვიბრუნებს. ახლა აუცილებელია, რომ მსგავსი შედეგები 2011 წლის კოპა ამერიკაზე ვაჩვენოთ.
- როგორ ფიქრობთ, ვის გავს თქვენი სათამაშო სტილი?
- ჟურნალისტები გამორჩეულ ფეხბურთელებს მადარებენ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სასწავლი. რადგან შედარებებს ახდენენ, ალბათ, რაღაც მსგავსებებს პოულობენ. მიყვარს შეტევა და გოლის გატანა. მუდამ ვცდილობ რაღაცის შექმნას. არ მეთაკილება ართმევაზე თამაში და მცველების დახმარება. დასახვეწი მაქვს უბორთოდ თამაში.
- რომელი ფეხბურთელი მოგწონთ ყველაზე მეტად?
- ჩემი კუმირი კაკაა. ყოველთვის ვცდილობდი მისთვის მიბაძვას, იმის გაკეთებას, რასაც ის აკეთებდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მასსავით ვთამაშობ. ის გამორჩეული და სრულყოფილი მოთამაშეა. პატარობისას ენცო ფრანჩესკოლი მომწონდა, არგენტინელი ფეხბურთელებიდან ხუან რამონ რიკელმე მომწონს.
- შეგიძლიათ რიკელმესა და თქვენს პირველ შეხვედრაზე გვიამბოთ?
- მისით მოხიბლული ვარ, ის დიდებული ადამიანია. მას პირველად 15 წლის ასაკში შევხვდი, როდესაც ესპანეთში, “ვილიარეალში” სინჯებზე მივდიოდი. მე მის გვერდით ვვარჯიშობდი და მასთან სურათის გადაღებაც მოვახერხე. ამ სურათს ახლაც დიდი სიყვარულით ვინახავ.
- არასაფეხბურთო კითხვა - რთული იყო იტალიაში ცხოვრებასთან შეჩვევა?
- არც ისე, თუმცა, რთულია ახლობლებისგან და მეგობრებისგან შორს ყოფნა. მართალია, ოჯახის თანადგომას თითქმის ყველგან ვგრძნობდი, მაგრამ სირთულეები მაინც იყო. ყველაზე დიდი პრობლემა ენის ბარიერია, მაგრამ ნელ-ნელა იტალიური ვისწავლე. არგენტინა ძალიან მიყვარს, მაგრამ იტალიაში ცხოვრება მომწონს.
-  როგორ ფიქრობთ, რისი მიღწევა შეგიძლიათ?
- საქმეები კარგად მიმდის, დატვირთვებს ვეჩვევი და არსად მეჩქარება. ვფიქრობ, სწორ გზას ვადგავარ, თუმცა, გაუმჯობესება უნდა გავაგრძელო. ჯერ მხოლოდ 21 წლის ვარ და მჯერა, ნაბიჯ-ნაბიჯ, უფრო მეტის მიღწევა შემიძლია.

 

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090226