ფეხბურთი

23:09 | 10.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ხუთი წუთი ახალ გმირობამდე

 

საქართველოს თასის მერვედფინალური ეტაპის უმთავრესი სენსაციის ავტორ ლანჩხუთის “გურიას” მეოთხედფინალში მორიგ სენსაციამდე სულ ცოტა – ხუთიოდ წუთი დააკლდა. გურულებმა პირველი თამაში საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამოსთან” უგოლო ფრით ჩაამთავრეს. დღეს კი, განმეორებით მატჩში, “დინამო არენაზე” ფავორიტად დასახელებულ მეტოქეს ტოლსწორად ებრძოლნენ და რომ არა მეკარე გიორგი ძაძამიას წარმოუდგენელი შეცდომა, უფრო ზუსტად კი უიღბლობა, გურულები თასის ნახევარფინალში თამაშის შანსს ალბათ ხელიდან აღარ გაუშვებდნენ.

პირველლიგელებმა უმაღლესი ლიგის ლიდერთან და ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტ დინამოსთან ღია, შემტევი ფეხბურთი ითამაშეს და გურიიდან ჩამოსული ერთგული ქომაგების გარდა “დინამო არენაზე” შეკრებილი ნეიტრალური გულშემატკივრების მხარდაჭერაც ალალად დაიმსახურეს. არადა თამაში ისე დაიწყო, ინტრიგის ბოლო წუთებამდე შენარჩუნებას ალბათ არც არავინ ელოდა.

შეხვედრა ახალი დაწყებული იყო, როცა “დინამო უკვე ორბურთიანი უპირატესობით იგებდა. ჯერ იყო და მე-4 წუთზე, “გურიას” მცველმა ჩუენსუმ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი გიორგი მერებაშვილი წააქცია და ამ უკანასკნელმა პენალტით გახსნა ანგარიში. სამიოდ წუთში კი მერებაშვილმა უკვე დუბლი მიითვალა – ჯაბა დვალის მიერ წამოწყებული შეტევის შემდეგ ბურთი საჯარიმოში მიიღო, მცველები გააბითურა და ძაძამიას შორეულ კუთხეში არც თუ ძლიერი, მაგრამ უზუსტესი დარტყმით გაუტანა – 2:0.

მე-10 წუთზე კიდევ ერთი გოლი ვიხილეთ, ოღონდ ამჯერად უკვე სტუმრების შესრულებით – გიორგი სალარიძემ მარცხენა ფლანგზე ლამის მთელი მოედანი ჩაირბინა და დინამოელთა საჯარიმოს რომ მიუახლოვდა, მცველებთან მებრძოლი მიხეილ კაკალაძის მიმართულებით ჩაჰკიდა. კაკალაძემ დასწრებაზე ყველას აჯობა და ანგარიში შეამცირა – 2:1.

ტაიმის ბოლომდე კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, უმეტესობა “გურიის კართან, მაგრამ გოლამდე საქმე აღარ მისულა. საჯარიმოში შეჭრილმა დვალმა მეკარეს ვერ აჯობა. მიკელ ალვაროს სამჯერ შეეძლო გატანა, მაგრამ სამივე ეპიზოდში ძაძამია გამოვიდა გამარჯვებული. ლანჩხუთელთა გოლკიპერმა არც გიორგი პაპავას და კარლეს კოტოს მისცა თავის გამოჩენის შანსი. ერთხელ პაპავას შორეული დარტყმა სტუმართა კარის ძელმა მოიგერია. მიზანმა გივი კვარაცხელიასაც უმტყუნა. პეტერ გრაიციარს კი ალექსანდრე შენგელიამ არ გაატანინა.

ადვილი მისახვედრია, შესვენებამდე უპირატესობას “დინამო” ფლობდა, მაგრამ “გურია” შიგადაშიგ სწრაფი და საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევებით პასუხობდა. სტუმართაგან განსაკუთრებით კობა შალამბერიძე და კაკალაძე აქტიურობდნენ. შედარებით რეალური საგოლე შანსი კი ალექსანდრე გოგობერიშვილს მიეცა, მის მიერ საჯარიმოში ჩატრიალებული ბურთი გიორგი ლორიამ კარის ხაზზე გააქვავა.

