საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრმა უშანგი კუზანაშვილმა (57 კგ) მოსკოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ყველა მეტოქე დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ევროპის სამბოს ფედერაციისა და ჩემპიონატის მიმომხილველი ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული მწირი ინფორმაციის თანახმად, ქართველმა სამბისტმა ფინალში აზერბაიჯანელი ისლამ გასუმოვი დამარცხა. წინასწარი ეტაპის შეხვედრათა შესახებ კი არათუ დღევანდელ, ჯერ გუშინდელ ბრძოლებზეც არსად არაფერი თქმულა.
კუზანაშვილის გარდა დღეს მოსკოვურ ხალიჩაზე ბესარიონ ბერულავა (74 კგ), მირიან პავლიაშვილი (100 კგ), შორენა შარაძე (64 კგ) და ირინე ლეონიძე (80 კგ) გავიდნენ და უმედლოდ არც ერთი არ დარჩენილა.
ბერულავა და ლეონიძე ფინალამდე მივიდნენ, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ალექსანდრ შაბუროვთან და ბულგარელ მარია ორიაშკოვასთან ვეღარას გახდნენ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ. პავლიაშვილი და შარაძე კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.
ევროპირველობის დასკვნით დღეს – 20 მაისს საქმეში დავით ასუმბანი (62 კგ), გიორგი ბაინდურაშვილი (82 კგ) და ნოდარ მეტრეველი (+100 კგ) ჩაერთვებიან.
სამბო
ევროპის ჩემპიონატი
მოსკოვი
19 მაისი
კაცები
57 კგ
1 უშანგი კუზანაშვილი (საქართველო)
2 ისლამ გასუმოვი (აზერბაიჯანი)
3 ივან ანიშკევიჩი (ბელარუსი)
3 ვაჰან ვარდანიანი (სომხეთი)
74 კგ
1 ალექსანდრ შაბუროვი (რუსეთი)
2 ბესარიონ ბერულავა (საქართველო)
3 ალექსეი რამანჩუკი (ბელარუსი)
3 დმიტრო ბაბიჩუკი (უკრაინა)
100 კგ
1 ვიაჩესლავ მიხაილინი (რუსეთი)
2 ვასილი კუზნეცოვი (ბელარუსი)
3 მირიან პავლიაშვილი (საქართველო)
3 მიროსლავ დებრელიევი (ბულგარეთი)
ქალები
52 კგ
1 დიანა ალიევა (რუსეთი)
2 მარინა ჟარსკაია (ბელარუსი)
3 მაგდალენა ვარბანოვა (ბულგარეთი)
3 სოსე ბალასანიანი (სომხეთი)
64 კგ
1 ირინა გრომოვა (რუსეთი)
2 ანჟელა პაიმ-კრასკოვსკაია (ბელარუსი)
3 შორენა შარაძე (საქართველო)
3 ალიონა საიკო (უკრაინა)
80 კგ
1 მარია ორიაშკოვა (ბულგარეთი)
2 ირინე ლეონიძე (საქართველო)
3 ანა სუბოტინა (რუსეთი)
3 სვეტლანა გოტფრიდი (უკრაინა)
ოთარ მაღლაკელიძე







