თქმა არ უნდა, ძალიან ნაადრევია იმაზე მსჯელობა, თუ ვინ გახდება წლევანდელ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და როგორც წესი, საუკეთესო ფეხბურთელის წლის ბოლოს დასასახელებლად, განმსაზღვრელი სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატი და ფეხბურთელების, კონკრეტულად ამ ტურნირზე გამოსვლა იქნება. თუმცა, გულშემატკივრებს უკვე ჰყავთ თავიანთი რჩეულები და მიუხედავად იმისა, რომ დეკემბრამდე, ანუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დასახელებამდე, კარგა დიდი დროა, ხშირად მოისმენთ, რომ საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული, წესით, წინა წლებისაგან განსხვავებით, საკმაოდ ბევრ ფეხბურთელს შორის უნდა გათამაშდეს. ეს ფეხბურთელები არიან: უპირველესად, წინა წლის გამარჯვებული, არგენტინელი ლეო მესი, ტრადიციული და ღირსეული ნომინანტი – პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, მათი მუდმივი მეტოქე – ბრაზილიელი რიკარდო კაკა და 2 ახალი, აწ უკვე რეალური პრეტენდენტი: არგენტინელი გონსალო იგუაინი და ბოლო დროს მართლაც რომ შესანიშნავად მოთამაშე უეინ რუნი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ ეტაპზე, საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობის შესახებ სერიოზული საუბარი მკითხაობა იქნება და მეტი არაფერი, თუმცა აშკარაა, რომ წლეულს, ტიტულის მოპოვების რეალური პრეტენდენტები ძალიან ბევრია და ეს დამაინტრიგებელთან ერთად, სასიამოვნოცაა რიგითი ქომაგისათვის.
რა ხდებოდა გასულ წლებში? იშვიათად მახსენდება წელიწადი, როდესაც 2-3-ზე მეტი რეალური პრეტენდენტი გამოსჩენოდა წლის საუკეთესო ფეხბურთელის “გვირგვინს”. ფიფა-უეფა გულშემატკივრის წინაშე ვალს ყოველთვის იხდიდა და წლის საუკეთესო 20-ეულსა და 50-ეულსაც ასახელებდნენ, მაგრამ ეს, უპირველესად, სწორედაც რომ ვალის მოხდა იყო და მეტი არაფერი. ყველამ კარგად უწყოდა, რომ მაშინ როდესაც ზინედინ ზიდანი საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე საოცარ მატჩებს ატარებდა, მის კონკურენტად ადრიანოს, ანდა ტრეზეგეს დასახელება, უბრალო ფორმალობა იყო. ამ ფორმალობასაც უდავოდ ჰქონდა თავისი ახსნა და გამართლება, მაგრამ სხვა თვალით რომ შეხედო, რა აზრი აქვს ნომინანტებში იმ ადამიანების დასახელებას, რომლებმაც თავადაც მშვენივრად იციან, რომ პრიზს მათ არ გადასცემენ?!
ახლა კი სიტუაცია სულ სხვაგვარია და დღევანდელი გადასახედიდან, ჩემს მიერ ჩამოთვლილი 5 ფეხბურთელიდან საუკეთესოს წოდება ლამის ყველას თანაბრად ეკუთვნის. თუკი მსოფლიოს ჩემპიონატზე ამ ხუთეულიდან რომელიმე მათგანმა სხვებზე ბევრად აღმატებული და გამორჩეული ფეხბურთი არ აჩვენა, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ წლის ბოლოს გულშემატკივრებსა და ფეხბურთის სპეციალისტებს შორის აზრების დიდ მრავალფეროვნებას აუცილებლად შევხვდებით. არც ადრე მომხდარა, რომ მთელს პლანეტას, საბჭოეთის პოლიტბიუროს სტილში, ერთხმად მხოლოდ ერთი ფეხბურთელისთვის დაეჭიროს მხარი. განსხვავებული შეხედულებები ყოველთვის იყო და ახლაც იქნება, თუმცა, ახლანდელი მდგომარეობით, საფიქრებელია, რომ განსაკუთრებულად დაძაბული ბატალიების მომსწრენი გავხდებით.
არ არის გამორიცხული, რომ ჩვენს მიერ დასახელებულ ფეხბურთელებს წლის ბოლოს კიდევ რამდენიმე რეალური კონკურენტიც გამოუჩნდეს. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილ საუკეთესო 5-ეულში მხოლოდ არგენტინელი, ბრაზილიელი, ინგლისელი და პორტუგალიელი ფეხბურთელები ფიგურირებენ. სანაკრებო წარმატებების შემთხვევაში, მსოფლიო ფეხბურთის მამები ყურადღების მიღმა ვერ დატოვებენ ფრანგ, ესპანელ, ანდა ჰოლანდიელ ფეხბურთელებს. თუკი ტრავმიანობის ზოგადმა სენმა საქმე არ გააფუჭა, ძალიან საეჭვოა, რომ პრეტენდენტების რაოდენობა წლის ბოლოსათვის შემცირდეს, პირიქით კი... ვნახოთ!
ლევან სეფისკვერაძე









