ხუან სებასტიან ვერონი ფეხბურთელის რანგში ბოლო სეზონს ატარებს. მას კარიერის დასრულება ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში სურდა, მაგრამ “ესტუდიანტესის” გულშემატკივრებმა დარჩენა სთხოვეს და ვერონიც საყვარელი კლუბის ქომაგების ნებას დაჰყვა. ხუან სებასტიანს “გაძეტა დელო სპორტის” კორესპონდენტი დაუკავშირდა და მკითხველისთვის საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა.
- მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში, ყველაზე მეტად რომელ გუნდში მოახერხეთ შესაძლებლობათა სრულად გამოვლენა?
- ყველაზე უფრო სტაბილურად რომის “ლაციოში” ვთამაშობდი. 2 წლის განმავლობაში სტაბილურად, ჩავარდნის გარეშე ვასპარეზობდი. სხვა კლუბებში გამოსვლითაც არ ვარ უკმაყოფილო, მაგრამ სეზონის განმავლობაში რამდენიმე თამაშს “ვაფლავებდი”.
- 2001 წელს გულშემატკივართა დიდი ნაწილი ზინედინ ზიდანს და თქვენ პლანეტის საუკეთესო ნახევარმცველებად გთვლიდნენ. როგორ გგონიათ, “ზიზუს” ტოლი ფეხბურთელი ხართ?
- არა, ზიდანთან ჩემი შედარება უადგილოა. ჩვენ ასპარეზობის განსხვავებული სტილი გვაქვს. იტალიელებს უყვართ ისეთი ყაიდის ფეხბურთელები, როგორებიც ტოტი, დელ პიერო, ზიდანი არიან. მათ ფანტაზისტას უწოდებენ. “ტიფოზებისთვის” მეც მათ რანგში გავდიოდი, მაგრამ ზიდანისა და ჩემი შედარება არასწორია.
- თანაგუნდელთაგან რთული დამოკიდებულება რომელთან გქონდათ?
- “ესტუდიანტესის” მცველ ნესტორ კრავიოტოსთან. სერიოზული უთანხმოება მქონდა რობერტო მანჩინისთან.
- მანჩინის რთული ხასიათი აქვს. ამას კარლოს ტევესიც დაადასტურებს...
- მანჩინის მაინც ჩემ მეგობრად ვთვლი. რობერტოსთან ერთად “სამპდორიასა” და “ლაციოში” ვთამაშობდი, მოგვიანებით იგი “ინტერში” იყო ჩემი მწვრთნელი. ჩვენი წალაპარაკება კი 1996-1997 წლების სეზონის მატჩის მსვლელობისას მოხდა. “პიაჩენცასთან” შეხვედრის დროს მეტოქის საჯარიმოში ცუდად ჩავაწოდე. მანჩინიმ მომაძახა, უფრო მაღლა გამოუშვი ბურთი, ბიჭო. უფროს კოლეგას უხამსად ვუპასუხე, რამაც რობერტო გააცეცხლა და გასახდელში მან ჩემ საცემად ლანძღვა-გინებით გამოიწია. საბედნიეროდ, თანაგუნდელებმა მანჩინი დროულად შეაჩერეს.
- თქვენ რა რეაქცია გქონდათ?
- მივხვდი, თავიდან ცუდად რომ მოვიქეცი და რობერტოს პატიება ვთხოვე. რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც “ინტერმა” ერთ-ერთი მატჩი 1:2 დათმო, რობერტომ ასპარეზობის დასრულების შემდეგ ცალკე გამიხმო, გულში ჩამიკრა და მითხრა, თუკი საფეხბურთო თვისებებს სრულად გამოავლენ, წინ ვერავინ დაგვიდგებაო. მანჩინიმ იმ მომენტში დამიჭირა მხარი, როდესაც ყველაზე მეტად მიჭირდა.
- სერ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობა არ გიჭირდათ?
- არა, თუმცა შოტლანდიელი მეტად თავისებური ადამიანია. იგი ერთ ფეხბურთელს ამოიჩემებს ხოლმე და სხვა მოთამაშეებს ყურადღებას არც კი აქცევს. რუუდ ვან ნისტელროიმ 3 სეზონის განმავლობაში 60 გოლზე მეტი გაიტანა, ფერგიუსონი კი ჰოლანდიელ ბომბარდირს იოლად შეელია.
- სერ ალექსთან თუ გიჩხუბიათ?