შესვენების შემდეგ გურულები მეტოქეზე მეტად გააქტიურდნენ. შალამბერიძის ძლიერი დარტყმა ლორიამ მოიგერია, ერთხელაც ლანჩხუთელთა მარცხენაფლანგელის გამჭოლი გადაცემისას დინამოელმა მცველებმა განმუხტეს სიტუაცია, გიგა კვერენჩხილაძემ კი თავური კარს ვერ დაუმიზნა. თუმცა ამ მომენტებამდე ერთი გაცილებით რეალური შანსი მასპინძლებს მიეცათ – მეორე ტაიმის დაწყებისთანავე კოტო საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პირისპირ შეყრილ ძაძამიას ვერ ააცილა.

62-ე წუთზე უკვე პაპავას შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ მისი თავურის შემდეგ ბურთი ცარიელი კარიდან შენგელიამ გამოიტანა. ამ ეპიზოდიდან ზუსტად ოც წუთში შენგელია მარჯვენა ფლანგიდან ჩაერთო შეტევაში, დარკო გლიშიჩს ადვილად გასცდა და საჯარიმოში ჩაჰკიდა. იქ კი მეორე სართულზე ყველას კვერენჩხილაძემ აჯობა – 2:2.

ეს ანგარიში სტუმრებს აწყობდათ. დინამოელთა დამრიგებელმა დუშან უჰრინმა კი ბოლო იმედის შეცვლა განახორციელა – მინდორზე გუნდის ლიდერი ჩისკო შეუშვა, რომელსაც ჩემპიონატში მოახლოებული პრინციპული შეხვედრების წინ დასვენების საშუალებას აძლევდა.

უჰრინის გუნდმა თამაში სათავისოდ ამ ცვლილებიდან ზუსტად ერთ წუთში შეატრიალა, ოღონდ უშუალოდ ჩისკოს ჩარევის გარეშე. გლიშიჩის მიერ მეკარის ბაქანში ჩაკიდებულ ბურთს ძაძამია ადვილად დაეუფლა, მაგრამ მოულოდნელად ხელიდან გაუვარდა და ბურთი კარში შევარდა.

საფინალო სასტვენამდე დარჩენილ ხუთ წუთში ხიფათი არც ერთ კართან აღარ შექმნილა.

 

პრესკონფერენცია:

თეიმურაზ ლორია: “ვულოცავ მეტოქეს გამარჯვებას და მადლობა მას ჩვენი გუნდის საკადრისად დაფასებისთვის. უძლიერესი შემადგენლობა დაგვიპირისპირდა და ვფიქრობ, ღირსეული წინააღმდეგობაც გავუწიეთ. მაპატიოს ყველა გუნდმა, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს თასს “დინამო” მოიპოვებს.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო “გურიას” თითოეულ ფეხბურთელს თავგანწირული თამაშისთვის და ჩვენს ერთგულ გულშემატკივრებს”.

დუშან უჰრინი: “შემდგომ ეტაპზე გავედით, მაგრამ თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ. რატომ არ დავაყენე ძირითად შემადგენლობაში ჩისკო და კიდევ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი? რა თქმა უნდა, მათ დასვენების საშუალება მივეცი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ შესუსტებული შემადგენლობით ვითამაშეთ. გუნდში 22 ფეხბურთელი მყავს და შანსი ყველას უნდა მიეცეს.

რაც შეეხება “გურიას”, ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშა. ამ გუნდმა უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე ჩვენმა წინა მეტოქემ. ასე რომ, ველოდებით უმაღლეს ლიგაში”.

 

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:2 (2:1)

10.04. 18:00. თბილისი. “დინამო არენა”. 1500 მაყურებელი

დინამო: ლორია, გ. კვარაცხელია, შაშიაშვილი, მენდი (ჩისკო 86), პაპავა, გლიშიჩი, გრაიციარი, ალვარო, კოტო (სეთურიძე 62), მერებაშვილი (ტატანაშვილი 72), დვალი.

მწვრთნელი: დუშან უჰრინი.

გურია: ძაძამია, მაისაშვილი, თოდუა, ჩუენსუ, სალარიძე, შალამბერიძე, გოგობერიშვილი, დარჩიძე, შენგელია, კვერენჩხილაძე, კაკალაძე.

მწვრთნელი: თეიმურაზ ლორია.

გოლები: 1:0, 2:0 მერებაშვილი (4, 7), 2:1 კაკალაძე (10), 2:2 კვერენჩხილაძე (82), 3:2 ძაძამია (ავტოგოლი 87).

გაფრთხილება: ჩუენსუ (3), მაისაშვილი (33), ძაძამია (40), გოგობერიშვილი (89).

მსაჯი: ჯენერი ხორავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165301