გახსოვთ ჩარლზ ბარკლი? ან კი, რა დაგავიწყებდათ - სადაც კალათბურთის მიმართ ინტერესია, იქ სერ ჩარლზს დავიწყება არ ემუქრება და გარდა ამისა, იგი თავადაც უკაცრავად გახლავთ ჩრდილში ყოფნაზე...
ინფორმირებული ხალხისთვის არახალია: ბარკლი რამდენიმე წელიწადია, სპორტის მიმართ კეთილგანწყობილი ამერიკული არხის, TNT-ს ანალიტიკოსი და მიმომხილველია. გემახსოვრებათ ისიც, რომ NBA-ს ყოფილი ვარსკვლავი მოთამაშეობისას, ცოტა არ იყოს, მოხულიგნო შთაბეჭდილებას ტოვებდა და აქედან გამომდინარე, ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ კარიერას ჟურნალისტიკაში გააგრძელებდა, მაგრამ...
გააგრძელა და როგორ: საკმარისია, ფეხი სადმე გადაადგას, მოუსვენარი პაპარაცები იქ დაუხვდებიან და ამა თუ იმ გაზეთის ყვითელ გვერდებს მორიგი ვარაუდებით აჭრელებენ. ამჯერად, ჭორი ბარკლის TNT-დან NBჩ-ში გადაბირებას ეხებოდა და ამის საფუძვლად სერ ჩარლზის გრეგ ჰიუზთან და მარკ ლაზარუსთან ერთად სადილობა მიიჩნიეს.
არადა, აღმოჩნდა, რომ სამეულს წლების განმავლობაში ნაცადი მეგობრობა აკავშირებს და ის სადილიც მორიგი მეგობრული „განავარდება“ ყოფილა და სხვა არაფერი.
„ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა, ბარკლის TNT-სთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს და აქედან გამომდინარე, ცნობები მისი სადმე სხვაგან გადასვლის შესახებ ნამეტნავად გაზვიადებულიაო“, - ჭორს სხვებზე ადრე „ნიუ იორკ პოსტი“ გამოეხმაურა და ამით ხმაურიც ჩაცხრა.
ამასობაში უკვე გადაწყვიტა და ძალიან მალე ყინულს დატოვებს ანჟელა რაგიერო, რომელიც ქალთა ჰოკეის სამყაროში მეტად უცნაური მეტსახელით იცნობენ - „ფეტისოვი კაბაში“.
ცნობისათვის, ვიაჩესლავ ფეტისოვი საბჭოური ეპოქის უდიდეს მცველთაგანი და დიდი პროტესტანტი გახლდათ. სსრკ-ის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს კაპიტანი ერთ-ერთ პირველთაგანი გაექცა ნგრევის გზაზე დამდგარ სისტემას, NHL-ის გამორჩეულ მცველადაც იქცა და სტენლის თასიც ჩამოუბრძანა მოსკოველებს.
მოგვიანებით, რუსეთის სპორტის მინისტრის სტატუსით საქართველოსაც ეწვია და მისი ჩამოტანილი ტატამები, სავარაუდოდ, დღესაც ამშვენებს რომელიმე ქართულ დარბაზს.
რიგეიროს ქალს რაც შეეხება, ჰოკეისთვის გაფურჩქვნის ხანაში (32 წლისაა) კია, მაგრამ ყვანჯზე სერიოზულად ასცრუებია გული და აჰა, მიდის...
მიზეზი არ გაინტერესებთ? ჟურნალისტები - აქაოდა, მაგათ ქალთა ჰოკეი ისევე აინტერესებთ, როგორც მანჯურიის ლაქაშები და ყვანჯს რომ ვიქნევ, რისთვის ან ვისთვისო...
აღმოჩნდა, რომ ცოტათი უკეთესი მდგომარეობაა კანადაში, მაგრამ „ფეტისოვი კაბაში“ ამერიკელია და მისი გულისწყრომაც გასაგებია. ასეა თუ ისე, ქალი ნომერ პირველი ამერიკელი მცველის ტიტულს ატარებს და ბუნებრივია, წასვლის ხანს მაინც დააფასა მასმედიამ - რამდენიმე გულისამაჩუყებელი სტატიაც მიუძღვნეს და გაეტირნენ კიდეც (როგორც წესი და კანონი მოითხოვს).
