ინტერვიუები

17:59 | 25.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

ყენია ნაწყენია: “20 წუთი ვერ გაიმეტეს ჩემთვის”

“ძალიან გულგატეხილი ვარ. თემურ ქეცბაიასგან ასეთ რამეს არ ველოდი. ჩემი თამაშის სანახავად რამდენიმე გუნდის წარმომადგენელი იყო ჩამოსული: “ლაციო”, “ბაზელი” და თურქული კლუბები. 20 წუთი ვერ გაიმეტა ჩემთვის. რა მოხდებოდა, შეცვლაზე ცოტა ხნით მაინც რომ შევეყვანე? ჩემთვის ძალიან ბევრს წყვეტდა ეს თამაში. აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ და ფეხბურთელებს ჰკითხეთ, როგორ ვიყავი ვარჯიშზე” – ეს ლევან ყენიას სიტყვებია, რომელიც მან “მსოფლიო სპორტთან” ინტერვიუში თქვა.
საუბარი საქართველო-თურქეთის (1:3) მატჩს ეხება, რომელშიც გუნდებს 6-6 შეცვლის უფლება ჰქონდათ, თუმცა ყენია მინდორზე ვერ ვიხილეთ.
დავინტერესდით, ისევ ტრავმამ ხომ არ შეაწუხა ლევანი.
- თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი და თამაში თავისუფლად შემეძლო. არანაირი ტრავმა. უბრალოდ, არ მათამაშა ქეცბაიამ და ძალიან ნაწყენი ვარ. მატჩის წინა დღეს მითხრა, შენ, მგონი, ფეხი გტკივა და ვერ დაგვეხმარებიო. არადა, ხომ ვატყობდი, ასე არ იყო. იმის ნაცვლად, რომ ფსიქოლოგიურად უკეთ მოვემზადებინე, პირიქით გამიკეთა.
- ამაზე რა უთხარით?
- გამიკვირდა, რაც მითხრა. ვერაფერი ვეღარ ვუთხარი. აბსოლუტურად ჯანმრთელი ვიყავი და თამაშიც შემეძლო. თან, ქეცბაიამ იცოდა, რომ ჩემი თამაშის სანახავად რამდენიმე გუნდის წარმომადგენელი უნდა ჩამოსულიყო. ჩამოვიდნენ კიდეც, მაგრამ... რატომ გამიკეთეს ასე, ვერ ვხვდები. 15 წლიდან მოყოლებული, ყველა ნაკრებში თავს ვაკლავდი. შემდეგ, ეროვნულში რომ ვითამაშებდი, მეორე დღეს 19-წლამდელებში ვთამაშობდი. ბევრჯერ გამაყუჩებლებით გავსულვარ მოედანზე. და ახლა, როცა კარიერაში გადამწყვეტი პერიოდი მაქვს და თამაში ჰაერივით მჭირდებოდა, 20 წუთი არ დამითმეს.
- ალბანეთთან გათამაშათ ქეცბაიამ, არადა, მაშინ ვარჯიში ახალი დაწყებული გქონდათ...
- სწორედ ამაშია საქმე. მაშინ შემეძლო გუნდის დახმარება და ახლა არ შემიძლია? ახლა ხომ გაცილებით კარგად ვიყავი. სანამ ავსტრიაში ჩავიდოდი, “შალკეს” 21-წლამდელებში ვითამაშე და ლუქსემბურგთან გოლი გავიტანე. არაფერი მაწუხებს. ფეხბურთელებს ჰკითხეთ, როგორ ვიყავი ვარჯიშზე.
- რომელი გუნდის წარმომადგენლები იყვნენ საქართველო-თურქეთის მატჩზე?
- იტალიის “ლაციოდან”, შვეიცარიის “ბაზელიდან” და კიდევ თურქული გუნდებიდან. უნდა ჩამოსულიყვნენ გერმანიის ბუნდესლიგიდანაც – “აუგსბურგიდან” და “ნიურნბერგიდან”. თუმცა, როცა ქეცბაიამ წინა დღეს მითხრა, ვერ დაგვეხმარებიო, გერმანული კლუბების წარმომადგენლებს დავურეკე და ვუთხარი, ტყუილუბრალოდ ნუღარ ჩამოხვალთ-მეთქი. “ლაციოდან”, “ბაზელიდან” და თურქული კლუბებიდან კი უკვე ჩამოსულები იყვნენ.
- ანუ, “ლაციოდან” სერიოზული დაინტერესება იყო?
- ბოლო დღეებში იყო. ახლა კი, არ ვიცი.
- ჩაიშალა?
- არა. ჯერ არ ჩაშლილა, თუმცა გაცილებით რეალური იქნებოდა, თურქეთთან რომ მეთამაშა. რა დაშავდებოდა? ვაგებდით. მე რომ შევეყვანე, 5:1-ს წავაგებდით? თურმე, ნაკრებს ვერ დავეხმარები. ქეცბაიამ ადრე თქვა, გვსურს, რომ ყენიას გვერდში ამოვუდგეთო. რაში გამოიხატა? მხოლოდ იმაში, რომ უბრალოდ შეკრებაზე წამიყვანა?
- თუმცა, ესეც საქმეა. ნაკრებში დიდი ხანია, არ ყოფილა და გვსურს, ხელი გავუმართოთო, ასე თქვა.
- და არ მათამაშა. როცა თუნდაც 15-20 წუთი ჰაერივით მჭირდებოდა, მაშინ არ მათამაშა. ეს გვერდში დგომა კი არა, გაწირვაა.
- 21-წლამდელთა ნაკრებს 1 ივნისს ბელარუსთან, 5-ში კი ესტონეთთან აქვს თამაში. როდის შეუერთდებით ალექსანდრე ჩივაძის გუნდს?
- უკვე იციან, რომ ამ მატჩებში არ ვითამაშებ. თურმე, ფეხი მტკივა და ნაკრებს ვერ გამოვადგები. ასე მითხრა ქეცბაიამ თამაშის წინა დღეს და 21-წლამდელებს როგორღა გამოვადგები? თორემ კიდევ ვიმეორებ, ერთ დღეს რომ ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობდი, მეორე დღეს 19-წლამდელებში გადავდიოდი. თავი არასოდეს დამიზოგავს და თავს ვაკლავდი. ბევრი რამ გადავიტანე და მადლობა ყველას, ვინც მხარში მედგა და მიდგას. ხალხისგან სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობ და ვიცი, ჩემს მიმართ როგორც არიან განწყობილნი.
- ისევ საკლუბო კარიერაზე. როდის გაირკვევა თქვენი მომავალი გუნდის ვინაობა?
- ვფიქრობ, მალე გახდება ცნობილი. არის ერთი ყველაზე რეალური ვარიანტი, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი. ეს კლუბი “ლაციო” არაა, თუმცა როგორც უკვე ვთქვი, “ლაციოს” ვარიანტიც არაა ჩაშლილი. სანამ ახალი გუნდის საკითხი არ გადაწყდება, ჩემთვის ინდივიდუალურად ვივარჯიშებ.
 

 

ილია ნანობაშვილი
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164043