ორი დავიდის – ვილიასა და სილვას “ვალენსიიდან” წასვლის შემდეგ, გუნდში ხუან მატას როლი გაცილებით გაიზარდა. მატა ჯერ 22 წლისაა, მაგრამ მე-5 სეზონს იწყებს “ღამურებში” და გამოუცდელი არ ეთქმის – ან კი როგორ, როცა ცაცია შემტევი მსოფლიოს ჩემპიონია. აღსანიშნავია, რომ “ვალენსიის” 10 ნომერს სექტემბრის მატჩებში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია, “ფურია როხას” 21-წლამდელებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორი მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდათ დარჩენილი და მატაც იქ გამოიძახეს. ესპანელმა ახალგაზრდებმა ორივე ეს შეხვედრა მოიგეს.
ცოტა რამ მატაზე: ის ბურგოსში დაიბადა და კარიერა მადრიდის “რეალში” დაიწყო, თუმცა იქ სულ რამდენიმე მატჩი ჩაატარა, უმეტესად “კანტერაში” იყო, სადაც 17 წლის ბიჭმა 40 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. ხუანი 2007 წლის იანვრიდანაა “ღამურებში” და იმავე სეზონში დიდწილად მისი დამსახურება იყო, ვალენსიელებმა ესპანეთის თასი რომ აიღეს: ნახევარფინალში “ბარსელონას” დუბლი შეუსრულა და ფინალში “ხეტაფესაც” გაუტანა. მატას ესპანეთის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, მთავარ გუნდში კი ვისენტე დელ ბოსკემ შარშან აიყვანა – 3 გოლი 10 მატჩში.
ტანდაბალი და სწრაფი მატა მარცხენა ვინგერად თამაშობდა, თუმცა საამსეზონოდ “ღამურების” თავკაცმა უნაი ემერიმ პოზიცია შეუცვალა – დავიდ სილვას ადგილზე, 10 ნომერზე დააყენა.
ახლა კი, მატას ინტერვიუ ესპანურ superdeporte-სთან. სულ დაგვავიწყდა – ამ ფეხბურთელს ჟურნალისტის დიპლომი აქვს...
- ჰოლანდიასა და პოლონეთს მოუგეთ, რითაც ევროპის ჩემპიონატის ფლეი-ოფში მოხვდით. რას იტყვით?
- ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვებებში ჩემი წვლილი შევიტანე. ძნელი მატჩები იყო, ორივე აუცილებლად უნდა მოგვეგო და ეს გავაკეთეთ.
- მაგრამ ესპანეთის მთავარმა ნაკრებმა არგენტინასთან წააგო.
- მთავარია, რომ ლიხტენშტეინს მოუგეს ბიჭებმა ოფიციალური მატჩი. არგენტინელებთან შეხვედრა მხოლოდ ამხანაგური იყო. დარწმუნებული ვარ, ჩვენებმა ეს მატჩი უკვე დაივიწყეს. მგონი, არ ღირს განსაკუთრებული ხმაური ამ წაგების გამო.
- “ვალენსიის” თამაშების კალენდარზე რას იტყვით? ნელ-ნელა გახურდება სეზონი.
- ბევრი მატჩი გვექნება. ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი – თუმცა ჩვენ მზად ვართ. “ვალენსიას” საკმარისი რაოდენობის ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს, რათა არ გადაიღალოს. წინ დაძაბული მატჩებია, მაგრამ მე ყოველ შეხვედრაში თამაში მინდა.
- ლა ლიგაში რისი გაკეთება შეგიძლიათ?
- ჩვენ ყოველთვის მაღალ მიზნებს ვისახავთ. სეზონი კარგად დავიწყეთ (ორი მატჩი, ორივე მოგება) და იმედია, შესაბამისად გავაგრძელებთ.
- “ვალენსიისა” და “რეალის” შედარებას გთხოვთ.
- ჯერ ნაადრევია. რეალისტები უნდა ვიყოთ, “რეალთან” და “ბარსელონასთან” მარათონული ბრძოლა გაგვიჭირდება. გასულ სეზონში “ვალენსიამ” ბევრ ისეთ გუნდს აჯობა, რომლებსაც უფრო დიდი ფინანსები აქვთ. იგივეზე არც წლეულს ვიტყოდით უარს. იმედია, სეზონის ბოლოს ყველანი კმაყოფილები ვიქნებით.
- “ვალენსიისგან” კონტრაქტის გაუმჯობესებას აღარ ითხოვთ?
- ახლა პრიმერა დაწყებულია და კონტარქტის გაუმჯობესებაზე საუბარი უადგილოა. როდესაც გადაწყდება ეს საკითხი, ყველა გაიგებს.
- “ვალენსიაში” სათამაშო პოზიცია შეგიცვალეს...
- ამ ამპლუაშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს. ძალიან კარგია, როცა უნივერსალად გთვლიან. მე რამდენიმე პოზიციაზე შემიძლია თამაში და ეს გამიკეთებია კიდეც.
ილია ნანობაშვილი







