რუმინული “გაზ მეთანისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა აკაკი ხუბუტიამ, tribuna.ro-სთან ინტერვიუში “ჯვაროსნების” ბოლო მატჩების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ ხალხს, როგორც არასდროს, ისე ეიმედება ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისა.
- მარტში, პირველი ოფიციალური მატჩები ჩაატარეთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. ელოდით, რომ ორჯერვე ძირითადში დაგაყენებდნენ?
- მარტამდე ორ ამხანაგურ მატჩში შეუცველელად ვითამაშე, მაგრამ ოფიციალური შეხვედრა სხვაა და თანაც, როცა საქმე გადამწყვეტ თამაშებს ეხება. ჩემი დაბადების წინა დღეს (აკაკი ჩვიდმეტ მარტს გახდა 25 წლის - ი.ნ) მივიღე ნაკრებიდან მოწვევა და ეს ძალიან ძვირფასი საჩუქარი იყო ჩემთვის. გამიხარდა, რადგან ეს იმას ნიშნავდა, რომ ამხანაგურ მატჩებში ცუდად არ წარმომიჩენია თავი.
- ხორვატიას უსიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეთ.
- 1:0 მოვიგეთ, სტადიონზე სასწაული ატმოსფერო იყო და ბოლომდე ვიბრძოლეთ დადებითი შედეგისთვის. ხორვატების ძალა ყველამ იცის, ამიტომაც ჩემთვის რთული მატჩი გამოვიდა, ხოლო როცა ბოლო წუთზე გოლი გავიტანეთ, სტადიონი ვულკანს დაემსგავსა. მითხრეს, რომ ძალიან კარგად ვითამაშე. სიმართლე ვთქვა, ხორვატებს განსაკუთრებით სახიფათო მომენტი არც ჰქონიათ, საჯარიმოში გასაქანი არ ეძლეოდათ და შორიდან უფრო ურტყამდნენ.
- შემდეგ ისრაელთან ითამაშეთ და წააგეთ. რატომ?
- დაღლილობამ დიდი როლი ითამაშა. ხორვატებთან ყველაფერი გავიღეთ და მე პირადად, დავიღალე. ძალიან ძნელია, სამ დღეში კიდევ ერთი უპრინციპულესი მატჩი ჩაატარო. თანაც, ისრაელში არ გაგვიმართლა, გვქონდა საგოლე შანსები, გოლი კი კონტრშეტევისას გაგვიტანეს. ძალიან გულდასაწყყვეტი წაგება იყო, მაგრამ უნდა დავივიწყოთ – ეს უკვე ისტორიაა. 4 შეხვედრა დაგვრჩა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შედეგს მივაღწიოთ. საქართველოს ნაკრები ფინალურ ეტაპზე გასვლის პრეტენდენტია.
- იმედი გაქვთ, რომ ევრო-2012-ზე გახვალთ?
- საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი. ზედიზედ 10 წაუგებელი შეხვედრა გვქონდა და მხოლოდ ისრაელში გავჩერდით. თბილისში ყველას უხარია ნაკრების შედეგიანი თამაში და ხორვატიასთან ივნისის მატჩს ელიან. ახალ წარმატებებზე უნდა ვიფიქროთ.
ილია ნანობაშვილი









