ჭიდაობა

19:21 | 30.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილი და საკანდელიძე ევროპირველობის ფინალში იჭიდავებენ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილსა (55 კგ) და გიორგი საკანდელიძეს (120 კგ) ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალს თითო მეტოქის ძლევა აშორებთ. დავით ტლაშაძე (66 კგ) და დავით მარსაგიშვილი (84 კგ) კი სამეულისთვის ბრძოლას საწყის ეტაპზევე გამოეთიშნენ.
ხინჩეგაშვილმა დილის პროგრამაში რუმინელი დავიდ დობრე, თურქი იბრაჰიმ იორულმაზი და სომეხი ვალოდია ფრანგულიანი ისე ჩამოიშორა, ერთი სეტიც არ წაუგია. ფინალში კი მეტოქედ აზერბაიჯანელი ტოგრულ ასგაროვი ჰყავს.
მძიმე წონაშიც ქართულ-აზერბაიჯანული ფინალი შედგება. საკანდელიძე ასლან ძებისოვს დაუპირისპირდება. ფინალის გზაზე ქართველმა მოჭიდავემ სამი იოლი გამარჯვება მოიპოვა - ბულგარელ დანიელ იასენოვ იანკოვთან, თურქ ტაჰა აკგულთან და უკრაინელ მურადინ კუშხოვთან.
66 კილოგრამში მოჭიდავე დავით ტლაშაძემ ევროპირველობაზე სადებიუტო შეხდვედრაში ლატვიელ ალექსანდრს პომიალოვს სძლია. შემდეგ კი ბელარუს ანტონ აფანასიევთან ვეღარას გახდა და რადგან ფინალს ვერც ბელარუსმა უწია, რეპეშაჟის შანსიც დაკარგა.
ევროპის შარშანდელი ვერცხლის პრიზიორი დავით მარსაგიშვილი (84 კგ) ხალიჩაზე ერთადერთხელ გავიდა. იგი შეჯიბრში პირდაპირ მეორე წრიდან ჩაერთო და უნგრელ ატილა სზმიკთან დამარცხდა.
გადამწყვეტი შეხვედრები თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.093476