- არა. თავიდან იგი ახალწვეულს პატარა ბავშვივით ეპყრობა, ყურადღებას არ აკლებს, შემდეგ კი იმგვარი შთაბეჭდილება შეგექმნება, რომ ფერგიუსონს აღარ სჭირდები. ფსიქოლოგიურად ეს ძნელი გადასატანია.
- ყველაზე მეტად რომელ მწვრთნელს ემადლიერებით?
- კონკრეტულად ერთს ვერ გამოვარჩევ, ასეთები საკმარისად იყვნენ.
- მაშინ ის სპეციალისტი დაასახელეთ, რომელთანაც მუშაობა არ გსიამოვნებდათ...
- ვერ ვიტანდი ვუიადინ ბოშკოვს. მან “სამპდორია” ლუის სესარ მენოტის შემდეგ ჩაიბარა. სერბი დამრიგებელი არ მენდობოდა, მითვალთვალებდა, მამოწმებდა, სად და რამდენი ხნით ვიყავი.
- საამისოდ დამსმენებს იყენებდა?
- არა, მაგრამ როდესაც სასტუმროს ჰოლში ვიჯექი, 67 წლის მოხუცი ყვავილებს უკან იმალებოდა და ჩემ საუბარს უსმენდა. ეს სასაცილო იყო.
- გამოტყდით – დისციპლინას არ არღვევდით?
- ერთხელ მე და კრისტიან კარამბე მთელი ღამით წავედით და ბაზაზე დილის საათებში მივბრუნდით.
- დათვერით?
- არა. ალკოჰოლი რომ მიგვეღო, მინდორზე ვეღარ გავიდოდით. იმ დღეს კარგად ვითამაშე, გოლიც კი გავიტანე. იმხანად “სამპდორიას” სვენ გორან ერიქსონი წვრთნიდა. მან ჩვენი საქციელი როგორღაც შეიტყო და დაგვაჯარიმა.
- ფეხბურთმა ბევრი მეგობარი შეგძინათ?
- კრესპო, ორტეგა, პიოხო ლოპესი, კილი გონსალესი და “ესტუდიანტესის” უკლებლივ ყველა წევრი.
- მტერი?
- იმედია, მათი რიცხვი დიდი არაა...
- სამხრეთ აფრიკის მუნდიალის შემდეგ დიეგო მარადონას არცთუ კარგად დაშორდით...
- დონ დიეგო მამაჩემის (ხუან სებასტიანის მამა ხუან რამონ ვერონი “ესტუდიანტესში” თამაშობდა და სამჯერ ლიბერტადორესის თასი აქვს მოგებული-რედ) სიტყვებმა გააბრაზა. არადა, მამაჩემთან ერთად არ ვცხოვრობ და მითუმეტეს, მის სიტყვებზე პასუხს ნამდვილად ვერ ვაგებ.
- თქვენ მარადონასთანაც გითამაშიათ და მესისთანაც. შეგიძლიათ მათი შედარება?
- დიეგოსნაირი ფეხბურთელი არასდროს დაიბადება. მისი დრიბლინგის, პასების, გოლები გამეორება შეუძლებელია. მასთან დაკავშირებით ერთი ეპიზოდი მახსენდება. “პარმა”-“იუვენტუსის” შეხვედრას მარადონა დაესწრო და სუვენირის სახით ლილიან ტურამისა და ფაბიო კანავაროს მაისურები მთხოვა. როდესაც მათ მარადონას თხოვნა გავაცანი, ტურამს ამის დაჯერება გაუჭირდა. მას ტელეფონი გადავეცი და პირადად დიეგომ სთხოვა საფეხბურთო ეკიპირება. შემდეგ მარადონა კანავაროსაც გაესაუბრა. ფაბიოს რეაქცია არ დამავიწყდება – ჯერ გაოგნებული იდგა, შემდეგ კი ცრემლი მოერია. ფაბიო პატარა ბავშვივით ზლუქუნებდა.
- წმინდა საფეხბურთო მონაცემებით მესი მარადონას ჩამორჩება?
- ორივე ფანტასტიკური აჩქარებით გამოირჩევა, რომელიც მათ მეურვეებს ანადგურებს. ისე კი, ლეო მსოფლიო გრანდში ასპარეზობს, მარადონა კი ნეაპოლურ “კამორაში” მოხვდა და ხომ გახსოვთ, რა დონეზე აიყვანა სან პაოლოელები.
მოამზადა გოჩა კაჭარავამ









