“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ, “მანჩესტერ იუნაიტედთან” დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფერგიუსონს დიდ პატივს სცემს და მასთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ შეხვედრა ეამაყება.
- ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მომავალი მატჩი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფინალად იქცეს. ამ მოსაზრებას ეთანხმებით?
- თეორიულად ვეთანხმები. თუმცა, ჩვენ და “მანჩესტერ იუნაიტედმა” უნდა დავამტკიცოთ, რომ მსგავსი ხმამაღალი განცხადებების ღირსი ვართ. შესაძლოა, ქაღალდზე მატჩი ათწლეულის საუკეთესო ფინალად გამოიყურებოდეს, მაგრამ პრაქტიკაში ხშირად სულ სხვა რამ ხდება. რა არის იმის რეცეპტი, რომ თამაშმა მოლოდინი გაამართლოს? ის მარტივია: ფინალის ორივე მონაწილეს მოგება უნდა სურდეს და აქცენტი შეტევაზე გააკეთოს. ასეთ შემთხვევაში, ამ სტადიაზე გასული გუნდების კლასის გათვალისწინებით, გარანტირებულად მაღალი დონის ფინალი იქნება. თუ რომელიმე გუნდი მიზნად დაისახავს, რომ პირველყოვლისა, გოლი არ გაუშვას და მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭიროს, არაფერი გამოვა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გულშემატკივრებისთვის ვთამაშობთ. ისინი კი ელიან, რომ ჩვენც და “მანჩესტერ იუნაიტედიც” აქცენტს თავის საუკეთესო თვისებებზე გავაკეთებთ.
- ფერგიუსონის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- მას დიდ პატივს ვცემ. არ დაგიმალავთ და ვამაყობ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მის წინააღმდეგ თამაში მეორედ მიწევს. ამ ადამიანს ჩვენს მიმართ ყოველთვის ჯენტლმენური დამოკიდებულება ჰქონდა. მომავალი მატჩის შედეგის მიუხედავად, მას ხელს სიამოვნებით ჩამოვართმევ.
- “უემბლი” 1992 წელს არ გახსენებთ, როდესაც “ბარსელონამ” არსებობის ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა?
- მსგავსი შედარებები თითიდან გამოწოვილი მეჩვენება. პირველყოვლისა, ეს ძველი კი არა, ახალი “უემბლია”, სრულიად სხვა სტადიონი. მეორეც - მას შემდეგ “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” სულ სხვა გუნდებად ჩამოყალიბდნენ. ამიტომ, არ შეიძლება იმის თქმა, რომ მხოლოდ მოგონებები გაგვამხნევებს. წარსულით კი არა, დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ და ვითამაშოთ.
- 2009 წელს რომში “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებაც წარსულია?
- დიახ. მას შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” კრიშტიანუ რონალდუ წავიდა და ამის გამო, გუნდის სათამაშო მოდელი კარდინალურად შეიცვალა. ასევე, მეტოქის რიგებში აღარ არიან მაშინდელი შემადგენლობის სხვა ფეხბურთელები. მათ ადგილზე სხვები მოვიდნენ, არანაკლებ ნიჭიერები, თუმცა გუნდის სახე შეცვალეს.
- მაგალითად, ჩიჩარიტო?
- ჩიჩარიტო საუცხოო მოთამაშეა. ის ძალიან სწრაფად მოერგო “იუნაიტედის” სათამაშო სქემას, რაც ჩემთვის და სხვებისთვისაც დიდი სიურპრიზი გახლდათ. ჩიჩარიტო მშვენივრად იყენებს სივრცეებს, შეუძლია მეტოქის დაცვის ხაზში თავისუფალი ზონების მონახვა და იქ შეჭრა. უბურთოდ მოძრაობაში ჩიჩარიტოს ბადალი ალბათ არც ჰყავს. მისი სახით, “მანჩესტერ იუნაიტედმა” ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელი შეიძინა და ეს ფერგიუშონის დიდი მიღწევაა. საერთოდ, როდესაც ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადადის, დრო, მოთმინება და ცივსისხლიანობა სწირდება, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს. ჩიჩარიტომ ეს მაშინვე მოახერხა, რაც მის ნიჭზე კიდევ ერთხელ მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, რომ მრავალი წლის განმავლობაში, ის “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება.
- ამ დღეებში ლონდონში არსებულ ატმოსფეროზე რას იტყვით?
- გაკვირვებული ვარ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” მშვიდ გარემოში ვარჯიშისა და მომზადების საშუალება ჰქონდა, ხოლო ყველა გაზეთი პრაქტიკულად მხოლოდ “ბარსელონაზე” წერს. ზუსტად არ ვიცი, მიკარნახეთ თუ შეიძლება, ამ ქვეყანას რა ჰქვია? ესპანეთი? კატალონია? თუ ასეა, მაშინ, გასაგებია, გაზეთები მხოლოდ “ბარსელონაზე” რატომაც წერდნენ.
- გამოჯანმრთელებული პუიოლი და აბიდალი სასტარტო შემადგენლობაში გამოვლენ?
- ამ კითხვაზე პასუხი ვიცი, ისევე, როგორც მთელი ძირითადი შემადგენლობა, მაგრამ თქვენ არ გეტყვით. ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ორივე გამოჯანმრთელდა და სათამაშოდ მზად არიან. მომავალ მატჩში არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას ვისახავთ, არამედ კარგად თამაშსაც. გვსურს, გულშემატკივრებმა ფეხბურთით ისიამოვნონ.
მოამზადა ლაშა თაბაგარმა









