მომავალ ორშაბათს ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღება ბარსელონას “კამპ ნოუსკენ” იქნება მიმართული, რომლის მინდორზეც, პლანეტის, ლამის, ყველაზე დამაინტრიგებელი საფეხბურთო დაპირისპირება შედგება – პეპ გვარდიოლას “ბარსას”, ჟოზე მოურინიოს “რეალი” ესტუმრება. “სამეფო კლუბის” ერთ-ერთი ხელმძღვანელ ხორხე ვალდანოსთან ინტერვიუშიც, საუბარი სწორედ ზეგინდელ პაექრობასთან დაკავშირებით მიდის.
- გუნდის თამაშით კმაყოფილი ხართ?
- წინსვლა აშკარაა, რაც ამაღლებულ გუნება-განწყობაზე მამყოფებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში, “რეალის” სახე საგრძნობლად შეიცვალა უკეთესობისკენ. გუნდში ნამდვილი პროფესიონალები ჩაირიცხნენ, რომლებიც ტექნიკური აღჭურვილობითა და მძლავრი ფიზიკური მომზადებით გამოირჩევიან.
- მოურინიოსგან, ასე სწრაფად “რეალის” გადასხვაფერებას, ელოდით?
- ჟოზე აგრესიულობით მხოლოდ პრესკონფერენციებზე გამოირჩევა, ისე კი ზრდილობიანი ადამიანია და მასთან ურთიერთობა არავის გვიჭირს. “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოსვლის პირველსავე დღეს, მას ავუხსენით, რა გვსურდა და მოურინიომაც კარგად გაიგო, რას მოითხოვდა მისგან კლუბის დირექტორატი და “რეალის” თითოეული გულშემატკივარი. პორტუგალიელს ხშირად ვეუბნები, რომ მადრიდში წარმატების მისაღწევად, “ბლანკოსის” დამრიგებელმა 3 რამ უნდა შეძლოს – “რეალის” ფეხბურთელების დამორჩილება, მეტოქის დამარცხება და შეძლებისდაგვარად, საერთო ენის გამონახვა პრესასთან.
- გასულ სეზონთან შედარებით, რა შეიცვალა “რეალში”?
- გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ. პირადად ჩემთვის, სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა რიკარდუ კარვალიუს თამაში. ამგვარი ტიპის გამოცდილი მოთამაშე ძალიან გვჭირდებოდა. გამოგიტყდებით, რომ მის “სანტიაგო ბერნაბეუზე” მოსვლამდე, ეჭვი მეპარებოდა პორტუგალიელის ფიზიკურ მდგომარეობაში. დღეს კი შემიძლია გითხრათ – რიკარდუ ნებისმიერ ახალგაზრდას აჯობებს გამძლეობით. ანხელ დი მარიამ გამბედაობით გამაოცა. იგი გუნდის ქომაგებმა დროის მოკლე ხანში შეიყვარეს.
- “კლასიკოს” ორშაბათს დანიშვნის იდეა როგორ მოგწონთ?
- ცხადია, საუკეთესო გადაწყვეტა არაა. პრაქრიკულად, 2 კვირადღე გვექნება.
- ნერვიულობთ?
- დღევანდელი “რეალი” ნერვიულობის საბაბს არ მაძლევს. მოთამაშეები მინდორზე თავს არ ზოგავენ და ლამის, ყველა მატჩში შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენენ. ძალიან მომწონს “ბარსელონას” სათამაშო სტილი. შესაძლოა, ის მსოფლიოს კლუბთაგან ყველაზე მიმზიდველი და საუკეთესოც კი იყოს, მაგრამ იმასაც მოგახსენებთ, რომ ამჯერად, “კამპ ნოუზე” “სხვა” “რეალს” იხილავთ და არა იმ გუნდს, რომელიც ბოლო წლებში ჩადიოდა კატალონიის დედაქალაქში.
- როგორ გგონიათ, ორშაბათს “კამპ ნოუზე” ბევრ გოლს ვიხილავთ?
- ამას სავსებითაც არ გამოვრიცხავ.
- მატჩის არბიტრი იტურალდე გონსალესი იქნება. მისი მსაჯობის წინააღმდეგი ხომ არ ხართ?
- პირიქით, მას კარგ არბიტრად ვთვლი. ასეთი დონის მატჩი გამოცდილმა რეფერიმ უნდა იმსაჯოს, რომელსაც ავტორიტეტულად, სწრაფად და რაც მთავარია, მაღალკვალიფიცირებულად შეეძლება სიტუაციის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება. ისე კი, შეხვედრას სამსაჯო კოლეგია კი არ იგებს, არამედ, ფეხბურთელები.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









