საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის მცველ აკაკი ხუბუტიას “გაზ მეთანის” მწვრთნელ კრისტიან პუშტაისთან კონფლიქტი მოუვიდა და სწორედ ამის გამო გამოტოვა ევროპის ლიგის ფლეი ოფის პირველი მატჩი ვენის “აუსტრიასთან”, რომელიც რუმინელებმა სტუმრად 1:3 წააგეს.
“მსოფლიო სპორტი” ხუბუტიას დაუკავშირდა. გაირკვა, რომ ქართველ მცველს ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე (31 აგვისტომდე) სურს კლუბის შეცვლა და ვარიანტებიც საკმაოდ აქვს:
- რატომ არ ითამაშეთ “აუსტრიასთან”?
- ყველაფერი პოლონეთ-საქართველოს 10 აგვისტოს თამაშის შემდეგ დაიწყო. პოლონეთიდან ჩამოვედი და 12 აგვისტოს “გაზ მეთანს” “კლუჟთან” სტუმრად მატჩი ჰქონდა. კრისტიან პუშტაიმ მკითხა, როგორ ხარ, ხომ ითამაშებო. მე ვუთხარი, რომ დაღლილი ვიყავი, ორ დღეში ორი მატჩის გამართვა არ შემეძლო. თან, ამ ორ დღეში მგზავრობაც დაუმატეთ. მწვრთნელი გაბრაზდა, შენთვის მთავარი კლუბია და არა ნაკრები, იქ რას აკეთებ, არ მაინტერესებსო. ვუთხარი, პირიქით, ნაკრებია მთავარი და ყოველთვის ასე იქნება-მეთქი. პუშტაიმ გამწარებულმა მითხრა, ხომ ხედავ, მაინც წააგეთ პოლონეთთანო. ეს სიტყვები ნამეტანი იყო და მეც ხმამაღლა ვუთხარი, რომ ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა.
- “კლუჟთან” არ გითამაშიათ, მაგრამ ამ კონფლიქტის გამო არ დაგაყენათ “აუსტრიასთან”?
- დიახ. მითხრა, თუ ახლა დაღლილი ხარ, “აუსტრიასთანაც” დაღლილი იქნებიო. ძალიან გაბრაზებული ვარ, ყველაფერი წყალში ჩამიყარეს. არადა, “მაინცი” გავაგდეთ და ვენაში უმნიშვნელოვანესი მატჩი იყო, ჯგუფურ ეტაპამდე ერთი ნაბიჯი გვაკლია და ამ დროს... ორი წელია, “გაზ მეთანში” ვარ და პირველ მატჩებს თუ არ ჩავთვლით (სანამ გუნდს შევეჩვეოდი), სათადარიგოთა სკამზე არასოდეს ვმჯდარვარ. პირველად ახლა მომიწია “აუსტრიასთან”.
- ნაკრებში მანამდეც მიდიოდით. ადრე არ ჰქონდათ ამაზე უკმაყოფილობა?
- არ სიამოვნებდათ, არადა, კარგად იციან, რომ ნაკრები ჩემთვის მთავარია.
- როგორ ფიქრობთ, კიდევ დიდხანს დაგტოვებთ მწვრთნელი უთამაშებლად?
- არა. “აუსტრიასთან” მატჩიდან მეორე დღეს მოვიდა და მითხრა, შევცდი, რომ არ გათამაშეო.
- ადრე ამბობდით, “გაზ მეთანიდან” წასვლას ვაპირებო.
- სწორედ ამიტომაც არ ვაგრძელებ კონტრაქტს, რომელიც გაისად მაისში მიმთავრდება. ორი წლით გახანგრძლივება შემომთავაზეს, მაგრამ რა პირობებსაც მთავაზობენ, არ მაწყობს. პირობებზეც არაა, უკეთეს ლიგაში და უკეთეს გუნდში მინდა გადასვლა. თუმცა, სადაც უნდა წავიდე, ყოველთვის ვიტყვი, რომ “გაზ მეთანი” ძალიან დამეხმარა. თუმცა, არც მე დავრჩენილვარ ვალში.
- გაქვთ შემოთავაზებები?
- დაკონკრეტებას მოვერიდები, მაგრამ გეტყვით, რომ გერმანული ბუნდესლიგის სამ კლუბზეა საუბარი და ერთიც თურქული სუპერლიგისაა.
- პოლონეთ-საქართველოს ამხანაგურ მატჩში კვლავ შეუცვლელად ითამაშეთ. როგორ შეაფასებდით ამ შეხვედრას?
- ცუდად არ გვითამაშია და რამდენიმე მომენტი გვქონდა. მეტოქეზე არანაკლები საგოლე შანსი შევქმენით, მეტი თუ არა...
- გაშვებულ გოლზე რას იტყვით?
- ლევანდოვსკისთან იმიტომ წავედი, რომ კარგ პოზიციაში იყო და რომ არ გავქცეულიყავი მისკენ, ალბათ, კარში დაარტყამდა. ხელსაყრელ პოზიციაში იდგა, თუმცა შემდეგ პასი გააკეთა ბლაშჩიკოვსკისკენ. პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივარ, მაგრამ იმ მომენტში გადაზღვევა უნდა მომხდარიყო. ახლა სექტემბრის მატჩებია და ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ.
ილია ნანობაშვილი