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, რიგეიროს ქალი სიმი ველიში, კალიფორნიის სამხრეთში დაბადებულა. იმ დროს კალიფორნიული, კერძოდ კი ლოსანჯელესური „კინგზი“ უკვე გამოდიოდა NHL-ში, მაგრამ სანახევროდ ცარიელი ტრიბუნების წინ უხდებოდა თამაში. ეს არც არის გასაკვირი - კალიფორნიაში ხომ ყინული მანამდე მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში ახსენდებოდათ - როცა კოქტეილს ამზადებდნენ...
და მაინც, კალიფორნიელთა მიერ მოძულებული ყინული დაიძრა - 1988 წლის 9 აგვისტოს, როცა „ედმონტონ ოილერზსა“ და „კინგზს“ შორის გარიგება შედგა და ლოს ანჯელესში მეფე - უეინ გრეცკი მივიდა. მერე ყველაფერი მარტივად განვითარდა - სამხრეთული მზის ქვეშ ჰოკეის ბუმი დაიწყო და ანჯელა რიგეირო და მისი ძმა ბილიც მაშინ „დაავადდნენ“.
ბავშვებმა იმდენი იძალეს, მშობლებმა მანამდელი საცხოვრებელი მიატოვეს და ახალ ინგლისში გადასახლდნენ - იქ ჰოკეის თავიდანვე სათანადო პატივს მიაგებდნენ.
16 წლისა ანჯელა ამერიკის ეროვნულ ნაკრებში მოხვდა, 1998-ში კი ყველაზე ახალგაზრდა, 18 წლის იყო თანაგუნდელებს შორის - მაშინ ამერიკამ ნაგანოს ზამთრის ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. გარდა ამისა, ანჯელა რიგეიროს აქტივშია სოლტ ლეიკ სიტისა (2002) და ვანკუვერის (2010) ვერცხლი და ტურინის (2006) - ბრინჯაო. გარდა ამისა, მონაწილეობდა ათ მსოფლიო ჩემპიონატში.
„კაბიან ფეტისოვს“ ერთი უცნაური რეკორდიც ეკუთვნის - 2005 წლის 28 იანვარს „ტალსა ოილერზის“ შემადგენლობაში გამოსრიალდა და რეკორდის უცნაურობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ის, „ტალსა ოილერზი“ კაცების გუნდი იყო.
მიდის ყინულის დედოფალი, მაგრამ როგორც იმუქრება, ჰოკეის უმისობას ნამდვილად არ დაატყობს - მას ფინანსური რესურსების მოძიება და ყვანჯიანი ქალების სპორტის პოპულარიზაცია დაუსახავს მიზნად. ამ მიზნით, რუსებსა და ჩეხებს უკვე ვესაუბრე და ზოგადად, საქმის კეთებას იმ ქვეყნებიდან დავიწყებ, სადაც ჰოკეი ნაციონალური სახეობააო.
და კიდევ: ანჯელა რიგეირო მეტისმეტად აღრენილია კანადელ კოლეგებზე - მარტო მოგება არ ჰყოფნით, გააქვთ და გააქვთ და ამით ცუდ სამსახურს უწევენ ქალთა ჰოკეის. ლოგიკა? ასეთი ანგარიშების საფუძველზე რამდენიმე გავლენიან ოლიმპიურ მოღვაწეს მიაჩნია, რომ ყვანჯიან ქალებს ოლიმპიადებზე არაფერი ესაქმებათ.
„წავედი, მაგრამ ვრჩები - ადრე მხოლოდ კონკრეტული გუნდის ზონას ვიცავდი, ამიერიდან კი მთლიანად ქალთა ჰოკეის დაცვას ვაპირებ“, - განაცხადა ანჯელა რიბეირომ და ეგ ისეთი ვინმე ჩანს, ყვანჯიანიც და უყვანჯოც გასატანს ყველგან გაიტანს.
მოამზადა კონსტანტინე გოგიშვილმა









